ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დილიდან რიგებია. ზუგდიდიდან გალში მიმავალ დევნილებს ნავაჭრი ტვირთის გადატანის საშუალება არ მისცეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელები გუშინ ჩაიკეტა.
გადასასვლელებით, ძირითადად, სარგებლობდნენ მოსწავლეები, რომლებიც ზუგდიდის ქართულენოვან სკოლებში სწავლობენ, ასევე ავადმყოფები და მოქალაქეები, რომლებიც ნათესავების მოსანახულებლად მიდიან.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს.
საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა. საკითხი გალის მოლაპარაკებების ფარგლებშიც განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტებიც დახურეს.