საპატრიარქო სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეუზღუდოს რელიგიური მოთხოვნილება და ზიარების უფლება მისცენ. განცხადება ამის შესახებ მამა გიორგი ანდრიაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ზიარების უფლების წართმევა იგივეა, რაც ავადმყოფისთვის წამლის მიღების აკრძალვა.
"არავის აქვს უფლება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მიხედვით, შეუზღუდოს ადამიანს და არა მარტო მამა გიორგი მამალაძეს რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება და განსაკუთრებით ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების, როგორიც ზიარებაა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ასთმიან ადამიანს არ მისცე წამალი. მე ვერაფერ საშიშროებას ვერ ვხედავ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შეიძლება მოითხოვოს ყველანაირი ნორმის დაცვა, თუმცა სასულიერო პირს, გნებავთ საერო პირსაც, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ეზიაროს. ეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ არის", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე გუშინ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა.