სტალინი: "კოროვოევი, ბეჰემოთი და აზაბელი - ბერიას კრებითი სახე..."
ია აბულაშვილი
10.02.2017

 "შესაძლოა, ეს სამართლიანიცაა... "ოსტატის" მერე რაღა უნდა დამეწერა", - უთქვამს მიხეილ ბულგაკოვს სიკვდილის წინ. ის, რომ ეს რომანი მართლაც მწვერვალი იყო მწერლისთვის, ამაზე არავინ დაობს და არც ჩვენ ვპირებთ ამ რომანის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ მხარეზე მსჯელობას. მხოლოდ რამდენიმე საინტერსო ამბავს გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.

ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის დაიწყო მწერალმა "ოსტატი და მარგარიტაზე" მუშაობა, 1928 თუ 1929 წელს, მაგრამ, როგორც ამბობენ, რომანის დაწერის იდეა 1928 წელს საქართველოში სტუმრობის დროს გასჩენია - ბათუმში, მწვანე კონცხზე ყოფნის დროს.

ცნობისათვის, მიხეილ ბულგაკოვი საქართველოში პირველად 1921 წელს ჩამოვიდა. იგი თბილისში სასახლის ქუჩაზე მდებარე დავით სარაჯიშვილის სახლში გახსნილ სასტუმროში "პალე-როიალში" ცხოვრობდა. იმ დროს თბილისში თანამედროვე დრამის თეატრში იდგმებოდა მისი გახმაურებული პიესა "ზოიკას ბინა".

რომანის დაწერის ისტორია კი ასეთა: ბულგაკოვი ამ რომანს თავისთვის წერდა უჯრაში ჩასადებად, პირველი ვარიანტიც ზუსტად ისე დაწვა, როგორც მისმა გმირმა რომანში. მწერალს დიდხანს ვერ გადაეწყვიტა როგორი იქნებდა რომანის საბოლოო სიუჟეტი, ან სახელი რა ეწოდებინა. ვარიანტები კი ჰქონდა "შავი ჯადოქარი","დიდი კანცლერი", "სატანა", "ქუდი ბუმბულით", "შავი ღვთისმეტყველი" და სხვა. ერთი წლის შემდეგ კი გაჩნდა სათაური "ოსტატი და მარგარიტა".

საბოლოოდ რომანი დაასრულა 1938 წლის ზაფხულის დასაწყისში, მაგრამ ფართო საზოგადოებამ იგი მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ იხილა.

რომანი "ოსტატი და მარგარიტა" პირველად 1966 წელს ჟურნალ "მოსკვას" მე-11 ნომერში დაიბეჭდა.

თუმცა, სტალინს ეს რომანი ადრე ჰქონდა წაკითხული. ბელადს ორი აბსოლუტურად ერთნაირი ბიბლიოთეკა ჰქონია კუნცევოს აგარაკზე და კრემლში. თითოეული 35-35 ათასი წიგნისგან შედგებოდა. პირად ბიბლიოთეკაში კი მრავალი ისეთი წიგნიც ყოფილა, რომელიც პირადად მის მიერ იყო აკრძალული - მიხეილ ზოშენკოს მოთხრობები, პასტერნაკი, მანდელშტამი.

სტალინს ჩვევად ჰქონდა - წაკითხულ წიგნს, სხვადასხვა გვერდზე თავის კომენტარს ურთავდა და წითელი და ლურჯი ფანქრით აღნიშნავდა.

ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" სპეციალურად სტალინისთვის დაბეჭდეს ერთადერთ ეგზემპლიარად. აღფრთოვანებული დარჩენია ამ ნაწარმოებით და თითქმის ყოველ გვერდზე წითელი ფანქრით მიუწერია: "გენიალურია, მრავალგონივრული მიგნებაა". განსაკუთრებით მოსწონებია წიგნის ერთი ადგილი - დიალოგი, სადაც პილატე აფრანიუს იუდას მოკვლას ავალებს.

ძალიან გაუხალისებია ვოლანდის გარემოცვას და ერთ-ერთ გვერდზე მიუწერია "კოროვოევი, ბეჰემოთი და აზაბელი - ბერიას კრებითი სახე..."

წიგნის შიდა პირველ ყდაზე კი წითელი ფანქრით, დიდი ასოებით მიუწერია "აიკრძალოს. საბჭოთა ხალხისთვის ამ წიგნის კითხვა ჯერ ადრეა". მოეწონა და აკრძალა.

საბჭოთა რეჟიმის ზეწოლისაგან გაბეზრებულ მწერალს, რომელსაც არც ნაწარმოებებს უბეჭდავდნენ და არც მისი პიესები იდგმებოდა, სტალინისთვის წერილი მიუწერია: "მე მოგმართავთ და გთხოვთ შუამდგომლობას საბჭოთა მთავრობასთან, რათა მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ამ თხოვნას უერთდება, გაგავაძევოთ საბჭოთა კავშირიდან".

წერილი სტალინს წაუკითხავს და პირადად დაურეკია რომანის ავტორისთვის: "ესე იგი წასვლა გნებავთ, არა, ამხანაგო ბულგაკოვ... ნუთუ ასე მოგაბეზრეთ თავი?" ბულგაკოვს კი უპასუხია: "არ არსებობს გაჩუმებული მწერალი, თუ ნამდვილი მწერალი ჩუმდება, ის იღუპება"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×