ამერიკის პრეზიდენტმა "ხალხის მტრებს" ომი გამოუცხადა
ვახტანგ გელოვანი
27.02.2017

 დონალდ ტრამპის მედიასთან დაპირისპირება არახალია, მაგრამ თუ ადრე კრიტიკული გამონათქვამები ბიზნესმენს ან თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატს ეკუთვნოდა, ახლა, მისი ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის ყოველი ბრალდება თუ პრეტენზია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ხოლო მისი პირდაპირი თავდასხმები გაზეთებსა და ტელეარხებზე საზოგადოების მზარდ შეშფოთებას იწვევს.

შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა წითელი ხაზი ერთი კვირის წინ გადაკვეთა, როდესაც თავის ოფიციალურ "ტვიტერში" "ყალბი ახალი ამბების ხელმოცარული მედია საშუალებები" - გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" და ამერიკის უმსხვილესი ტელე-არხები "ენ-ბი-სი" (ტისტუცთ), "აი-ბი-სი" ფის) "სი-ბი-ესი" (სით) "და სი-ენ-ენ" (სტტ) არა მარტო თავის, არამედ მთლიანად ამერიკელი ხალხის მტრებად გამოაცხადა.

პარასკევს, კონსერვატიული პოლიტიკის ქმედებათა კონფერენციაზე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო განავრცო თავისი მოსაზრება, განაცხადა რა რომ "ჩვენ "ყალბ ახალ ამბებთან" ვაწარმოებთ ომს. ეს არის "ფეიკი", სიყალბე! რამდენიმე დღის წინ სიყალბის გამავრცელებლებს მე ვუწოდე "ხალხის მტრები" და ისინი მართლაც მტრებს წარმოადგენენ, ისინი არიან "ხალხის მტრები".

ტრამპი თვლის, რომ აუცილებელია მედიაში ანონიმური წყაროების გამოყენების აკრძალვა.

"მათ არ აქვთ წყაროები, ისინი უბრალოდ მათ იგონებენ! ამას წინათ მე ვნახე სტატია, სადაც ეწერა, რომ ინფორმაცია დაადასტურა 9 წყარომ. მაგრამ არ იყო არავითარი 9 ადამიანი. მე ეჭვი მეპარება, რომ იყო თუნდაც ერთი ან ორი ადამიანი. ისინი ძალიან უსინდისო ხალხია!", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მას აშკარად მხედველობაში ჰქონდა 9 თებერვალს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მისი ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი დადანაშაულებული იყო გასული წლის 29 დეკემბერს რუსეთის ელჩთან რუსეთზე სანქციების მოხსნის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაში. აღსანიშნავია, რომ მზარდი სკანდალის ფონზე, პრეზიდენტის თხოვნის შემდეგ, ფლინი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული თანანმდებობა.

"როცა საუბრობენ ჩემი კომენტარების შესახებ, უსინდისო მედიამ არ განმარტა, რომ მე უსინდისოებად მოვიხსენიე მხოლოდ "ყალბი ახალი ამბები". მათ კი გამოტოვეს სიტყვა "ყალბი" და ამბავი მთლიანად შეიცვალა", - ასე ამხილა ტრამპმა "უსინდისო მედია".

ტრამპის აზრით, მეინსტრიმ მედია წარმოადგენს კორპორაციებს და ვერასდროს ვერ შეძლებს გამოხატოს ხალხის ინტერესები და, მისი აზრით, ამას რაღაცა უნდა მოუხერხონ.

იგივე სულისკვეთებით გამოიჩეოდა პრეზიდენტის მთავარი სტრატეგის სტივ ბენონის გამოსვლა, რომლის აზრითაც, პრესის გარშემო სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

"ისინი არიან კორპორატიული, გლობალისტური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ისინი მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ეროვნილ ეკონომიკურ დღის წესრიგს, რომელსაც დონალდ ტრამპი ახორციელებს. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან პრეზიდენტი გააგრძელებს პროგრამის ვხოვრებაში გატარებას და ეკონომოკური სიტუაციის გაუმჯობესებისა და სამუშაო ადგილენის ზრდის კვალობაზე, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას. თუ თქვენ გგონიათ, რომ ისინი ბრძოლის გარეშე დათმობენ ქვეყანას, ძალიან ცდებით", - განაცხადა ბენონმა.

იმავე დღეს პრეზიდენტი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა. მისმა პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა არაფორმალურ ბრიფინგზე არ დაუშვა "სი-ენ-ენის" (სტტ), "ნიუ-იორკ ტაიმსის", "ბი-ბი-სის", "გარდიანის", "ლოს-ანჯელეს ტაიმსისა" და "დეილი მეილის" ჟურნალისტები, მაშინ როცა ადმინისტრაციის კეთილგანწყობა დაიმსახურეს პოზიტიურად განწყობილმა მედია ორგანიზაციებმა, მათ შორის "ფოქს ნიუსმა", "ვაშინგტონ ტაიმსმა" და გამოცემა "ბრეიტბარტმა", რომელსაც ადრე პრეზიდენტის მთავარი სტრატეგის სტივ ბენონი ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, ტრამპმა უარი განაცხადა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიულ ვახშამში მონაწილეობაზე, რომელის 29 აპრილსაა დაგეგმილი. ეს ბოლო 36 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი არ დაესწრება ამ ტრადიციულ ღონისძიებას. 1981 წელს რონალდ რეიგანმა მასზე თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის გამო ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ მონაწილეებს ტელეფონის საშუალებით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპს მედიასთან საბრძოლველად ჯერჯერობით არცთუ დიდი ბერკეტები გააჩნია. მის სურვილს, "რაღაცა მოუხერხოს", როგორც იგი უწოდებს, "უსინდისო, ყალბი ახალი მბების გამავრცელებელ" მედიას, წინ აღუდგება როგორც კონგრესი, ასევე სასამართლო ხელისუფლება.

ცნობილმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკვეინმა, პრეზიდენტის მიერ მედიის "ხალხის მტრებად" მოხსენიების საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ გინდათ, შეინარჩუნოთ დემოკრატია, თქვენ უნდა გქონდეთ თავისუფლება და პრესის საშუალებით საპირისპირო მოსაზრებების მიღების შესაძლებლობა.

"ისინი (დიქტატორები) იწყებდნენ თავისუფალი პრესის შეზღუდვით, თავისი ძალაუფლების განმტკიცებით. თუ გადავხედავთ ისტორიას, ისინი პირველ რიგში ხურავდნენ პრესას", - მიაჩნია მაკკეინს.

თუმცა, იგი არ ფიქრობს, რომ ტრამპი ცდილობს გახდეს დიქტატორი. ჩვენ უბრალოდ ისტორიიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

საგულისხმოა, რომ ტრამპის მიერ მედიასთან გაჩაღებული ომისა და ცალკეული შეზღუდვების ფონზე, სააგენტო "როიტერის" მთავარმა რედაქტორმა სტივ ადლერმა კოლეგებს მოუწოდა, რომ ახალი ადმინისტრაციის საქმიანობა ისეთივე ხერხების გამოყენებით გააშუქონ, როგორც ამას სხვა ქვეყნების ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში აკეთებენ.

"დაივიწყეთ პრესრელიზები და ნუ იდარდებთ ოფიციალური შეხვედრებზე დაშვება-არდაშვების შესახებ... ჩვენ შესანიშნავად ვაშუქებთ ირანში განვითარებულ მოვლენებს. მართალია, არ გვაქვს ოფიციალური წვდომა, მაგრამ გვაქვს წყაროები", - დაწერა თავის გზავნილში "როიტერის" მთავარმა დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×