ია აბულაშვილი
08.02.2017

 1922 წელს, როცა მე ვრედაქტორობდი კვირეულ სალიტერატურო გაზეთ "ბახტრიონს" გადავწყვიტე ტიციან ტაბიძესთან ერთად "ფიროსმანის ნომრის" გამოშვება. მასალების შემზადების დროს გამოირკვა, რომ არც ერთმა ნაცნობმა და პატივისმცემელმა მხატვარის ცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა. ამ მიზნით მე ჩამოვიარე არა ერთი ნაცნობი და მეგობარი ფიროსმანისა, რასაკვირველია უმთავრესად - მიკიტნები, მედუქნეები, მედროგეები, მესაკრავენი, დალაქები და სხვა" - წერდა გიორგი ლეონიძე, რომელმაც ფიროსმანაზე ბიოგრაფიული ფაქტების ჩაწერა 1922 წლიდან დაიწყო და ჩაწერას აწარმოებდა დღიურის სახით. სწორედ ამ დღიურებიდან რამდენიმე ამონარიდს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

ბეგო

"გამიგონია, ფირსმანს ჰყავდა ძმობილი და მეცენატი - "ბეგო". გახსოვთ ფირსმანის სურათზე წარწერა "კამპანიას გაუმარჯოს, ბეგო ამრავლოს". ბეგო თურმე მუხრანის ხიდის სიახლოვეს სცხოვრობს. ავლაბრის აღმართის ძირში, არეულ ხალხში მტკვრის პირას ბეგოს ქოხს მივადექი. როცა ბეგომ გაიგო, რომ ნიკალას ამბების შეტყობა მინდოდა, გახსნა მახსოვრობის უჯრები და ენად გაიკრიფა.

"ხუთი წელიწადი ერთი პურმარილი გვქონდა, როგორ დავივიწყებ... ერთ იჯრაზე ძნელია ყველაფრის მოგონება, დრო უნდა ნიკალას სიცოცხლემ. მთელი სიცოცხლე სმაში და ხატვაში გამოაღამა! ჰხატავდა სასმელი ვიშოვოო, სვამდა - კარგად დავხატოო! მისი ხელიდან სიკეთე გამოვიდა, სიავე - არა! მის პიჯაკს ჯიბე არ უნდოდა. ერთხელ რიყეზედ ერთ მიკიტანს დუქანი მოუხატა. ფული ხელთ არ მისცეს. დაჰკარგავს ან სხვა გამოართმევსო. ისევ მე მომიტანეს გადასაცემად, ნიკალამ ზედაც არ დაჰხედა. ერთხელ კიდევ ფრანცუზები მოვიდნენ (ალბათ ლე-დანტიუ და ილია ზდანევიჩი. გ.ლ.) ნიკალას სანახავად. ნიკოს ნახვის მერე, მის სურათებს შემევაჭრნენ. ნიკოს დასტურით მივყიდე, მაგრამ არც ეს ფული აიღო ჩემგან ნიკალაიმ. "ფული რათ მინდაო?"

ბეგო აღფრთოვანებით იგონებს ამ ხუთ-ექვს წელიწადს, როცა ფიროსმანი მასთან იყო შეკედლებული. დუქანში ბეგოს პატარა ოთახი ჰქონდა, სამზარეულოზე წადგმული (ცარიელი ბოთლების რა რაგინდარის საწყობად) ეს ოთახი ნიკოს აჩუქა დასადგომათ. აქ ცხოვრობდა და მხატვრობდა ფიროსმანი 1905-1910 წლებში. ოთახის მოწყობილობა იყო პატარა ტახტი, ერთი ძველი ვედრო, ფუნჯები, ბოთლები, კირი, საღებავები... მუდამ ჰხატავდა. ხან თავისთვის, ხან ბეგოსთვის. მართალია ბეგოსთან იყო. მისი კარის მხატვარი იყო, მაგრამ სხვასთან მუშაობასაც არ უშლიდა. პირიქით, ბეგო ეუბნებოდა ნაცნობებს - დაახატვინეთ, სარგო მიეცითო! მაგრამ ნიკალა შემოსავალს არ ეძებდა. ბეგომაც იცოდა, მისი ხასიათი და რაც შეეძლო არაფერს აკლებდა; ხშირად, ნამუშევარში ნახმარ ტანისამოსს უყიდდა ხლომე. აბანოშიც დაჰყავდა (პარასკეობით ვაჭრების დღე). სადილი და სასმელიც ბეგოსთან ჰქონდა. ყოველ ახალწელს, შობას, ნათლისღებას, აღდგომას და სხვა "ბედნიერ დღეებში" ნიკო ბეგოსთან იყო დაპატიჟებული.

 "ჩემს დუქანს პატარა ბაღი ეკრა საყვავილე ფარდულებით და პატარა გუბეებით შემკობილი. როცა ნიკო ფხიზელი და თავისუფალი იყო, ბაღში გავიდოდა, ყვავილებს უვლიდა, მიწას ჩაჰყურებდა - მერე დიდი კაკლის ქვეშ დაჯდებოდა გაშტერებული. უფრო გაზაფხულზე იცოდა ბაღში გამარტოება. მაშინ ღვინსაც იქ შევუგზავნიდი. მარტოობა უყვარდა. არავის გაიკარებდა. უცხო ხალხს არ ეთვისებოდა. პირზე დაღონება კი არ იცოდა...

- ნიკალაი,- ვეუბნებოდი, - მარტოობა ძნელია, ოჯახს მოეკიდე!

- მარტო ვარ დაბადებული, მარტო უნდა მოვკვდე! აბა ერთი მითხარი, რომელ დიდ მწერალს ჰქონია ბინა, რომ მე მქონდესო? ძველად სულ გამოკაფულ კლდეებში და ქარაფებში უცხოვრიათ წმინდანებივით (ერთი "წმინდანი" ბეგოსთვისაც დაუხატია სამახსოვროდ "გიორგი განდეგილი". ინახება ეროვნულ გალერეაში. დავით კაკაბაძის კოლექცია) რა მოგვიტანია, რა უნდა წავიღოთო? ერთი მეგობარი დამმარხავს, დარდი არა მაქვსო!" "ვირის კუდივით მოკლეა წუთისოფელიო!" თუ ზარხოშად იყო, ჩუმი ღიღინი უყვარდა: "ლოთებო, ნეტავი ჩვენა" და სხვა. აიღებდა ჭიქას და იტყოდა: "გაუმარჯოს პავლესა, დაისხამს და დალევსა".

- ეხ ნიკალაი! უფასოდ წავიდა, ახლა დაფასდა! რომ მომკვდარიყო, მე ყარსში ვიყავი, დარდად ის მომყვება, ჩემი წილი პატივი ვერ გადამიხდია: ჩემი სუფრა პატარა შესანდობარი ზედ სეფილი - როგორც ჩვენი წესია. მაშინ საფლავი ვერ ვიპოვე, ეხლა კი - ბეგო დაღონდა."

"გრაფი"

დღეს ველაპარაკე ღვინის ვაჭარ სოზაშვილს, მან მითხრა, რომ ფიროსმანს მედუქნეები ირონიით "გრაფს" ეძახდნენო, სწყინდათ, ღარიბი და მშიერი, სხვა ქუჩის მხატვრებივით ლუკმა-პურისათვის ფეხქვეშ არ ეგებოდათ, პირიქით ნიკალაის ყოველთვის ამაყად ეჭირა თავი.

"თავმოყვარე ნიკალაი, საერთოდ ამაყი კაცი არ იყო. არასოდეს არ გაგრძნობინებდა, რომ კარგი მხატვარი იყო. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. საწყალმა არც თავისი შრომის დაფასება იცოდა. მოგვიგდებდა სურათს და გვეტყოდა, რაც გინდათ მომეცითო. ფულს იქვე დახლში ტოვებდა. ჩამოვიდოდა, დუქნის კარებთან, მოითხოვდა არაყს, მწვანილს და დიდხანს იჯდა. მერე ღიმილით მეტყოდა:

- რა გინდა დაგიხატოვო".

დუქანში ყოველთვის გამოჩნდებოდა ვინმე მოსურნე, ან თითონ მედუქნეს დასჭირდებოდა აბრის გამოცვლა, ან ჩანესტიანებული კედლის შელამაზება... მაგრამ სხვა მხატვრებივით ფიროსმანი ფულზე არ მუშაობდა, თავის შრომას ის სცვლიდა მხოლოდ პურსა და ღვინოზე, მოკლედ ერთ ღარიბ სადილზე და ერთ ჩარექა ღვინოში. ისევ ჩვენ თუ ვუყიდდით ხანდახან ჩვენი სინდისით ხალათ-შარვალს. ღვინო და სასმელი კი გამულეველი ჰქონდა, არ დავუჭერდითო," - დასძენს სოზაშვილი.

მხატვარი გიგო ზოზიაშვილის მეუღლე იგონებს: "ერთხელ ნასვამი მოვიდა და გიგო იკითხა, მე ვუთხარი შინ არ არის მეთქი. ძალიან შეწუხდა. უხ! იძახდა. საქმე მქონდაო. მეორე თუ მესამე დილას მე და მეზობელი ჩაის ვსვამდით, ნიკალა მოვიდა, ძალიან მთვრალი და გიგო იკითხა. გიგო შინ არ იყო, ნიკო წავიდა, მაგრამ ისევ მობრუნდა და მითხრა:

- მაშ გიგოსთან ორ სიტყვას დაგაბარებ, ესე უთხარი: შენ გენაცვალე, გიგოჯან, როგორც იმ ხალხს (მხატვართა წარმომადგენლებს - გ.ლ.) ჩემი სახელი უჩვენე და გადამკიდე, ისე მომაშორეო. მაგათი არც ქება-დიდება მინდა და არც არაფერიო. გაზეთში გამომიშვეს, გამლანძღესო (ნიკო გულისხმობდა იმ კარიკატურას, რომელიც 1916 წელს დაიბაჭდა "სახალხო ფურცელის" დამატებაში) ბევრ რამეს, დიდ სასახლეებს მპირდებოდნენ, მაგრამ როგორც აქამდის მიხნავ და მითესავს, ისე უნდა ვხნა და ვთესოო. თავი დღეში არც ბატონი მყოლია და არც მინდაო. გაზეთში კატად გამომხატესო!

ისეთი იყო, მკვდარი: - გიგოს შემახვეწე, ჩამამაშოროს ის ხალხი, ჩამამაშოროს! სურათი გადამიღეს, წამიყვანეს, ასე მოგაწყობთო, ესეო, არაფერი მინდა მაგათიო,- ასე ათავებს თავის ნაუბარს გიგო ზაზაიშვილის მეუღლე.

მესხიშვილთან

"- სად იყავით მაშინ? - მეუბნება თავის სარდაფში ღვინის ვაჭარი მესხიშვილი.- გამკვირვებია, თუ ნიკო გამოჩენილი მხატვარი ყოფილა, რატომ ყურადღება არ მიაქციეთ, როცა დუქან-დუქან გზას იყო გაკრული. მთელი ტფილის-ქალაქი სურათებით გამოჭედა. თვალები სად გქონდათ? ქართველების წესია, ასე არ უყავით ვაჟა-ფშაველას? მაგრამ თუ ნიკო დიდი კაცი გამოდგა, ქება და დიდება ისევ ჩვენ - ჩვენმა პურმარილმა გააძლებინა! ღვინო იყო მისი მახარობელი, როგორც ფუტკარმა დილის მანანა აიღოს, ისე უნდა დაევლო ღვინის დუქნები. თვითონაც დაუქნელ ღვინოსებრ იყო. ერთ ადგილას ვერ დგებოდა.

როდისღაც ვუთხარი: - ნიკო გეყო ამდენი წანწალი. მოდი ჩემთან, მოჯამაგირედ იმუშავე, თვიურ ჯამაგირს დაგინიშნავ, ოთახს, ტანისამოსს მოგცემ. კვირაში ერთხელ აბანო გექნება. დღეში - ჩარექა ღვინო. გაიჩინე შენთვის ყულაბა და დამშვიდებით იცხოვრე, როცა ჩემი საქმეებიდან მოიცლი. იმხატვრე, არა დაგიშლი.

გაიცინა: "ბორკილებს ვერ გავიყრიო!"

რასაც გინდოდა, დაგიხატავდა. საღებავები ჯიბით დაჰქონდა. სპიჩკის კოლოფზე ლომი ეხეტა-ხოლმე, გახსოვთ? ერთხელ ასეთი კოლოფიდან ლომი გადმომიხატა. რა სურათიც მიგეცათ, მიმსგავსებით დაგიხატავდათ. ბევრი აქვს ასე გადმოხატული წიგნებიდან. სხვათაშორის ჩემი პორტრეტი გაადიდა (შევიძინე ეროვნული გალერეისთვის. გ.ლ.).

"ოზმანაშვილის დუქანში ეკიდა ნიკალას 17 სურათი: ქალი კვერცხებით ხელში, დაჭრილი სალდათი, მოწყალების დაი, მელა, კურდღელი, დათვი, ყოჩი, ბავშვი ჯორზე, შოთა რუსთაველი, დედოფალი, ქართველი დედაკაცი ბავშვით, ფური ტაგანით, ძროხა სარძეულით, ვერძი, ლომი ირანისა, ჟირაფი.

ვთხოვე, სურათები მოეყიდა, მაგრამ დიდად იუარა: მე ნიკალას სახსოვრათა მაქვს, ფულში ვერ გავცვლიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×