ხშირად კითხულობენ - რამ გადაგვარჩინა?, რა იმპულსებმა მოიყვანა ჩვენამდე საქართველო, ქვეყანა, რომელმაც ცივილიზაციათა მარათონში ექვსნახევარი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა თვიმყოფადობა?
ამ პროცესს, გარდა რამდენიმე გამორჩეული მიზეზისა - გეოგრაფიული მდებარეობისა და რკინის საბრძოლო იარაღისა, კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებდა - ეროვნული ფასეულობები და ეროვნული იმპულსები იყო ის ამოსავალი, რომლის ერთგულებამაც იხსნა ჩვენი ქვეყანა გადაშენებისგან. ქვეყნის მართვის ასეთი პოლიტიკური კონცეფცია არაერთ მეფეს ჰქონია, თუმცა, მათგან იმერეთის მეფე სოლომონ პირველი მართლაც გამორჩეულია...
როგორ ჩაიბარა სოლომონმა უდედაქალაქო სამეფო
სოლომონ პირველმა უდიდესი კვალი დააჩნია ქართველთა სულიერებისა და ფიზიკური არსებობის გადარჩენის საქმეს. მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული იმერეთის სამეფო ტახტიდან ის კარგად ხედავდა იმ სატკივარს, რაც მის თანამედროვე საქართველოს სჭირდა. ფეოდალურმა კარჩაკეტილობამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ის ქვეყანა, რომელიც რამდენიმე საუკუნით ადრე მსოფლიო პოლიტიკური მოდის კანონმდებელი გახლდათ.
და ამ რეალობისას სოლომონი უპირისპირდება სამ კონტინენტზე გადაჭიმულ უზარმაზარ ოსმანთა იმპერიას. ეს ურთულესი გამოწვევაა, გამოწვევა, რომელიც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის.
ბრძოლის სიმძაფრეს კიდევ უფრო ნათელს ხდიდა ის უმძიმესი მემკვიდრეობა სოლომონს რომ ერგო. ის არ ყოფილა ბედის რჩეული, ის არ გაუნებივრებია ცხოვრებას.
საცნაურია, რომ სოლომონი ტახტზე ადის ისე, რომ მის სამეფოში არ არსებობს ქალაქი, საქართველოს მშვენებას ქუთაისს ამ დროს თურქები განაგებენ სრულად, ეს ის დროა, როცა განსაკუთრებით მძაფრია დასავლეთ საქართველოს გათურქების პროცესი, ბუნებრივია ამ პროცესს ვერც ქუთაისი ემიჯნება.
ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ მეთვრამეტე საუკუნის შუახნებისთვის ამ ქალაქში ქართველი მოსახლეობა თითქმის აღარაა. რაც შეეხება თურქებს, მათი რაოდენობა ქუთაისში ხუთას კომლს აღემატება. თურქები სრულად განაგებენ ქალაქის კომუნიკაციებს, შიდა ციხეს, ქალაქში მოქმედებს მეჩეთიც.
როგორ აურია სოლომონმა დავთრები ოსმალეთის იმპერიას
და ამ უმძიმეს რეალობაში კიდევ უფრო ამძიმებდა ქართველთა ყოფას ტყვეებით ვაჭრობა, საიდანაც ოსმალებსა და მათთან შეკრულ ქართველ ფეოდალებს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდათ.
სწორედ ეს მემკვიდრეობა არგუნა 17 წლის სოლომონს განგებამ 1752 წელს, ტახტზე ასვლისას. საგულისხმოა, რომ ოსმალეთის იმპერიას სურდა დასავლეთ საქართველოს გათურქება შეუქცევად პროცესად ექცია. მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ამ რეალობას თითქოს წინ არაფერი ედგა და უცებ ასპარეზზე გამოდის სოლომონ პირველი, რომელმაც დავთრები აურია თურქებს.
ტახტზე ასვლის პირველივე დღიდან ჭაბუკი მეფე აშკარად დაუპირისპირდა ამ უკეთურებას, რომელიც არა მარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ მთლიანად ანგრევდა იმ სოციალურ ნიადაგს, მყარად რომ ეფუძნებოდა ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობა საუკუნეების განმავლობაში.
ბუნებრივია, საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ტყვეთა სყიდვის ტრადიცია იმერეთის სამეფოში, რა სოციალური და პოლიტიკური წანამძღვრები გააჩნდა ამ უმძიმეს ყოფით მოვლენას.
ამბავი ღვთისაგან დაწყევლილი "ქაჯთა ქვეყნისა"
ეს ის დროა, როცა აღარ იკვებებოდა საქართველო ერთიანობის იმპულსებით, 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემამ საქართველო მსოფლიო რანგის ქვეყნიდან რეგიონალური მნიშვნელობის გეოგრაფიულ არეალად აქცია. საკუთარ სივრცეში ჩაკეტილი ყოფა დამანგრეველი აღმოჩნდა იმ უდიდესი კულტურისათვის, ათეულობოთ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაციის ნოვაციებით რომ იკვებებოდა.
ამიტომაც იყო კანონზომიერი ის უმძიმესი ფონი, რაშიც იმერეთის სამეფო აღმოჩნდა. საცნაურია, რომ აქ 1660-1701 წლებში ტახტიდან ჩვიდმეტი მეფე ჩამოაგდეს, რომელთაგან ცამეტი გააძევეს, ოთხი კი მოკლეს.
მარტო არჩილის ისტორია იკმარებს იმის გასაცნობიერებლად, რა ქაოსი სუფევდა აქ - ის ხუთჯერ დასვეს მეფედ და ხუთჯერვე ჩამოაგდეს. სწორედ რუსეთს გადახვეწილმა არჩილმა უწოდა იმერეთის სამეფოს "ღვთისაგან დაწყევლილი ქაჯთა ქვეყანა".
როგორ ჩაიგდო ხელში ოსმალთა იმპერიამ დაქუცმაცებული დასავლეთ საქართველო
შიდააშლილობამ თავისი ქნა - თურქეთის იმპერია, სამ კონტინენტზე რომ იყო გადაჭიმული, ადვილად მოეძალა დასავლეთ საქართველოს, ეს ტერიტორიები ხომ მისი მუდმივი ინტერესის საგანი გახლდათ და აბა უკეთეს დროს მის ხელში ჩასაგდებად როდის ნახავდა?!
ასე დაეუფლა ქართველთაგან ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილ ქვეყანას ოტომანთა იმპერია. იმერეთში იწყება თურქთა ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი. დასავლეთ საქართველოს ყველა მთავარ ციხეში ოსმალო დგას, აქედან უფრო იოლია ვითარების კონტროლი.
ეს პროცესი განსაკუთრებულად გამწვავდა სოლომონ პირველის მამის ალექსანდრე მეხუთის დროს. თურქისთვის ხარკია მისაცემი, ხაზინაში აბა საიდან უნდა იყოს ფული - ჩაკეტილი სივრცე კლასიკურ ფეოდალურ სტაგნაციას განიცდის. ვაჭრობა ფაქტობრივად ჩამკვდარია, ან კი ვინ რა უნდა გაიტანონ იმერეთის სამეფოდან სხვა ქვეყანა რომ დააინტერესოს?! არადა, ოსმალო ხარკს თხოულობს.
და ასე იწყება საშინელი რეალობა, საფრთხის წინაშე რომ დააყენა ის სოციალური სტრუქტურა, საქართველოს მენტალური და ფიზიკური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი რომ იყო ყოველთვის.
ამბავი იმერთა მეფე ალექსანდრეს პოლიტიკური და სოციალური ვა-ბანკისა
მეფე ალექსანდრე ურთულეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, სამეფო სალარო ცარიელია, ხონთქარი არაფერს თმობს, ის იძულებულია გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ ადამიანთა ფიზიკური არსებობის შენარჩუნებითაა ნაკარნახევი, არადა ეს ნაბიჯი მთლიანად ანგრევს ტრადიციულ ქართულ მენტალიტეტს.
თურქს ეს უფრო აწყობს, მტერს კარგად ჰქონდა შესწავლილი ის რეალობა, რაც მისთვის სასურველ პოლიტიკურ სივრცეში სუფევდა. თურქეთის იმპერია ტრადიციულად ხედავდა რა იყო მთავარი წინაღობა, როგორ უშლიდა ხელს ის საოცარი ერთაინობა სოციალურად განსხვავებულ ფენებს შორის რომ იყო საქართველოში. გათიშე და იბატონე - ეს რომაული მმართველობის წესი ამჯერად სულ სხვა ფორმატსა და სივრცეში ამუშავდა.
ალექსდანდრე მეხუთე არჩევანს არა ქვეყნის, არამედ საკუთარი თავის გადარჩენაზე აკეთებს, შემზარავი ვერდიქტი გამოაქვს - ხარკის გადასახდელად ფულის შოვნის ერთადერთი შანსი ტყვეთა სყიდვაა, თურქეთის იმპერიასთან ფინანსური ვალდებულებები მხოლოდ ამ გზით შეიძლება იქნეს გასტუმრებული.
მეფემ კარგად უწყის რას ნიშნავს ეს. ეს ფაქტობრივად იმ ტოტის მოჭრაა, საუკუნეების განმავლობაში სოციალური ფენებისგან საფრხეს რომ არიდებდა საქართველოს სამეფო კარს. სწორედ ამ მენტალური ერთიანობის გამოა, რომ ბაგრატიონთა სამეფო დინასტია მსოფლიოში ერთადერთია, საკუთარი ხალხი რომ არ აჯანყებია.
არადა, ახლა სულ სხვა რამ ხდება, სულ სხვა პროცესები მწიფდება - ახლა მეფე გარეულ მტერთან ერთად შინაურ მტერსაც იჩენს...
ეს პოლიტიკური ვა-ბანკია, რომელსაც მხოლოდ ერთი დასასრული აქვს - საქართველოს მენტალური და ფიზიკური მოსპობა. როგორც ჩანს სული ტკბილია, არ არის გასაკვირი რომ ნამეტანი ეტკბილა სული ალექსანდრესაც, თუმცა, ის იმაზეც იწყებს ფიქრს, როგორ დასძლიოს ეს უმძიმესი მდგომარეობა.
როგორ აღმოჩნდა ალექსანდრესთვის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი იმედი სოლომონი
ალექსანდრეს იმედად შვილებიღა რჩება - უფროსმა ვაჟმა იოსებმა სასულიერო გზა აირჩია, უმცროსს არჩილს ნამეტნავად ფიცხი ხასიათის ჰქონდა და მისი სიფიცხე შესაძლოა ქვეყანას სასიკეთოდ არ წასდგომოდა, შუათანა კი...
შუათანა სოლომონი გახლდათ, გონიერებით ყველასგან გამორჩეული, დინჯი, უშიში და გულისხმიერი. სამეფოდ სწორედ ის შეარჩია, თუმცა, მოღალატეს რა დალევდა ქვეყნად - ალექსანდრესაც ეშინია ოსმალებმა არ მომიკლანო და მამაწმინდაში აზნაურ მესხის ოჯახში მალავს.
სწორედ აქ მამაწმინდაში ეცნობა სოლომონი იმ მძიმე სურათს, რაც მისი ქვეყნის თავს დიდ შავ კუნაპეტ ღრუბელად მომდგარიყო. პირველად აქ გააცნობიერა ის სულიერი ტკივილი, მისი თანატოლების ტყვედ მოტაცებამ რომ დაუტოვა. შემზარავი სანახავი გახლდათ შვილმოტაცებულ მშობელთა გოდება, მთელს სოფელს თავზარს სცემდა მათი ვარამი. ყველა გლოვობდა, რადგანაც არავინ უწყოდა, ხვალ რას უმზადებდა ბედი მის შვილს.
სწორედ აქ, ამ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ფონზე უყალიბდება სოლომონს უმძაფრესი პროტესტის გრძნობა ტყვეთა სყიდვის მიმართ, უყალიბდება გლეხებისადმი თანაგრძნობის განცდაც, ალბათ ამიტომაც ქვეცნობიერად უარს ამბობს ფუფუნებაზე, ალბათ ამიტომაც იცვამს მეფურ სამოსს იშვიათად. ის რუხი მაუდის ჩოხას ატარებს და რიგით მოლაშქრისაგან არაფრით განირჩევა.
უბრალოება და თავმდაბალობა ხასიათის ის თვისება გახლდათ, სიცოცხლის ბოლომდე რომ შეინარჩუნა სოლომონმა. ხალხში ისე გაერეოდა, მის ამოცნობას ვერავინ ახერხებდა.
როგორ უწია მეფე ალექსანდრეს ხახულის ხატის რისხვამ
ამასობაში მამამისი ალექსანდრე კიდევ უფრო უმძიმეს სიტუაციაშია. ტყვეთა სყიდვისგან შემოსული თანხა აღარ ყოფნის თურქების ხარკის გასტუმრებას და ისევ თავის გადარჩენის ინსტიქტი მძლავრობს - გელათში დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს ძარცვავს და სალაშქროდ აჯაგრული ხონთქარის დაშოშმინებას მხოლოდ ასე ახერხებს. ხონთქარი კი დააშოშმინა, მაგრამ ხატმა მოჰკითხა ცოდვა მეფეს - ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ რამდენიმე დღეში ორივე თვალი დავსებია ალექსანდრეს. ასეთ მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში სულ რამდენიმე კვირა ყოფილა და მალე გარდაცვლილა.
ეს 1752 წელს ხდება. ამ წელს ადის ტახტზე 17 წლის სოლომონი.
რატომ დაამხეს სოლომონ პირველი გამეფებისთანავე
ჭაბუკი მეფე შეუვალი და მკაცრია - ის დასავლეთ საქართველოს გაერთიანებასა და ოსმალეთის ბატონობისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად, ურჩი და ძლიერი თავადების დამორჩილება კი ამ გზაზე მთავარი წინაღობაა.
პირველი, რაც სოლომონმა ბრძანა, ტყვეთა სყიდვის გაუქმება იყო. დაუმორჩილებლებს მკაცრი სასჯელი, სიკვდილი ელოდათ. ამან განსაკუთრებულად გააღიზიანა ფეოდალები, რომელთათვის ტყვეთა სყიდვა თავის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო.
სოლომონის არჩეული პოლიტიკური გეზი ცალსახად ისახავდა ქართული ტრადიციული სოციალური ურთიერთობების აღდგენას, სადაც გლეხისთვის ბატონი მტერი კი არა, პატრონი იყო. არაერთ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული ეს სოციალური ურთიერთობები არა ბატონყმობის, არამედ პატრონყმობის სახელით.
ვის უნდა დაყრდნობოდა სოლომონი ამ მძიმე ბრძოლისას? ბუნებრივია, არჩევანი ცალსახა იყო - ის ხალხი უნდა დაეყენებინა გვერდით, რომელთაც საკუთარ თავზე იწვნიეს ამ ახალი სოციალური მოვლენის სიმახინჯე.
და იწყება ბრძოლა, ბრძოლა საკვირველი - ახალნაკურთხ სოლომონს იმავე წელს აუჯანყდნენ და ტახტიდან ჩამოაგდეს. ყველაზე საცნაური კი ის იყო, რომ შეთქმულნი არა მარტო უცხო ფეოდალები, თავად სოლომონის ოჯახის წევრები იყვნენ. საკუთარი ბაბუა, დედის მამა ლევან აბაშიძე, დედამისი თამარ აბაშიძე, მეფე ალექსანდრეს ორი უმცროსი ძმა - მამუკა და გიორგი ბატონიშვილები...
ეს უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა ნებისმიერისთვის, ბუნებრივია სოლომონი არაა გამონაკლისი, თუმცა, საცნაურია ის, რომ ამ განდგომას ჭაბუკი მეფე არ გაუბოროტებია, მას არ მოუძულებია საკუთარი სისხლი და ხორცი.
ხრესილის ბრძოლამდე ხუთი წელი რჩება...