სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2017 წლის 1 მარტს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომ სტრასბურგის სასამართლოში უჩა ნანუაშვილი ივანე მერაბიშვილს მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება აშკარად ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„სავარაუდოა, რომ ქალბატონ მინისტრს სურს საკუთარი შეცდომა და პროცესის არასწორი წარმართვა სხვას გადააბრალოს. საქართველოს მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ჩვენს ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო.
უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და ამაში გამოძიებას ყველა მხარე უნდა დაეხმაროს. სახალხო დამცველის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანთა უფლებები მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს არ არის პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული განცხადების პირველი შემთხვევა სახალხო დამცველის მისამართით. მსგავსი ტიპის განცხადებები ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, თუმცაღა, ასეთი დამოკიდებულება სახალხო დამცველზე ვერ მოახდენს გავლენას, აპარატი აგრძელებს მანდატის ფარგლებში საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას", - ნათქვამია განცხადებაში.