არის მოვლენები, რომელნიც მიუხედავად სიძველისა, აქტუალობას არასდროს კარგავს. ქრისტეშობამდე 44 წელს 15 მარტს რომის სენატში იულიუს კეისრის მკვლელობა ასეთი რანგისა და მასშტაბის ფაქტი აღმოჩნდა. ამ შემზარავმა პოლიტიკურმა ამბავმა შესძრა იმდროინდელი სამყარო. საცნაური კი ის არის, რომ ეს რეზონანსული აქტი ყველა დროისა და საზოგადოების ინტერესთა სფეროში მოექცა.
იულიუს კეისრის ერთ-ერთი მკვლელი მარკუს იუნიუს ბრუტუსი იყო, რომელიც სავარაუდოდ მისი შვილი გახლდათ.
როგორ დაარღვია იულიუს კეისარმა რომის რესპუბლიკის უმთავრესი პრინციპი
მას შემდეგ, რაც ფარსაროსის ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება, კეისარი რომის ფაქტობრივი მმართველი გახდა. ის დიქტატორია, თუმცა, მისი დიქტატორობა სულ სხვა ხასიათისაა, მან დაარღვია რომის რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი უმთავრესი პრინციპი - რომის კანონებით ნებისმიერი თანამდებობაზე ადამიანი განსაზღვრული დროით ინიშნებოდა, დიქტატორს კი სენატი ირჩევდა რაიმე განსაკუთრებულ მოვლენასთან, საფრთხესთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, სამოქალაქო დაპირისპირებისას საფრთხეები უამრავია, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება იულიუს კეისარი დაენიშნათ დიქტატორად. მაგრამ ყველაზე საცნაური ის გახლდათ, რომ დრო არ განუსაზღვრეს. ამან განსაკუთრებით გააღიზიანა რომაული საზოგადოება.
ამბავი რესპუბლიკურ სამოსელში მორცხვად გახვეული მონარქიისა
ეს პირველი რეალური ნიშანი იყო იმისა, რომ კეისარის მმართველობას რომის რესპუბლიკა მონარქიულ მმართველობისკენ მიჰყავდა. ეს ბუნებრივია არ გამორჩენიათ რესპუბლიკის იდეების დამცველთ. ამან სიტუაცია უაღრესად დაძაბა.
ისტორიულმა პროცესმა დაადასტურა, რომ რომის ერთმმართველობისკენ სწრაფვა შეუქცევადი პროცესი იყო. მოვლენები ობიექტურად სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კეისრის სკვდილმა ვერაფერი შეცვალა.
ქრისტეშობამდე 27 წელს რომში მაინც დამყარდა ერთმმართველობა, ოქტავიანეს ზეობა სხვა არაფერი იყო, თუ არა რესპუბლიკურ სამოსელში მორცხვად გახვეული მონარქია. ოქტავიანე ავგუსტუსის წოდებას იღებს და ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი, როგორც ერთმმართველის გამორჩეულობას.
როგორ ფორმირდება ბრუტუსი კეისრის წინააღმდეგ შეთქმულების მთავარ იარაღად
ისევ ფარსალოსის ბრძოლის სახასიათო ეპიზოდს უნდა დავუბერუნდეთ. იულიუს კეისარმა ბრუტუსს მოწინააღმდეგის ბანაკში ყოფნა აპატია, ასეთი შემწყნარებლობა სრულიად ბუნებრივი იყო. კეისარი თვლიდა, რომ კაცს, მეომარს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიეღო. ამ მხრივ კეისარი ორიგინალურია, საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი, რამდენადაც ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ძველ რომაულ საზოგადოებაში არ იყო მიღებული. როგორც წესი, ძლევამოსილნი ულმობლად აყრევინებდნენ თავებს იმათ, ვისაც საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნდა.
მას შემდეგ რაც კეისარმა ბრძანა ხელი არ ეხლოთ პომპეუსის არმიაში მყოფი ბრუტუსისთვის, მას შემდეგ რაც კეისარს მარკუს იუნიუსი უვნებლად მოუყვანეს, იქ მყოფნი მეტად ამაღელვებელი ეპიზოდის მომსწრენი გახდნენ - კეისარმა გულში ჩაიკრა ბრუტუსი და მიიღო როგორც უძღები შვილი.
ეს სათავისოდ ენიშნათ კეისრის მოწინააღმდეგეებს, იმათ რომელნიც მის უსაზღვრო ვადით გადიქტატორობას ეწინააღმდეგებოდნენ. სწორედ მაშინ გადაწყდა ქვეცნობიერად, რომ ბრუტუსი, კეისრისაგან შეწყალებული და შვილივით ნაფერები, უახლოეს ხანში დიქტატორის დამხობის მთავარი იარაღი უნდა გამხდარიყო. კაცმა რომ თქვას, უკეთესი იარაღი მის წინააღმდეგ არც არსებობდა. სწორედ ეს ძალები ჩააგონებენ მუდმივად ბრუტუსს - "მოკალი კეისარი!"
როგორ განდევნა ბრუტუსის წინაპარმა რომის უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს ამაყი
საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ გვარი ბრუტუსი რომის ისტორიისათვის არც მანამდე იყო უცხო. ამიტომაც მარკუს იუნიუსი გვარის ტყვეობაში ამოჩნდა. საქმე ისაა, რომ სწორედ მისმა წინაპარმა ბრუტუსმა განდევნა რომის უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს ამაყი. ეს ქრისტეშობამდე 509 წელია, ექვსი საუკუნე აშორებს მარკუს იუნიუს ბრუტუსს თავის წინაპრისგან.
ის ბრუტუსი ტარკვინიუს ამაყის პირადი გვარდიის მეთაური, ცალსახად მოღალატეა, უღალატა მეფეს და დაამხო მისი მმართველობა. არადა, რომში ტარკვინიუს ამაყის დამამხობელი ბრუტუსი იდეალად იქცა. რომის რესპუბლიკური წყობა სწორედ მისი ღალატის შემდეგ იწყებს თავისი ისტორიის ათვლას. ამიტომაც ჩვეულებრივი მოღალატე ბრუტუსი იდეალად ფორმირდება.
ერთი მნიშვნელოვანი და სახასიათო ეპიზოდი ცხადად აჩვენებს მის სახეს - მეფის დამამხობელი ბრუტუსის ორი ვაჟი შეთქმულებაში იყო გარეული, საცნაური კი ის არის, რომ ბრუტუსმა არ აპატია შვილებს, მათი დასჯა ბრძანა და თავადაც დაესწრო ამ შემზარავ სანახაობას. ის რომისათვის იდეალი აღმოჩნდა და არა მოღალატე. ასეთი გახლდათ რომის ფსიქოლოგია.
როგორ შემოუტრიალდა ავად კეისარს საკუთარ მიმტევებლობა
სწორედ ამგვარი იდეალები კვებავენ ექვსი საუკუნის შემდეგ მარკუს იუნიუს ბრუტუსს. სწორედ ეს განწყობები ჩააგონებს კეისრის მკვლელობას. არადა საცნაური სწორედ ისაა, რომ ის ხალხი, რომელნიც მოუწოდებენ ბრუტუსს გახდეს მკვლელი, თავს სრულიადაც არ გრძნობენ შეზღუდულად კეისრის გვერდით. ისინი რესპუბლიკის მომხრენი არიან და არ სურთ ერთმმართველობა, თუმცა, ეს არ უქმნით მათ არანაირ ბარიერს დიქტატორთან ჰქონდეთ ჩვეულებრივი საქმიანი, უმეტეს სემთხვევაში კეთილგანწყობლური ურთიერთობა. კეისარი მათ არ ზღუდავს, არ ავიწროვებს.
კეისარი გულმოწყალეა, ის საკუთარი მტრების მიმართ ამგვარი განწყობით გამოირჩევა. ამ მხრივ რომაულ საზოგადოებაში მართლაც უნიკალური პიროვნებაა. საცნაური კი ისაა, რომ სწორედ ეს გულმოწყალება და მიმტევებლობა შემოუტრიალდება მას ცუდად.
როგორ მიცურავდა რომი დინების საწინააღმდეგოდ
რომის საზოგადოების მთავარი დაკვეთაა სენატმა გადაწყვიტოს ყველაფერი ძველებურად, არისტოკრატიული რესპუბლიკური მმართველობა უნდა აღდგეს. ამას ხელს უშლის კეისარი, ამიტომაც ის უნდა მოკვდეს. ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც წარსულში იყო. არადა ეს არ არის იოლად აღსრულებადი.
რომი გრანდიოზული სახელმწიფოა, უზარმაზარი საზღვრებით და რესპუბლიკური მმართველობის ფორმები მისთვის ფაქტობრივად უსარგებლოა, არაეფექტური. მხოლოდ ერთმმართველობით თუ შეიძლება მართვა იმ უზარმაზარი სახელმწიფოებრივი სივრცის. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს დრომ დაამტკიცა.
არადა, ამის გაგება რომის საზოგადოებას არ სურს, ის საკუთარი ცხვირის იქით ვერ ხედავს სამყაროს. და როცა ყველაფერი გაირკვევა, როცა ყველაფერი გაცხადდება, მაშინ უკვე გვიანი იქნება.
როგორ ამუნათებდნენ კეისარს
ამ განწყობით უშეღავათო და პოლარულად დაპირისპირებულ საზოგადოებაში სისხლი მრავლად იღვრება, სწორედ ამ ფონზე იღებს კეისარი არაერთ წერილს, რომელიც იწყება ან მთავრდება საკმაოდ კატეგორიული ფრაზებით - "შენ მოვალე ხარ"... "შენ ვალდებული ხარ..."
მუდმივად ცდილობენ მის დამუნათებას, შეახსენებენ რომ მის სახელს ისტორია შემოინახავს. ეს კი რომაული სამყაროსათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია. ნებისმიერი ოჯახი ხომ საკუთარი წინაპრების კულტით საზრდოობს, წინაპრები ოჯახისთვის ფაქტობრივად ღმერთების რანგში მოაიზრებიან.
მაგრამ ყველა ვერ ცხოვრობს სანიმუშოდ და სამაგალითოდ. ცხოვრება საკმაოდ რთულია და ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას, რაც საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის თემა ხდება. ამ შემთხვევაში იმ წინაპრებს, რომელთაც რაიმე დანაშაული მიუძღვით, მეტად დამამცირებელი სასჯელი ელით. მათ ნიღაბს ტეხენ, ან საკურთხევლიდან იღებენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, შავი მატერიით ფარავენ. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია შთამომავლობისთვის და რომაული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კეისარს უპირისპირდება სწორედ ამ შემზარავ რეალობაზე მიანიშნებს - "გინდა რომ შენი ნიღაბი შავი მატერიით დაიფაროს?" ეს ის მკვახე შეძახილია, ის განწყობაა, კეისრისადმი მიძღვნილი წერილების უმრავლესობას რომ გასდევს ქვეტექსტად.
ერთი სიტყვით, ნებისმიერი რომაელი ზრუნავს სასიკეთოდ, საამაყოდ შემორჩეს ჟამთასვლას. ეს გახლდათ რომაული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი სოციალურ-გენეტიკური მახასიათებელი.
სურდა თუ არა ციცერონს რომის რესპუბლიკის მმართველობის ხელში ჩაგდება
ამ ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანია ის განწყობები, რითაც ბრუტუსი იკვებება - ისიც იღებს წერილებს, თანაც არაერთს, მასაც ამუნათებენ, შეახსენებენ, რომ შეუძლია ისეთივე როლი შეასრულოს რომის ისტორიაში, როგორიც მისმა წინაპარმა იკისრა ექვსი საუკუნის წინ. მასზე არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
იულიუს კეისრის მკვლელობის დროს ბრუტუსი 38 წლისაა. ეს ის ასაკია, როცა კაცმა საკუთარი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს. თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. მისი უახლოესი გარემოცვა, ერთი მხრივ ციცერონი, მეორე მხრივ კი გაიუს კასიუს ლონგინოსი განსხვავებულ პოზიციებზე არიან - ციცერონმა არაფერი უწყის შეთქმულების მზადების შესახებ, თუმცა, ის სულით-ხორცამდე რესპუბლიკელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი იდეები ცხოვრებაში გაატაროს, მაგრამ არა ძალადობრივი გზით. თუმცა, იმ ფონზე, სადაც ბრუტუსს უხდება ყოველდღიური ცხოვრება, ესეც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.
ბუნებრივია ჩნდება ეჭვი - აქ პიროვნული მომენტი რამდენად იყო მთავარი - ხომ არ უნდოდა თავად ციცერონს სათავეში ჩასდგომოდა რომის რესპუბლიკას? სურს თუ არა მას პირველობა და ამიტომაც ხომ არ უნდა იულიუს კეისრის მოშორება?
გაიუს კასიუს ლონგინოსი, რომელიც სწორედ ამ დროს უახლოვდება ბრუტუსს ნიჭიერი მხედართმთავარია, გამოირჩევა ფილოსოფიური განსჯითა და ნათელი აზროვნებით, ისიც რესპუბლიკის იდეის დამცველია. მისი სოციალური იდეები წარსულშია ჩარჩენილი.
სწორედ ასეთ ფსიქოლოგიურ ფონზე მზადდება გაიუს იულიუს კეისრის წინააღმდეგ შეთქმულება, სადაც მარკუს იუნიუს ბრუტუსმა მთავარი როლი უნდა შეასრულოს.
რატომ წაუყრუა იულიუს კეისარმა მის წინააღმდეგ შეთქმულების მზადებას
საკმაოდ ნიშანდობლივია კიდევ ერთი დეტალი - ბრუტუსი დედის, სერვილიას სახლში ცხოვრობს. სერვილია და იულიუს კეისარი ისევ ხვდებიან ერთმანეთს, კეისარი ხშირად სტუმრობს ჭაბუკობისდროინდელ გატაცებას და ამ დროს საცნაურია ის, რომ სწორედ ამ სახლში ნახევარი წლის განმავლობაში იკრიბებიან შეთქმულნი.
რომი, როგორც ქალაქი, ერთი დიდი საზოგადოებაა, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველამ იცის ვინ რა განწყობით სუნთქავს და რით საზრდოობს. ჯერ კიდევ კატილინას შეთქმულებისას, რომელიც მარცხით დასრულდა, ყველამ იცოდა სად იკრიბებოდნენ ისინი, არავის გამოპარვია მათი საპროტესტო განწყობები.
ბუნებრივია, არც ამჯერად იქნება სხვაგვარად საქმე. აშკარაა რომ შეთქმულება მზადდება და ამის შესახებ არ შეიძლება არაფერი ცოდნოდა თავად იულიუს კეისარს, არადა ის არაფერს აკეთებს რომ შეთქმულება აღკვეთოს.
შესალოა ამის მიზეზი მისი ფატალისტური განწყობებია. რაც გიწერია, იმას ვერ აიცდენ - ასე ფიქრობს კეისარი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის სრულიადაც არაა შეგუებული სიკვდილს...
სენატის საბედისწერო სხდომამდე სულ რამდენიმე სათი რჩება...
ქრისტეშობამდე 44 წელს 15 მარტს რომში მომხდარი შემზარავი მკვლელობა საუკუნეთა ლაბირინთებს, კაცობრიობის მეხსიერებას, ყველაზე რეზონანსული პოლიტიკურ მკვლელობის სახელით შერჩება...