მამუკა ნაცვალაძე
13.02.2017

 გიორგი სააკაძის პერსონა ყოველთვის იწვევდა გამორჩეულ ინტერესს. ყყ ს-ნის 40-იანი წლებისას, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო ფილმი, რომელმაც დასაბამი დაუდო დიდი მოურავის ახალ სიცოცხლეს. ხალხს მაშინვე ენიშნა საოცარი მსგავსება სააკაძესა და სტალინს შორის - ორივემ შვილი გაწირა სამშობლოსათვის. ეს ამ ფილმის მთავარი ქვეტექსტი იყო. სწორედ ასე დაუბრუნდა გიორგი სააკაძე ახალ რეალობას, ქარველთა ცნობიერებას.

თუმცა, აქცენტები ბუნებრივია აღებული იყო არა მასზე, არამედ საბჭოეთის ბელადის პოპულარიზაციაზე. სწორედ ამ გზით უნდა განელებულიყო ის უსასტიკესი სისხლიანი ტერორი და რეპრესიები, სტალინის მოღვაწეობის ყველა ეტაპზე რომ იყო აქტუალური.

მილიონობით რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლობა, გარდა ძალადობრივი ქმედებებისა, ამ გზითაც უნდა დაედუმებინათ. ასე უნდა გაენელებინათ ის ენით აუწერელი სისასტიკე, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობისა და იდეოლოგიის ადამიანების პირადი ვნებებს იყო დაფუძვნებული და არა ქვეყნის ინტერესებს. გიორგი სააკაძე ამ ინტერესთა სფეროში საბჭოთა იდეოლოგებისათვის კარგი იარაღი აღმოჩნდა.

რატომ არ ღირს გიორგი სააკაძის პერსონის დანახვა შავ-თეთრ ფერებში

მაინც ვინ იყო გიორგი სააკაძე? როგორ უნდა აიხსნას მისი გაორებული სახე? როგორ უნდა შევაფასოთ ერთი მხრივ ის ფაქტი, საქართველოს წინააღმდეგ რომ მოუძღვის ჯარს და მეორე მხრივ, საქართველოსთვის რომ სწინავს შვილს? გმირია ის თუ მოღალატე?

ეს კითხვები ხშირად დასმულა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ბუნებრივია ამ რეალობის შავ-თეთრ ფერებში დანახვა ნიშნავს იმას, რომ არაფერი დაინახო. ჩვენ შევეცდებით ის მრავალწახნაგოვანი რეალობა გაგაცნოთ, ეპოქამ რომ შვა, რომლის ლოგიკური შედეგიც გახლდათ ორსახოვანი სააკაძე.

მისი წინააღმდეგობრივი ხასიათი და ისტორიები სწორედ იმ ეპოქას იყო გადაჯაჭვული, სადაც კავკასიაში ერთმანეთს ორი მაჰმადიანური მონსტრი უპირისპირდება - მოძლიერებული ირანი, რომელიც იმდროისათვის უძლიერეს სამხედრო არმიას ქმნის და ოსმალეთი, რომელსაც ვენასთან მდგომს სულ მცირედი დააკლდა მთელი ევროპის დასამორჩილებლად.

ეს ყქ| საუკუნის პირველი მესამედია, ურთულესი ეპოქა საქართველოს ისტორიისთვის. ქვეყანა დაქუცმაცებულია სამთავროებად და ორ სამეფოდ. აღარ არსებობს ერთიანობის მასაზრდოებელი უმთავრესი იმპულსი - დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზა, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მაჰმადიანებმა გადაკეტეს. ამიტომაც იმჟამინდელ მსოფლიო პოლიტიკას საქართველო აღარ აინტერესებს. მსოფლიო ინტერესთა სფეროდან ჩვენ ქვეყანას რეგიონალური ინტერესთა სფერო შემორჩა მხოლოდ.

შიდადაპირისპირება და ფეოდალური დაქუცმაცებულობა საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს ქმნის მაჰმადიანთა დაპირისპირებისისათვის. მთავარი აქცენტები სწორედ ამ დაპირისპირებაზეა აღებული და დაქუცმაცებულმა საქართველომ და გათითოკაცებულმა ქართველობამ თავი სწორედ ამ რეალობაში უნდა გადაირჩინოს. გიორგი სააკაძე ამ ეპოქამ შვა, ეპოქამ, სადაც მხოლოდ ფილიგრინული პოლიტიკით თუ შეიძლებოდა საკუთარი არსებობის შენარჩუნება.

როგორ წამოეგო ახალგაზრდა ლუარსაბი სააკაძის ანკესზე

გიორგი სააკაძის აღზევების უმთავრესი მოვლენა მეფე ლუარსაბ მეორესთან მისი დის ქორწინებას უკავშირდება. ისიც საცნაურია, რომ სულ მალე სწორედ ლუარსაბი გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს დიდ მოურავს.

ბუნებრივია, ამ ფონზე საინტერესოა ის კულუარები, ეს უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები რომ იქარგება.

სააკაძე ამბიციური პიროვნებაა. ის არეული ფონი, რომელიც იმ პერიოდის ქართულ საზოგადოებაშია, სურს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ამისთვის კი სამეფო ოჯახთან ნათესაობაა საჭირო. მისი მომხიბვლელი და, დიდი ალბათობით, სწორედ ასეთ იარაღად შეიძლება გამოდგეს. 20-21 წლის ჭაბუკი მეფის თავგზის არევა ხომ მარტივია...

სწორედ ეს გათვლები აქვს სააკაძეს, როცა საკუთარ მამულში დიდ ლხინს აწყობს და სტუმრად ლუარსაბ მეორეს პატიჟებს. ეს პირველი ნაბიჯია მეფის დასაახლოვებლად, მთავარი საქმე კი მისმა დამ უნდა გააკეთოს, რომელიც სუფრაზე მეფეს ემსახურება.

სააკაძის დის სილამაზეს გულგრილად ვერ შეხვდა ახალგაზრდა მეფე. იქ ჩაუვარდა გულში, ვერ მოერია ემოციების სახალხოდ გამოხატვას... ეს ყველაფერი სააკაძის სცენარითაა გათვლილი, ახლა სცენარის მეორე ნაწილის აღსრულების დროა. სააკაძემ მეფის ემოციებით თავი შეურაცხყოფილად უნდა წარმოაჩინოს.

ამბავი გიორგი სააკაძის ორმაგი სტანდარტისა

ამის შემდეგ საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ეს ყველაფერი "დიდმოურავიანშია" აღწერილი, გიორგის ნათესავის, იოსებ სააკაძის, იგივე თბილელის, პოემაში. ამავე ეპიზოდზე სომეხი ისტორიკოსის არაქელ დავრიჟეცის ცნობიც საყურადღებოა.

უნდა ითქვას, რომ სააკაძე აქ აშკარად თამაშობს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს - ერთი მხრივ, ის ემუქრება ლუარსაბს, რომ თუკი მის დას ცოლად არ მოიყვანს, მოკლავს, მეორე მხრივ დედოფალს, ლუარსაბის დედას მარიამს უცხადებს, "თქვენი შვილი ჩემს დასა მთხოვს, მე არ ვაძლევ ჩემის ნებით, არა ვღირვარ, დაუშალე, გამორჩევის კარგის მცნებით". ეს ფრაგმენტია "დიდმოურავიანიდან."

აქ კარგად იგრძნობა, რომ ის რასაც გიორგი დედოფალს ეუბნება, მისი ოფიციალური პოზიციაა, რომლითაც თითქოს ანგარიშს უწევს დედოფალს, რამდენადაც მარიამს ლუარსაბისთვის დადიანის ასული ჰყავს შერჩეული საცოლედ, სინამდვილეში კი სააკაძე სხვაგვარად ფიქრობს - მოკვლით ემუქრება მეფეს, თუკი მის დაზე არ დაქორწინდება.

ამ ორსახოვნებას ისიც ადასტურებს, რომ დედოფალთან მიმართვისას სააკაძე არ თვლის თავს სამეფო ოჯახთან დანათესავების ღირსად, თუმცა, რატომღაც ეს მოკრძალება სადღაც ქრება მაშინ, როცა იმერთა მეფე გიორგის სთავაზობს გარიგებას, უფლისწულმა ცოლად შეირთოს სააკაძის ერთ-ერთი ასული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება არ შედგა, ფაქტია, რომ აქ სააკაძეს რატომღაც აღარ აქვს ის მოკრძალება სამეფო კარისადმი, რაც ლუარსაბის დედის მარიამისადმი მიმართვისას გვხვდება.

როგორ გეგმავდა ირანის შაჰი ლუარსაბის ჩამოგდებას ისპაჰანში მყოფ ქართველთა ხელით

საბოლოოდ ყველაფერი სრულდება ისე, როგორც მოურავმა დაგეგმა. გიორგი სააკაძემ მიზანს მიაღწია, დაუმოყვრდა სამეფო ოჯახს, ეს ნაბიჯი სულ მალე ტრაგიკული გამოდგება ორივე მხარისთვის.

გიორგი სააკაძე კიდევ უფრო სახიფათო თამაშს იწყებს, კიდევ ერთხელ ცდილობს ბეწვის ხიდზე გავლას, მაგრამ ამჯერად ეს მცდელობა მისთვის სრულიად ახალი ცხოვრების, მისთვის არცთუ სასურველი რეალობის დასაწყისი ხდება.

სააკაძეს ახლა უფრო დიდი მიზნები და ამბიციები აქვს - მას ირანის შაჰთან დაახლოება სურს. ეს ის პერიოდია, როცა შაჰის კარზე უამრავ ქართველს მოუყრია თავი - ზოგი დიდებას ეძებს, ზოგიც განაწყებნებული ფეოდალია, ზოგიც გაიტაცეს ბავშვობაში და ისპაჰანის მიდამოებში აღზრდილნი თავიანთ შანსს ელიან.

ლუარსაბი შაჰისთვის მიუღებელი ფიგურაა, ის არ ეპუება ირანის მბრძანებელს, ქრისტიანობასაც პედანტურად იცავს და ქვეყნის ინტერესებსაც ერთგულებს. არადა მრისხანე აბასს საკუთარი გავლენის მოპოვება სურს ქართლში და ამისთვის იყენებს ისპაჰანში მყოფ ქართველთა კოლონიას.

ამ დროს ისპაჰანშია გიორგი სააკაძის ძმა, მისი რამდენიმე ნათესავი, ასევე რამდენიმე ბატონიშვილი, რომელთაც, როგორც უკანონოდ შობილთ, არანაირი შანსი არა აქვთ ქართლის სამეფო კარზე აღზევებისა. მაგრამ ეს ქართული წესისა და რიგის მიხედვით, ირანული ადათით და აბასის სურვილით კი სწორედ ეს წესი უნდა დაირღვეს, სწორედ ეს უკანონოდ შობილი ბაგრატიონები უნდა აღზევდნენ ტახტზე ლუარსაბის ჩამოგდების შემდეგ.

ერთი სიტყვით, ირანის სამეფო კარი ქართლის სამეფო კარს დიდ მზაკვრობას უმზადებს.

ეს ახალი გამოწვევაა ისეთი აზარტული ადამიანისთვის, როგორიც გიორგი სააკაძეა. ის თავისი ძმის მეშვეობით ამყარებს კავშირს შაჰ-აბასთან. ბუნებრივია, აბასს სააკაძეზე აქვს განსაკუთრებული გათვლა, რამდენადაც გიორგი მეფე ლუარსაბის მოყვარეა და მეფის ნდობით სარგებლობს.

როგორ ამხილა ბერუკა ჯავახიშვილმა გიორგი სააკაძე

აბასის მზაკვრობა და სააკაძის ორმაგი თამაში სულ მალე გამჟღავნდა. ბერუკა ჯავახიშვილმა ამხილა დიდი მოურავი ლუარსაბ მეფესთან. ბერუკა გიორგი სააკაძესთან დაახლოვებული პირია, მას სააკაძე ოჯახის წევრად მოიხსენიებს და ბუნებრივია ასეთ რანგში მყოფ ჯავახიშვილს არ გამოეპარებოდა დიდი მოურავის კავშირები ირანის შაჰის კართან.

ლუარსაბმაც უწყის რომ სააკაძეს უამრავი მომხრე ჰყავს და განაჩენის აღსრულებას მყისიერად ცდილობს. დიდ მოურავს წავკისში იბარებენ, სწორედ აქაა დაგეგმილი მისი დასჯა. მაგრამ სააკაძე ახერხებს ხიფათისგან თავის დახსნას.

სააკაძის ამბიციის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ მას დიდი საიდუმლო ქსელი აქვს შექმნილი, რომელის მეშვეობით საჭირო ინფორმაციას საჭირო დროს იღებს. ამჯერადაც იმუშავა ამ ქსელმა. ბააკა ხერხეულიძემ აცნობა მოურავს ლუარსაბის ჩანაფიქრი.

რატომ აირჩია სააკაძემ ვა-ბანკის პოლიტიკა

ამის შემდეგ სააკაძე იღებს გადაწყვეტილებას გახსნილი თამაში დაიწყოს. ოჯახი დასავლეთ საქართველოში გადაჰყავს და იქ უსაფრთხოდ ტოვებს, თავად კი სპარსეთში შაჰ-აბასთან მიდის.

ის რომ ზუსტად მიუხვდა ლუარსაბი სააკაძეს ჩანაფიქრსა და რალატს, ისიც მოწმობს, რომ მან თავშესაფრის ძიება კი არ დაიწყო - სააკაძეს შეეძლო საკუთარ ოჯახთან დარჩენილიყო დასავლეთ საქართველოში და ასე აეხსნა თავისი უდანაშაულობა მეფისთვის, არამედ აშკარა ბრძოლა გამოუცხადა მას. ეს პრაქტიკულად ვა-ბანკია, ლუარსაბს სააკაძე გახსნილად უპირისპირდება.

მეფის მოღალატე ბააკა ხერხეულიძე ლუარსაბმა განსაკუთრებულად დასაჯა - ცხვირი მოაჭრა. არადა მეფის ღალატისთვის სასჯელი სიკვდილს ითვალისწინებდა. ლუარსაბი ხელხეულიძის მიმართ "უფრო შემწყნარევბელია", სავარაუდოდ ეს წინასწარ გააზრებული ქმედებაა. დიდი ალბათობით, ეს ის პრევენციული ნაბიჯი იყო, რომელიც სხვა, მის მსგავს მოღალატეებს, სააკაძის მიერ შექმნილ მოენეთა მრავალრიცხოვან არმიას მაგალითად უნდა გამოსდგომოდა.

რაც შეეხება თავად გიორგი სააკაძისათვის გამოტანილ სასჯელს, ფეოდალურ სამყაროში ისეთი მკაცრი განაჩენი, როგორიც იყო სიკვდილით დასჯა და მამულის ჩამორთმევა მხოლოდ სახელმწიფოს ან მეფის ღალატისთვის იყო განკუთვნილი.

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ლუარსაბ მეფე სწორედ ამ ფორმატში მოიაზრებდა სააკაძის საქციელს. ბუნებრივია, ამ ამბის მერე ლუარსაბი სააკაძის დასაც შორდება და სრულად ემიჯნება "დიდ მოურავს".

რატომ მიიღო ისლამი სააკაძემ შაჰის თხოვნის გარეშე

ეს 1620 წლის მაისია... სააკაძე ირანის გზას დასდგომია, იქ მას სულ სხვა ასპარეზი ელის. შაჰ-აბასმა უკვე უწყის რაც მოხდა წავკისში. ისიც ესწრაფვის სააკაძესთან შეხვედრას, თუმცა, არ ენდობა... აბასი გონიერი კაცია და კარგად აქვს გაცნობიერებული მოღალატის ფსიქოლოგია, იცის, რომ ღალატს შეჩვეული ზნეს არასდროს მოიშლის.

არც სააკაძეა უგონო, კარგად ხვდება აბასის ფიქრებს და ამ რეალობისას დგამს ისეთი ნაბიჯს, რაც შაჰთან თითქოს კიდევ უფრო დააახლოვებს. ასე მწიფდება გადაწყვეტილება მიიღოს ისლამის რჯული საკუთარი სურვილით, არადა შაჰი ამას არ სთხოვს.

ეს სააკაძის კიდევ ერთი ნაბიჯია ორსახოვანი იანუსის ნიღბის მორგებისა... ვერ გააბრიყვებს აბასს სააკაძის გამაჰმადიანობა... ამ ფაქტით კიდევ უფრო მძაფრად იწყება აბასისა და სააკაძისა იდუმალი მეტოქეობა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×