როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მე-19 საუკუნის თბილისში, რომელიც ძალიან მზარდი ქალაქი იყო, თვე არ გაივლიდა, რომ ახალი დუქანი ან გასართობი სახლი არ გახსნილიყო.
სწორედ ამ დროს გაიხსნა უამრავი დუქანი, აშპაშხანა, მეიხანა, ჩაიხანა, ყავახანა, ტრაქტირი და ათასი სხვა.
ქიაბაბხანა კი სასადილო რიგს ერქვა, რომელიც თბილისში თათრის მოედანთან იყო, ამჟამინდელი გორგასლის ქუჩის გასწვრივ. ვინ სტუმრობდა ამ ადგილებს და როგორ ატარებდნენ დროს ძველი თბილისელები, ამის შესახებ გვინდა რამდენიმე საინტერესო ამბავი გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.
ძველ თბილისში, ასე იყო და კარგა ხანსაც გაჰყვა, რომ თბილისის ჰამქრები წელიწადში ერთ დღეს, უფრო ჰამქრის მფარველი წმინდანის დღეს, თბილისის ერთ დუქანს აიღებდნენ მთლიანად ან კიდევ ბაღებში მიდიოდნენ საქეიფოდ.
ეს მთელი რიტუალი იყო. ჰამქრები ჯერ ქარგლებს დალოცავდნენ, სილას შემოარტყამდნენ, მერე კი იწყებოდა ქეიფი. მოჰყავდათ ბაგრატა თავისი დასტით, ჭიანური თავისი დასტით და იყო მთელი ამბავი. ეს დღე ძალიან შემოსავლიანი იყო მედუქნეებისა და ბაღის პატრონებისთვის, მაგრამ ძველი თბილისური გაგებით, მედუქნე მაინცდამაინც ჩარჩი და ვაჭარი არ იყო. ნაყარაოჩოხლარი მედუქნეები ხშირად თავზეხელაღებული, დამრტყმელი კაცები იყვნენ და მათთან პურმარილიც და გართობაც სხვანაირი იყო. სუფრის მშვენება იყო "პური, ყველი და კეთილი გული, ხელადით ღვინო და დუდუკი".
თბილისური დუქნები და მედუქნეები ხშირად გამხდარან ქართველი პოეტების და მხატვრების შთაგონების წყარო. ფირსმანის ბევრ ტილოზეც, ბევრი მისი მეგობარი მედუქნე და მისი დუქანი იყო აღბეჭდილი. "შავი ვანოს დუქანი", მედუქნე ბეგო იაქსიევი, მეზურნე დიდი ბაგრატა, მეღვინე სარქისა, იარმუკის კინტოები ჰაჯიმა, პარიკა და სხვები.
ფიროსმანი ძირითადად სადგურის მოედანზე, იარმუკასა და რიყეზე მუშაობდა. მარტო ერთ დღეში აღმოაჩინა ფირსმანის რამდენიმე ნახატი გიორგი ლეონიძემ ამ დუქნებში. "ბეგოს დუქანში" ფიროსმანის 7 სურათი იყო, "პატარქალიშვილის დუქანში" - 5 სურათი. "ვოგზლის მედანზე" "შავრობაშვილის დუქანში" 2 სურათი, "ოზმანაშვილის დუქანში" - 16 სურათი, "მარკოზაშვილის დუქანში" - 4 სურათი, "მესხიშვილის დუქანში" - 2 სურათი და ა.შ.
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში "თბილისური დუქნები" და "ორთაჭალის რომანტიზმი" ტრაქტირებმა შეცვალა, სადაც ევროპულად გაზრდილი თბილისელები და უცხოელი სტუმრები ქართულ კერძებთან ერთად ევროპულ კერძებს აგემოვნებდნენ. ქართული სამზარეულოდან გამოირჩეოდა შემწვარი იხვი ვარდის მურაბით და გოგრა ინდაურის ხორცით, შინდისა და ნიგვზის შიგთავსით. ევროპულ მენიუში კი შედიოდა "ბივშტექსი", "ჟარკოე", "შარლოტა" "ბლომანჟე", "პეროგი", "პეროჟნი" და სხვა.
ანტუან მატასის ტრაქტირი იდგა ერევანსკის მოედანზე, რომლის უკან სოლოლაკის ბაღები იწყებოდა. მტკვრის გაღმა იდგა თეოდორ ზალცმანის ტრაქტირი, რომელიც სტუმრებს საკუთარი ლუდით უმასპინძლდებოდა. მიხაილოვის ქუჩაზე თამამშევისა და მანთაშოვის სახლში გახსნილი იყო პირველი ხარისხის საოჯახო რესტორანი, სადაც ყოველდღე იმართებოდა გრანდილზული კონცერტები, ვარშავის, კიევისა და ოდესის ცნობილი ბალეტმეისტერის ვალენტინოვის ხელმძღვანელობით. სამზარეულო აზიური და ევროპული, სადილს ამზადებდა შეფ-კულინარი პაპაშა ვანიჩკა, პრინც ოლდენბურგსკის ყოფილი მზარეული. სადილის დროს უკრავდა სიმებიანი კვინტეტი.
"კლუბ-კაბარეში" გოლოვინის პროსპექტზე ყოველდღე უკრავდა სიმებიანი ორკესტრი და ცეკვავდა "ქართული სტუდიის" ქორეოგრაფი "გასპაჟა თარხანოვა".
ზუბალაშვილების სახლში გახსნილი იყო იტალიელი კარლო მოროჯის ტრაქტირი, რომლის სავიზიტო ბარათი იყო ვერცხლის ჭურჭლით გაწყობილი სუფრა. სარაჯიშვილის სახლში, სასტუმრო "პალე როიალში" კი გახსნილი იყო კაროლინა ლოტის საკონდიტრო.
მეოცე საუკუნის ოციან წლებში პარიზის კაფე-კლუბების კვალდაკვალ თბილისშიც გაიხსნა კაფე-კლუბები, სადაც ცისფერყანწელები, სიმბოლისტები და ფუტურისტები იკრიბებოდნენ.
პირველი ასეთი კაფე გაიხსნა 1917 წელს ქალაქის ცენტრში, სადაც ილია ზდანევიჩმა, იგორ ტერენტიევმა და ალექსეი კრუჩიხინმა ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი გახსნეს, კაფე მოხატა ლადო გუდიაშვილმა, იაკობ ნიკოლაძემ და რუსმა მხატვარმა პიოტროვსკიმ.
ოქტომბრის რევოლუციას გამოქცეული რუსი პოეტები გოროდიცკი, რაფაელოვიჩი, კომპოზიტორი ჩერეპინი და სხვები კი კაფე "ანანოში" იკრიბებოდნენ ქართველ ცისფერყანწელებთან ერთად, რომელიც გოლოვინის პროსპექტზე "არტისტული საზოგადოების" თეატრის შენობის სარდაფში მდებარეობდა (ახალნადელი რუსთაველის თეატრის ქვედა ფოიე. რედ) შემდეგ ამ კაფეს ცისფერყანწელებმა სახელი შეუცვალეს და "ქიმერიონი" დაარქვეს.
"ალბათ მთელ ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს ამდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც "ქიმერიონი" - ამბობდა ტიციან ტაბიძე.
"გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ, სცენიდან გაისმოდა კაჩალოვის ხმა. კომპოზიტორი ჩერეპინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდოიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა "ქიმერიონი" დარქვეს, ვინ არ იყო მაშინ თბილისში. ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კიდევ მეტი გაიძახოდნენ - პოეზია მარტო ტფილისშიაო... ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთადერთი ქალაქი, რომელიც ასეთ "ქცევას" პოეტური მღერით ხვდებოდა. ასე იყო ტფილისის ფანტასტიკა..." წერდა გრიგოლ რობაქიძე.
"ქიმერიონში" გადაუხდია ქორწილი გიორგი ლეონიძეს. "მთელი ღამე ლექსების კითხვა ისმოდა, სუფრა სანოვაგით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ეფიცებოდნენ ერთმანეთს ძმობას და ასე გრძელდებოდა დილამდე" - იგონებდა ლადო გუდიაშვილი.