ია აბულაშვილი
09.02.2017

 თბილისი ყოველთვის მუსიკალური ქალაქი იყო, ბევრი გამოჩენილი უცხოელი კომპოზიტორი თუ მომღერალი ნახულობდა აქ შთაგონებას. ამბობენ, თბილისში დაიწყო პეტრე ჩაიკოვსკიმ მუშაობა "მძინარე მზეთუნახავზე", "იოლანტაზე" და "პიკის ქალზე". თბილისის ოპერის სცენაზე გაიცნო ქვეყანამ დიდი ფეოდორ შალიაპინი. სწორედ შალიაპინის თბილისურ იღბალზე გვინდა რამდენიმე საინტერსო ამბავი გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.

როგორც მუსიკათმცოდნეები ამბობენ, შალაპინზე დიდი მომღერალი მსოფლიოში არ არის. კარუზო ტენორებში, ტიტარუფო ბარიტონებში და შალიაპინი ბანებში; ესენი არიან მეფეები ოპერის. ვიდრე ოპერის მეფე გახდებოდა, უღარიბესი პატარა შალიაპინი ეკლესიებში და ქორწილებში გალობა-სიმღერით ირჩენდა თავს და დასიდან დასში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა ლუკმა-პურის საშოვნელად;

ვოლგის ჩამოყოლებით ჯერ ასტრახანში შეჩერდა, შემდეგ ბაქოში, ბაქოდან მატარებლით 30 კაპიკად ჩამოვიდა თბილისში 1893 წლის გაზაფხულზე. 19 წლის ფეოდორ შალიაპინი თბილისში იწყებს სამსახურის ძებნას, მაგრამ ვერ შოულობს. ბოლოს, როგორც იქნა, მიხაილოვის პროსპექტზე ერთ-ერთ ბაღში ღია ცის ქვეშ პატარა სცენაზე დაიწყო სიმღერა და თვეში 2 მანეთს აძლევდნენ. მთელ დღეს კი მშიერ-მწყურვალი, უსახლკარო თბილისის ქუჩებში დაეხეტებოდა, ირგვლივ კი მწვადისა და შოთი პურის სურნელი ტრიალებდა.

ერთხელ ჩითის თავსაფარი უპოვია ქუჩაში, რომლის ერთ კიდეში ოთხი აბაზი იყო გამონასკვნილი "მაშინვე თათრის დუქნისკენ გავქანდი და ლულა-ქაბაბი ვიყიდეო" - ჩაუწერია თავის დღიურში. ერთხელ ვერცხლის ქუჩაზე გასულს იარაღის მაღაზიაში თოფი შეუნიშნავს და ცხოვრებისგან გაბეზრებულს თავის მოკვლა გადაუწყვეტია. ამ საშინელ ფიქრებიდან, ნაცნობმა ხმამ გამოარკვია, იტალიური აქცენტით რომ ეძახდა. ეს მისი ნაცნობი იტალიელი მსახიობი პონტი აღმოჩნდა, რომელთან ერთად თეატრალურ წარმოდგენებში მღეროდა. პონტიმ თავის სახლში კირიჩნზე წაიყვანა, დააპურა და თავშესაფარიც მისცა.

 მერე შალიაპინმა რკინიგზაში სამსახური იშოვა, საღამოს კი ისევ თბილისის ბაღებში მღეროდა. აქ შეუყვარდა თურმე პირველად თბილისში დაბადებული გერმანელი გოგონა მარია შულცი, რომელსაც მალევე დაშორდა.

შემდეგ გულში ჩავარდნია თბილისელი მდიდარი სომეხი ვაჭრის ქალი, რომელსაც ურჩევია, საქართველოში სახელგანთქმულ მუსიკოსს დიმიტრი უსატოვს მიმართეო.

ბედნიერი აღმოჩნდა უსატოვის და შალიაპინის შეხვედრა, ამ შეხვედრის წყალობით უსატოვმა თავისი სახელი უკვდავყო, როგორც შალიაპინის პედაგოგმა. უსატოვმა მას უფასო გაკვეთილები მისცა და ხელიც გაუმართა:

"უსატოვმა რომელიღაც აფთიაქის მფლობელთან გამაგზავნა წერილით. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მან მითხრა, რომ თვეში 10 მანეთს მომცემდა. წინასწარ გამისტუმრა ორი თვის ფული. ვკითხე, ამ თანხის საფასურად რა უნდა გავაკეთო. არაფერი- მითხრა, სიმღერა უნდა ისწავლო, ამისათვის ჩემგან თვეში 10 მანეთს მიიღებო," - იგონებდა შალიაპინი.

აფთიაქარი კონსტანტინე ალიხანოვი იყო, პეტერბურგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული. ბიზნესი კი იმიტომ წამოუწყია, რომ ფინანსურად დახმარებოდა ახალგაზრდა ნიჭერ, მაგრამ შეჭირვებულ მუსიკოსებს. ახალგაზრდა შალიაპინს ეგონა, რომ მას ბარიტონი ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაღალი ბანი "ბანი კანტანტე" ჰქონია. თბილისელმა მეგობრებმა მუსიკალურ წრეშიც მიიყვანეს და ოპერაშიც დაპატიჟეს. პირველი ფეხსაცმელი კი ვალერიან გუნიას უჩუქებია. დაბადების დღეზე კი "კრუჟოკის" წევრებს ჰალსტუხი და ოქროს ქინძითავი: "ეს იყო პირველი ნამდვილი საჩუქარი, ჩემს ცხოვრებაშიო" - იგონებდა შალიაპინი.

მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა თეტარებში, განსაკუთრებით მოსწონდა სუდეიკინის პიესები "პეპო" და "ხათაბალა". მისი დებიუტი კი სცენაზე ალექსანდრე დარგომიჟსკის ოპერაში შედგა. მეორე დღეს გაზეთი "კავკაზი" და "ტიფლისკი ლისტოკი" წერად წარმოდგენაზე და შალაპინის შესახებ. დამწყები მომღერალი ცნობილ ოსიპ პეტროვს შეადარეს.

უსატოვთან გაკვეთილების შემდეგ შალაპინმა შეასრულა ტონიოს პარტია ლეონ კავალოს "ჯამბაზებში", შემდეგ იმღერა მეფისტოფელი "ფასუტში". 1893 წლის 28 სექტემბერს ოპერის სცენაზე იმღერა ვერდის "აიდაში". 1894 წლის სეზონზე კი მას უკვე არაერთ პექტაკლი ჰქონდა ნამღერი ოპერის სცენაზე. თბილისის "პუბლიკა" მას ოვაციებით ხვდებოდა.

"ოქროს საათი, ვერცხლის თასი და 300 მანეთი მივიღე საჩუქრადო," - წერდა შალიაპინი. თავზე დაფნის გვირგვინიც დაადგეს. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ მეგობრებმა დიდი სუფრა გაუშალეს საყვარელ ვერის ბაღში, სწორედ აქ უთქვამს შალიაპინს: "მე ორჯერ დავიბადე: ცხოვრებისათვის - ყაზანში, მუსიკისათვის კი თბილისშიო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×