როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სწორედ 1945 წლის იალტის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდა ომისშემდგომი ევროპის ბედი. რა თქმა უნდა, დღევანდელ სტატიაში ამ ისტორიული კონფერენციის მნიშვნელობაზე და მის შედეგებზე საუბარს არ ვაპირებთ, მხოლოდ რამდენიმე კულუარულ ამბავს გავიხსენებთ მკითხველთან ერთად.
1945 წლის თებარვალში იალტაში ერთმანეთს შეხვდნენ მოკავშირე სახელმწიფოთა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ის მეთაურები - ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი. ამ შეხვედრისათვის სტალინი საგანგებოდ ემზადებოდა. 1945 წლის 8 იანვარს გამოუცია ბრძანება "ყირიმში სპეციალური მოვლენების შესახებ".
ორ კვირაში ბერიამ სტალინს უკვე მოახსენა გაწეული სამუშაოების შესახებ, რომ ყირიმში უკვე ჩატანილი იყო საამშენებლო მასალა, ტექნიკა და ავეჯიც კი. დამონტაჟებულია ქვესადგურები იალტისა და სევასტოპოლის პორტებში და შუქურები უკვე მთელ პერიმეტრს აშუქებენო. მოწესრიგებულია სანავიგაციო სისტემა; ჩატანილია საკვები და თანამშრომლებიც ადგილზე არიან, რომლებიც სპეციალური მატარებლით, უმკაცრეს საიდუმლო ვითარებაში ჩაიყვანეს იალტაში.
კონფერენციის ორგანიზება და სტუმრებისათვის კომფორტის შექმნა დავალებული ჰქონდა სამთავრობო დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ნიკოლაი ვლასიკის მოადგილეს სამეურნეო დარგში, სტალინის სიყრმის მეგობარს და მისი ნდობით აღჭურვილ პირს გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ეგნატაშვილს, რომელმაც შეუძლებელი შესძლო, რათა კონფერენცია მაღალ დონეზე ჩატარებულიყო.
ეს ის ეგნატაშვილი გახლავთ, რომელსაც სტალინმა გერმანული ავტომობილი აჩუქა, რომელიც მას ადოლფ ჰიტლერმა გამოუგზავნა 1939 წელს საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერისა და სტალინის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. შემდეგ ეს ავტომობილი კინოსტუდია "მოსფილმმა" შეიძინა და მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე გადაღებული ფილმების დროს იყენებდნენ.
სწორედ საშა ეგნატაშვილის მიერ შეირჩა ადგილები, სადაც მაღალ სტუმრებს უნდა ეცხოვრათ. მას მთელი ყირიმი შემოუვლია, რომელიც გერმანელების მიერ იყო დაბომბილი და გადარჩენილ შენობებს არჩევდა.
გადაწყდა, რომ რუზველტი იცხოვრებდა ლევადას სასახლეში. იცოდნენ, რომ მას გადაადგილება უჭირდა და კონფერენციის ჩატარების ადგილიც აქ შეურჩევიათ. ოთახები კი რუზველტის გემოვნებით მოუწყვიათ, დაწყეული ფარდებიდან აბაზანის ფილებით დამთავრებული.
ჩერჩილისთვის კი ვორონცოვის სასახლე შეურჩევიათ. ოთახები იქაც უმაღლეს დონეზე იყო მოწყობილი, გათვალიწინებული იყო ყველა საჭირო ნივთი ჩიბუხით დამთავრებული. ბუხარი კი ყირიმის არყის ხეებისაგან დამზადებული შეშით თბებოდა. დილის საუზმეზე იყო ჩაი ლიმონით, შავი პური და კარაქი, ზუთხის ხიზილალა, ორაგული, ქართული ღვინო და ყველი, ყირიმის ვაშლი და რუსული არაყი.
სადილის და საზეიმო სუფრის მომზადება დავალებული ჰქონდა სტალინის პირად მზარეულს, ალექსანდრე რთველიძეს, რომელიც ჯერ კიდევ 1938 წელს ბერიას წაუყვანია მოსკოვში, როცა იგი საბჭოთა კავშირის სახალხო კომისრად დაინიშნა. ეს ის ალექსანდრე რთველიძეა, რომელმაც მოამზადა საზეიმო სუფრა თეირანში ჩერჩილის დაბადების დღეზე.
ქართველ ჩეკისტებს გაუგიათ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ძალიან ჰყვარებია თართი. სასწრფთოდ ბაქოდან ჩამოუტანიათ ორი მეტრის სიგრძის თევზი. საბჭოთა კავშირის საელჩოს ეზოში დაუნთიათ დიდი კოცონი და იქ მოუხარშავთ. შემდეგ მთლიანად, დაუჭრელი დაუდვითა ერმიტაჟიდან ჩამოტანილ დიდ ლანგრაზე. ქართველ მზარეულს ისე შეუკაზმავს და მხატვრულად გაუფორმებია, რომ საბანკეტო დარბაზში რომ შეუტანიათ, ამის მნახველ ჩერჩილს აღტაცებიც უთქვამს "თქვენი მზარეული კულინარიის მოცარტიაო," რუზველტს კი დაუმატებია "და პაგანინიო".
მოკლედ, ასეთი სამზადისი ყოფილა კონფერენციის დაწყებამდე. თავის საქმეს აკეთებდა საინფორმაციო საშუალებებიც, რადიო "ცრუ ინფორმაციებს" ავრცელებდა - "მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ შეხვედრის ადგილზეო". ეს ცრუ ინფორმაცია კი იმისთვის იყო საჭირო, რომ გერმანელებს იგივე არ გაეკეთებინათ, რასაც თეირანის კონფერენციაზე აპირებდნენ...
როცა დასრულდა იალტის კონფერენციის საქმიანი ნაწილი, სამეული საზეიმო სუფრას მიუსხდა. რუზველტს უკითხავს, "ვინ არის ბერია?" "ის ჩვენი ჰიმლერია. თუმცა მასობრივ რეპრესიებში მისი მონაწილეობის მასშტაბი ჯერ კიდევ დისკუსიის საგანიაო" - უპასუხია სტალინს. ამ სუფრაზე ჩერჩილი ფრანგულ კონიაკს სვამდა, როცა გაუსინჯავს არ მოსწონებია. ეს შუმჩნეველი არ დარჩენია სტალინს და უბრძანებია სხვა კონიაკი მოეტანათო.
"აი, ეს კი საუკეთესო ფრანგული კონიაკია" - უთქვამს ჩერჩილს. "ფრანგული კი არა ქართულიაო" - უპასუხია სტალინს. ჩერჩილს იხტიბარი არ გაუტეხავს და უთქვამს ალბათ უცხოელმა სპეციალისტმა დაამზადაო. "არა, საქართველოს კონიაკის ქარხანაში არცერთი უცხოელი არ მუშაობსო" - უპასუხია სტალინს. მაშინ რუზველტს უკითხავს - "აბა ვინ მოამზადაო?". მთავარმა ტექნოლგმა ვახტანგ ციციშვილმაო - უთქვამს სტალინს.
მოკლედ, ჩერჩილი და რუზველტი იყვნენ ერთ-ერთი პირველები ვინც ქართული კონიაკი "ენისელი" დააჭაშნიკა. ამ მცირე დიპლომატიური გამარჯვებით კმაყოფილი დარჩენილა სტალინი და უბრძანებია, რომ "ენისელის" ავტორისთვის, ვახტანგ ციციშვილისთვის სტალინის პრემია მიენიჭებინათ. ამავე კონფერენციაზე ერთ-ერთი სადილის დროს გაასინჯა სტალინმა ჩერჩილს და რუზველტს ქართული ჭაჭა.
ქართული ჭაჭა ყველაზე საუკეთესოა ყველა არაყს შორის, თუმცა მე არ ვსვამ, მსუბუქი მშრალი ღვინოს მოყვარული უფრო ვარო, დაუყოლებია თან სტალინს.