ტელეკომპანია „სი-ბი-ეს"-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ევროპისთვის მთავარ საშიშროებას რუსეთთან ცივი ომი წარმოადგენს.
„თუ რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთს ჩავახუტებთ, ეს იქნება ევროპის ნამდვილი საფრთხე", - ამბობს ლე პენი.
ლე პენმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს არ ჩაუდენია არაფერი ისეთი, რის გამოც მას „მკვლელი" შეიძლება ვუწოდოთ, როგორც ის „ფოქს ნიუს"-ის ჟურნალისტმა ბილ ო რაილიმ მოიხსენია.
"ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას,რომ რუსეთის სახელმწიფოს მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტით აღფრთოვანებული არ არის.
„მე როკკონცერტზე მყოფი ფანატი არ ვარ, მე დიდებული ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ვარ. რაც მე მაინტერესებს ეს საფრანგეთის ინტერესებია", - განაცხადა ლე პენმა.
მარინ ლე პენი "ნაციონალურ ფრონტს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. პოლიტიკოსს ევროპარლამენტში იმუნიტეტი 2013 წელსაც მოუხსნეს. მაშინ პარლამენტარები მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილ-მაისში იგეგმება. ლე პენის გარდა, არჩევნებში მემარჯვენე პარტიის, "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიონი და მოძრაობის "წინ" ლიდერი ემანუელ მარკონი მონაწილეობენ.