საქართველოს სხვადასხვა ეპოქაში არაერთი სახელოვანი მხედართმთავარი ჰყოლია, რომელთა ნიჭი და სიმამაცე საქვეყნოდ იყო ცნობილი, მათ შორის არიან - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და გენერალი გიორგი კვინიტაძე.
რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში ვერ აღვწერთ თუ რა დამსახურება მიუძღვით მათ სამშობლოს წინაშე, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებთ, თუ როგორ იცავდნენ ისინი თბილისს 1921 წლის თებერვალში.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გიორგი მაზნიაშვილმა მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დაკარგული თავისუფლებისათვის ბრძოლას შეალია. საბჭოთა ხელისუფლებამ მას სამჯერ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა.
მართალი იგი ამ სასჯელს ორჯერ გადაურჩა, მაგრამ მესამედ განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი და 1937 წლის სექტემბერში "ტროიკის" საბოლოო გადაწყვეტილებით გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დახვრიტეს.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი
მისი სამხედრო კარიერა კი ასე დაიწყო: თბილისში სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, რუსეთის მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. პირველი საბრძოლო ნათლობა რუსეთ-იაპონიის ომში მიიღო; ქართველი მებრძოლის მამაცობა გაუგია რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს, რომელმაც გიორგი მაზნიაშვილი წმინდა გიორგის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოში კი დაბრუნდა გენერლის ჩინით და ორი ეროვნული დივიზიაც შექმნა.
1918 წელს გენარლ მაზნიაშვილს კავკასიის კომისარიატმა თბილისის დაცვა დაავალა. 1918 წლის ივნისში ჟორდანიას მთავრობამ იგი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნა. 1919 წელს ახალციხე- ახალქალაქის გენერალ გუბერნატორი ხდება. 1920 წელს ინიშნება თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წელის 18-24 თებერვალს იგი ინიშნება სოღანლუღი-შავნაბადას მიმართულების სარდლად.
სწორედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში მყოფმა ბატალიონმა სასტიკად გაანადგურა ფონიჭალაში მე-11 არმიის მოწინავე ნაწილები. ეს იყო ქართული არმიის პირველი დიდი გამარჯვება. გიორგი მაზნიაშვილი იყო, ვინც ემიგრაციაში მიმავალი საქართვენლოს მთავრობა თბილისიდან გაიყვანა და ბათუმამდე ჩააცილა, მაგრამ ემიგრაციაში არ გაჰყვა.
თავად გენერალი გიორგი მაზნიაშვილი კი ასე იხსენებდა თავის მოგონებებში 1921 წლის თებერვლის ქარცეცხლიან დღეებს:
"უკვე ენკენისთვეში სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც წარუდგინა მთავრობის თავმჯდომარეს. ეს მოხსენება ამბობდა, რომ ბაქოში დგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წამოსვლა.
"ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში, საინფორმაციო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა, ჩემი თხოვნით დაათვალიერა ტფილისის აღმოსავლეთის საზღვრები და შეადგინა გეგმა ტფილისის მიდამოებში დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად, სახელდობრ საქართველოდან, ფოილოს ხიდის რაიონში და სამხრეთ-აღმოსავლეთით, იალღუჯის მაღლობებზე.
"ხარჯთაღრიცხვით, ამ საქმისთვის საჭირო იყო 300 ათასი ოქროს მანეთი. ეს გეგმა ხარჯთაღრიცხვით და ჩემი განმარტებითი მოხსენებით წარვუდგინე სამხედრო მინისტრს, ვთხოვე, საჩქაროდ მიეცათ საჭირო თანხა საინჟინრო უწყებისთვის, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა.
"12 თებერვალს ღამის 1 საათზე დამიბარეს სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში, იმ დროს იქ იყო მთავარი შტაბის ყველა წევრი, სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრები. იქ დამსწრეთაგან გავიგე, რომ იმ ღამეს სადახლოს რაიონში დაბანაკებულ ჩვენს ჯარებს მტერი თავს დაესხა.
"ჩვენს მარჯვენა ფლანგზე თავდასხმას შედეგად ის მოჰყვა, რომ სადახლოს რაიონი მტრის ხელში გადავიდა და ტფილისისკენ გზა გაიხსნა.
"13 თებერვალს მტრის მოძრაობა დაიწყო ჩვენს შუაგულ ადგილშიც - წითელ ხიდთან. ჩვენს მარცხენა ფრთაზე, რომელიც მთლიანად გაშლილ ველზე იდგა, გვყავდა ერთი ქვეითი ათასეული და სანაპირო ჯარის ნაწილები, ხოლო სადგურ ფოილოზე ხიდის დასაცავად მე-8 ქვეითი ათასეული იყო დაბანაკებული.
"14 თებერვალს, მთავრობის დადგენილებით, მთავარსარდალი ოდიშელიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მის ადგილას გენერალი კვინიტიძე დაინიშნა.
"15 თებერვალს მე დავბანაკდი სოღალუღთან სადარაჯო ლეგიონის ორი ასეულით. მთავარსარდალმა ტფილისის მიდამოების დასაცავად გამაგზავნა ტაბახმელა-ორხევთის გზაზე და დამპირდა, რომ ჩემს განკარგულებაში გამოაგზავნიდა პირველ რიგში ყველა იმ ნაწილს, რომლებიც იმ დღეებში უნდა მოსულიყვნენ ტფილისში დასავლეთიდან.
"მართლაც იმავე დღეს, საღამოს გორიდან და ხაშურიდან ტფილისში ჩამოვიდა გვარდიის ორი ათასეული, რომელიც ჩემს განკარულებაში გამოიგზავნა.
"16 თებარვალს, გამთენიისას, ჩვენი მოწინავე რაზმები, რომელთაც მთავარსარდალი დახვდა სადგურ სოღანლუღში, ტფილისში მოვიდნენ.
"18 თებარვალს საღამოს 10 საათზე, მტრის საკმაოდ დიდმა კოლონამ იალღუჯის მაღლობებს შემოუარა. მტკვრის მარჯვენა ნაპირით და ჩვენკენ წამოვიდა იერიშით.
"მტრის ჯარების უფროსებს, ცხადია მიზნად ჰქონდათ დასახული, ღამით დასცემოდნენ ჩემს პოზიციებს, ჩაეგდოთ ხელში სოღანლუღის ხიდი, სადგური და გზატკეცილი, რომელიც მიდის ტფილისისაკენ და ამ გზით შემოჭრილიყვნენ ტფილისში. ტფილისში მთელ იმ ღამეს შეუწყვეტელი პანიკა იყო, არავინ იცოდა, რა ხდებოდა ფრონტზე.
"ფრონტის მდგომარეობა 24 თებერვალს ასეთი იყო. მოწინააღმდეგის იერიშები ყველა რაიონში მოიგერიეს და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი დღის ბრძოლით დაქანცული მოწინააღმდეგე, ღამის იერიშებს არ მოახდენდა.
"ხოლო დილით, რამდენადაც მოწინააღმდეგე მთის გაშლილ ფერდობზე და ხევებში იდგა, ჩვენ კარგად მოწყობილი პოზიციების პირდაპირ, იძულებული გახდებოდა ან იარაღი აეყარა, ანდა თუ ვინცობაა უკან დაიხევდა; მთლად გაწყდებოდა.
"ღამის 11 საათსა და 23 წუთზე, მოულოდნელად მიხმეს პირდაპირ მავთულთან და გადმომცეს მთავარსარდლის ბრძანება, ტფილისიდან მცხეთაში უკან დახევის შესახებ. რა მოხდა? რაში იყო საქმე? ტფილისის დაცვა, ასეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე აჩქარებით, ვერაფრით ამეხსნა..." - წერდა თავის მოგონებებში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.
გენერალი გიორგი კვინიტაძე
თბილისის კადეტთა კორპუსისა და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებლის შემდეგ გიორგი კვინიტაძემ სამხედრო სამსახური დაიწყო. მსახურობდა პოლონეთში, იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1920 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია. სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში.
1916 წელს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა კავკასიის ახალდშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად.
1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამშობლოში დაბრუნდა. 1918 წელს ამერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით, კვინიტაძე, საქართველოს რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა. შემდეგ 1918-1921 წლებში იგი არაერთხელ იყო საქართველოს შეირაღებული ძალების სარდალი.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გენერალმა კვინიტაძემ უდიდესი როლი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებასა და გაწვრთნაში. მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში იუნკერთა სამხედრო სკოლა, რომლის პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. იგი ახალგაზრდა იუნკრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.
ამ პერიოდში მისი ხელფასი იყო 9 ათასი მანეთი და იმდენად უჭირდა, რომ ტრამვაითაც ვერ მგზავრობდა და ლექციების წასაკითხად სკოლაში ფეხით მიდიოდა დღეში ორჯერ, დილა- საღამოს მესანგრეთა ქუჩიდან პლეხანოვის გამზირზე მდებარე იუნკერთა სკოლაში.
თბილისის დაცვისას, ქართულ არმიაში იუნკრები ერთადერთი ნაწილი იყო, ვინც ბრძოლის დროს უკან არ დაიხია, ასეთი გასაოცარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ იუნკრები სხვა ქართული ნაწილებისაგან რკინის დისციპლინით, და მაღალი სამხედრო მომზადების დონით გამოირჩეოდა, რაც გენერალ კვინიტიძის დამსახურება იყო.
1921 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის თავდაცვისთვის სპეციალური ფონდი შექმნა, კვინიტიძემ და მისმა მეუღლემ მარიამ მაყაშვილმა ფონდში უკანასკნელი 4 ვერცხლის კოვზი ჩააბარაო.
1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკებმა საქართველოს შემოუტიეს, ამ მძიმე ვითარებაში ნოე ჟორდანიამ გენერალ გიორგი კვინიტაძეს დახმარება სთხოვა.
ამ დროს იგი ავად ყოფილა, მაღალი სიცხე ჰქონია და მძიმე ტკივილებისაგან იტანჯებოდა. მაგრამ როგორც კი მას 15 თებერვლის საღამოს ტელეფონზე ეროვნული გვარდიის უფროსმა დაურეკა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა სთხოვა, სადაც მთავრობის საგანგებო თათბირი იმართებოდა, მაშინვე გაემართა მთავრობის წევრებთან შესახვედრად.
თათბირზე შეიტყო კვინიტაძემ, რომ საჭირო იყო თბილისის დაცვის სასწრაფოდ ორგანიზება, მტერი უკვე დედაქალქს უახლოვდებოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარსარდლის თანამდებობაზე კი იგი ინიშნებოდა.
"თებერვლის შუა რიცხვებში, ჩემს ბინაში ტელეფონი აწკრიალდა, გენერალი გედევანიშვილი მიხმობდა. აი მისი სიტყვები: მთავრობის თავმჯდომარე გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაიღოთ მსხვერპლი და დაეხმაროთ სამშობლოს. მე შვაწყვეტინე სიტყვა - არ ღირს და ახლავე კაბინეტში გეახლებით მეთქი.
"მე და გედევანიშვილი მთავრობის თავმჯდომარესთან, ნოე ჟორდანიასთან გავემართეთ, ჟორდანიამ მითხრა, ჩინებულ სტარტეგოსად მიმაჩნიხართ და მინდა ჩემი თხოვნა გაითვალისწინოთო" - იხსენებდა გიორგი კვინიტაძე.
გენერალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად დაჰყო. პირველი სექტორი სოფელ კოჯრიდან-თელეთის მიმართულებით გადიოდა. მეორე სექტორი სოღანლუღის რაიონში, რომელიც თელეთიდან მდინარე მტკვრამდე გადიოდა. ამ ხაზს არმიის სამი ქვეითი პოლკი გვარდიის 5 ბატალიონი და ჯავშანმატარებელი იცავდა. ბოლშევიკებთან საბრძოლველად თბილისში მობილიზაცია გამოცხადდა.
"თანახმად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს დადგენილებისა გამოცხადებულია მობილიზაცია რესპუბლიკის ყველა მოქალაქისა, 40 წლამდის. მობილიზაციის პირველ დღედ დანიშნულია 21 თებერვალი, ამიტომ აღნიშნული წლოვანების მცხოვრებნი ქალაქ ტფილისში უნდა გამოცხადდნენ 21 თებერვლის დილის 9 საათზე. ტფილისის სამხედრო აღრიცხვის სამმართველოში მობილიზაცია გაგრძელდება 22 თებარვლის საღამოს 5 საათამდე", - ნათქვამი იყო ტფილისის ქალაქის გამგეობის განცხადებაში.
გენერალმა გიორგი კვინიტაძემ სასწრაფოდ გამოიხმო საზღვრებიდან არმიის ნაწილები, მას სარეზერვო ქვედნაყოფები და იუნკერთა სკოლის კურსანტები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა.
დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რომ სამჯერ მეტმა მოწინააღმდეგემ ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა გააფთრებული ბრძოლების შედეგადაც ვერ შეძლეს. დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური მიმართვააც კი გაავრცელა, სადაც ეწერა:
"მთავარსარდალ გენერალ გიორგი კვინიტაძეს - დამფუძნებელი კრება აღფრთოვანებული მოგესალმებათ თქვენ და თქვენი ხელმძღვანელობით მოქმედ ჯარისა და გვარდიას, რომელთა თავდადებით და გმირობით გადაარჩინეს სამშობლო გამხეცებული მტრის ურდოების შემოსევას.
"ეს ბრწყინვალე ბრძოლანი თებარვლის დღეებში ოქროს ასოებით აღიბეჭდება საქართველოს ისტორიის ფურცლებზე, ხოლო შთამომავლობას იგი გადაეცემა როგორც საარაკო თქმულება ქართველი მეომრების ძელვამოლსილებისა".
მიუხედავად ქართული ჯარისა და მისი გენერლების თავდადებისა, 1921 წლის 25 თებარვალს, რუსეთის მე-11 არმიის ნაწილებმა საქართველოს დედაქალაქი - ტფილისის დაიკავეს.
რატომ მოხდა იმ ავბედითი ბრძანების გაცემა - "უკან დაიხიეთ" - ამას ალბათ ისტორია გაარკვევს, ჩვენ კი იმ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ, რომელიც თავად თბილისის დაცვის გენერელების მემუარებში