იმ ძირძველი თბილისელებისაგან, რომლებიც გუგრილი არ იყვნენ პოლიტიკის მიმართ, ხშირად გაიგონებდით, რომ ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველების საქართველოდან გადასახლება ჰქონდა გადაწყვეტილი. იმასაც ამბობდნენ, ხრუშჩოვის ბრძანებით საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი გეორგი ჟუკოვი თადარიგს შეუდგა და ქართველები ვაგონში უნდა შეეყარა და გაესახელებინაო. ჭორი იყო თუ მართალი ეს არავინ იცოდა, მაგრამ ხრუშჩოვს რომ საქართველო და ქართველები არ უყვარდა, ეს ყველამ იცოდა.
როგორი იყო ხრუშჩოვის მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ამის შესახებ რამდენიმე საინტერსო ეპიზოდი გვინდა გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში, ამაში კი დაგვეხმარება საქართველოს ცეკას ყოფილი მდივნის ქალიშვილი ნინა მჟავანაძე.
"სტალინის სიკვდილის შემდეგ, კრემლში გამძაფრდა ბრძოლა საბჭოთა კავშირის პირველი პირის პოსტის მოსაპოვებლად. ყველაზე რეალურად ლავრენტი ბერიას კანდიდატურა ითვლებოდა. მაგრამ ცხადი იყო, რომ მეორე ქართველს ამ თანამდებობაზე აღარ დაუშვებდნენ. ეს ბერიამაც შესანიშნავად იცოდა. მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის პოსტი სულ რამდენიმე თვით მალენკოვმა ჩაიბარა. მალენკოვი და ხრუშჩოვი უშუალოდ ბერიას გარემოცვიდან იყვნენ. სწორედ ბერიას და მალენკოვს მიუძღვით მნიშვნელოვანი წვლილი ხრუშჩოვის წარმოჩენაში. ისინი თვლიდნენ, რომ ნიკიტა ადვილი სამართავი იყო და პოლიტიკური კურსი, რომლის გატარებაც ბერიას სურდა, ხრუშჩოვის მეშვეობით ადვილად განხორციელდებოდა. მაგრამ მოხდა პირიქით - როგორც კი ხრუშჩოვი საბჭოეთის "გენსეკი" გახდა მაშინვე გამოაცხადა, რომ მეტი "კაცო" პოლიტბიუროში აღარ იქნებაო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველებისთვის კრემლში უმაღლესი თანამდებობები ტაბუდადებული იყო. სასწრაფოდ იქნა ლიკვიდირებული ბერია და მასთან ერთად მისი თანამოაზრები. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს.
ხრუშჩოვის განკარგულებით, რომელსაც სძულდა სტალინი, სკკპ 22-ე ყრილობაზე მისი გადაწყდა, რომ სტალინის ნეშტი მავზოლეუმიდან გადმოესვენებინათ. ხრუშჩოვის სურვილი იყო, რომ ამ საქმეში მისთვის მხარი საქართველოს მთავრობას დაეჭირა, მოხსენებით გამოსულიყვნენ და ეს გადაწყბვეტილება დადებითად შეეფასებინათ. უარის შემთხვევაში არა მარტო საქართველოს ხელმძღვანელობა, არამედ მთელი საქართველო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა," - წერს ნინა მჟავანაძე თავის წიგნში "ასეთი იყო ჩემი საქართველო".
როგორც იხსენებს, ამბავი, რომელიც ხრუშჩოვის გადაწყეტილებას ქართველების საქართველოდან გასახლებას უკავშირდება, მისთვის მოუყოლია მამის მეგობარს, მონადირე ტარიელ კაპანაძეს და პირად მცველს, ტარიელ ვარდანაშვილს.
"აი, რა მომიყვა ტარიელ კაპანაძემ: როდესაც ვასილ პავლოვიჩი (მჟავანაძე) ჩამოსვლას დააპირებდა, ყოველთვის რეკავდა. 1964 წლის გაზაფხულია, მე როგორც ყოველთვის გარდაბანში ვარ, ნაკრძალში. იმ საღამოს ზარი არ ყოფილა, მჟავანაძე მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა, მძღოლი დახვდა, არც სახლში წავიდა, არც ცეკაში, პირდაპირ გარდაბნისკენ გამოეშურნენ. საკმაოდ შებნელებულზე ჩამოვიდა, გავოცდი, ვატყობდი, ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. მითხრა - ტარიელ, მოდი ვივახშმოთ. არაფერი ისეთი არ მქონდა და შევწუხდი, - ლობიო მაქვს, ჭადი გაცივდა, ახალს გამოვაცხობ-მეთქი, ვუთხარი. - არა, არ გინდა, გააფიცხე, უბრალოდ ვივახშმოთო. პატარა ტაბლაზე დავდე ლობიო, გაფიცხებული ჭადი, ყველი და ცოტა მწვანილი. ვივახშმეთ და მერე ბევრი ვიარეთ ტყეში. გვიან დავბრუნდით სახლში. ვასილ პავლოვიჩმა მითხრა, დარეკე დილით ჩამოვიდნენო... გივი ჯავახიშვილი და ალექსი ინაური.
მეორე დილას 10 საათზე ჯავახიშვილი და ინაური ჩამოვიდნენ, მათი საუბარი მესმოდა, მჟავანაძე ამბობს - ხრუშჩოვმა მითხრა ყველაფერი გამზადებულია - კუსტანაი, აკმოლინსკი, ცელინოგრადი, ქართველები იქ უნდა გაგასახლოთო. მერე იერიშზე გადმოვიდა, - მე ვუთხარი, ახლავე რომ გაგვასახლოთ, სისხლი დაიღვრება. მომეცი ექვსი თვის ვადა, ხალხს შევამზადებ-მეთქი. ექვსი თვე გეყოფაო? მკითხა. სავსებით-მეთქი, ვუპასუხე; ჩამოვედი თქვენთან, ძალიან ცუდ გუნებაზე ვარ. ახლა გაოცება არაფერს უშველის, მარჯვედ უნდა ვიყოთ, პანიკა საჭირო არ არის. ამ ინფორმაციამ ხალხში არ უნდა გაჟონოს.
თურმე, როდესაც მჟავანაძე ხრუშჩოვთან იყო, აფხაზეთის დელეგაცია ჩასულა. რვა კაცამდე იყვნენ- კობახია, აშბა, შინკუბა და სხვები. მჟვავნაძეც კაბინეტში იყო, როცა ხრუშჩოვს დაურეკეს და უთხრეს, აფხაზეთის დელეგაციას შემოსვლა უნდაო. მჟავანაძეს უთქვამს, წავალ, უხერხულიაო. არაო, არ გაუშვია ხრუშჩოვს. შემოვიდნენ აფხაზები, ნიკიტა მიეგება, ვიცი რატომაც ჩამოხვედითო. აფხაზებს გახარებიათ. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, - წადით შუა აზიაში, ყაზახეთში, ცელინოგრადში. აფხაზები ისეთი ხალხი ხართ, იქაც მოიყვანთ ციტრუსებსო - დაუცინია ხრუშჩოვს.- ხოლო რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, იცხოვრეთ ისე, როგორც ავტონომიას შეეფერება, არაფერი შეიცვლება. აფხაზები უხმოდ გასულან.
ამ საუბრის შემდეგ ჯავახიშვილი და ინაური მალე წავიდნენ. დავრჩი დარდით გულგასიებული, ოქტომბერი დადგა, ისევ ტყეში ვარ, "ვეჩე" რეკავს, თურმე ნიკიტა ხრუშჩოვი გადაუყენებიათ, მაშინ მივხვდი, რატომ უთხრა მჟავანაძემ 6 თვე მაცალეო, 6 თვეც არ დასჭირდა, ისე მოუღო ბოლო.
გავიდა დრო. ერთხელაც გავბედე და ინაურს ვკითხე - მართლა გადაგვასახლებდა ხრუშჩოვი? როგორ გაბედავდა-მეთქი? გაეცინა და მითხრა: - აბა რა გეგონა, მზითვებსაც გაგვატანდნენ, ჩაგვაყრევინებდნენ ტომარაში, რაღაც-რაღაცეებს, პანღური უკან და ვაგონებში შეგვყრიდნენ. ხრუშჩოვის მოცილებაში ინაურმაც უდიდესი როლი ითამაშა".
ტარიელ ვარდანაშვილი: "ვასილ მჟავანაძის ნაამბობს გავიხსენებ; 1961 წელს ბიჭვინთაში რუმინეთის ცეკას გენერალური მდივანი გეორგიუ-დეჟი ჩამოსულა ხრუშჩოვთან შესახვედრად. მჟავანაძეც გამოიძახეს. სუფრასთან გეორგიუ-დეჟს ხრუშჩოვისთვის შენიშვნა მიუცია: - რატომ აკრიტიკებთ სტალინს, მას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს რუმინეთში და მისი კრიტიკით საკუთარ ავტორიტეტს ლახავთო. ხრუშჩოვს ეს რომ გაუგია, გაფუჭებია გუნება და ვასილ პავლოვიჩისთვის უთქვამს, - დროზე მოვამთავროთ სუფრაო. აშლილან. ღამის 3 საათზე კი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი ურეკავს ვასილ პავლოვიჩს და ეუბნება: საკავშირო ბრძანება მოვიდა - ერთ ღამეში მთელ რესპუბლიკაში სტალინის ძეგლები უნდა მოვხსნათო. ხრუშჩოვის გეორგიუ-დეჟთან შელაპარაკება სტალინის ძეგლების მოხსნით დამთავრდა.
1964 წელს ხრუშჩოვმა მოსკოვში მიხმო - მიამბობდა ვასილ პავლოვიჩი. - ჩავედი და მეუბნება. გადავწყვიტე, ქართველები შუა აზიაში გადავასახლო, ყველა პირობას შეგიქმნით, კარგად იქნებით და ქართველების დახმარებით შუა აზიის ხალხების კულტურამ იქნებ წინ წაიწიოსო. - ვუთხარი თავში აზრად როგორ მოგივიდათ ქართველების გასახლება, ქართველები მთელი თავისი არსებობის მანძილზე თავის მიწას იცავდნენ. იცოდეთ, ეს საქმე უსისხლოდ არ დამთავრდება-მეთქი.
ხრუშჩოვი მაინც თავისას გაიძახოდა - საქართველო საკურორტო ზონად მინდა ვაქციო, დავტოვებ იმდენ ქართველს, რამდენიც მომსახურებას დასჭირდება. შენ ნუ გეშინია, იქაც ცეკას მდივნად დაგნიშნავო. ვერაფერი შევასმინე; სასწრაფოდ მივედი ბრეჟნევთან ყველაფერი ვუთხარი, ისიც, რომ ეს საქმე უსისხლოდ არ დამთავრდებოდა. ბრეჟნევმა მითხრა: - არ ინერვიულოთ, საქართველოდან არცერთ ქართველს არ გაასახლებენ, ხოლო თქვენ, როგორც კი ნიშანს მოგცემთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზეთ და სასწრაფოდ მოსკოვში ჩამოდითო.
ზუსტად ორთვენახევარში ბრეჟნევის შეტყობინება მომივიდა. ხრუშჩოვის გადაყენებასთან დაკავშირებით მოსკოვში პლენუმი უნდა შემდგარიყო. ხრუშჩოვი ბიჭვინთაში ისვენებდა. ბრეჟნევმა დაურეკა და უთხრა - აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ, საჭირო ხარო! ხრუშჩოვს არ უნდოდა თურმე წასვლა, მაგრამ იძულებული გახადეს, პრინციპში ჩაიტყუეს. მას ინაური აცილებდა ბიჭვინთიდან. როდესაც ხრუშჩოვი პლენუმზე გავიდა, ყველამ, მიქოიანის გარდა, ერთხმად მოითხოვა მისი გადაგომა და პასუხისგებაში მიცემა. ერთადერთმა მიქოიანმა თქვა, - ხრუშჩოვი მინისტრთა საბჭოს თამჯდომარეობიდან გავათავისუფლოთ და ცეკას მდივნად დავტოვოთო. ამაზე პლენუმის ყველა წევრმა უარი განაცხადა. კენჭისყრის შემდეგ ხრუშჩოვი გაათავისუფლეს.
ვასილ პავლოვიჩი იხსენებდა - მე და ცეკას რამდენიმე მდივანი დილის 6 საათამდე დავდიოდით კრემლის ეზოში, ვერ ვისვენებდითო. მჟავანაძეს პატრა ტრანზისტორი ჰქონდა, რომელსაც სულ თან ატარებდა და ყოველ დილით 6 საათზე უსმენდა. მოსკოვში დილის 6 საათზე არავითარი ცნობა არ გადმოუციათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი რიგზეა, თორემ შეიძლებოდა საქმე სხვაგვარად შეტრიალებულიყო, სამხედროებს, ხრუშჩოვისთვის დაეჭირათ მხარი და პლენუმის ყველა მონაწილე დაეკავებინათ. თურმე პირველად თავის ცხოვრებაში, სწორედ მაშინ სძინებია 24 საათი გადაბმულად ვასილ პავლოვიჩს" - ასე იხსენებდა ამ ამბავს ვასილ მჟავანაძის პირადი მცველი ტარიელ ვარდანაშვილი.