დოლარიდან ლარში კრედიტის გადატანით მაქსიმუმ მსესხებელთა 30% ისარგებლებს
მარი ჩიტაია
07.02.2017

 კრედიტებით დამძიმებული მოსახლეობა გალარების პროექტს არ ენდობა. მართალია, დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბანკებს ძალიან ცოტა ადამიანი აკითხავს. თუ ასე გაგრძელდება, დოლარიდან ლარში სესხების 30%-ზე მეტი არ გადავა. თუკი 1 კვირის წინ გალარების მსურველთა რიცხვი 400-ს არ აღემატებოდა, ფინანსისტების ვარაუდით, მათი რაოდენობა მოცემულ მომენტში 600-ს არ გადააჭარბებს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ გალარებული სესხების რიცხვი 2000-ს ბევრად არ გადააჭარბებს.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. ასეთი ეჭვის მიზეზი შეიძლება იყოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი მესიჯები. მსესხებლები არ არიან სათანადოდ გარკვეული, თუ რა სარგებლის მიღებას შეძლებენ კრედიტების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანით. არც საბანკო სექტორს აქვს სათანადოდ გათვლილი, რა შეიძლება ამ კატეგორიის მომხმარებელს შესთავაზოს, რასაც კლიენტების მიმართ განსხვავებული მიდგომაც ადასტურებს.

კომპანია "პირადი ბანკირის" ხელმძღვანელის ირაკლი ბერძენაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გალარების პროგრამა დაიწყო და მოსახლეობამ მიმართა ბანკებს, მსესხებლები მიხვდნენ, რომ ამით მათ მხოლოდ გაუძვირდებათ სასესხო ვალდებულება.

კრედიტორმა შეიძლება წააგოს იმით, რომ მან არ იცის, რამდენი პროცენტის გადახდა მოუწევს. ამასთან, დააზარალებს სავალუტო კურსიც, რადგან ლარის გამყარების შემთხვევაში (რის ტენდენციაც აშკარად გამოკვეთილია), სესხის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში მოიმატებს.

"გალარების პროცესი დაიწყო ისე, რომ რამდენიმე დეტალი მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ უცნობია. პირველ რიგში, მან არ იცის, ფიქსირებული იქნება პროცენტი თუ შეიცვლება. ეს არის მთავარი პრობლემა, რადგან მოსახლეობამ არ იცის გალარების შემდეგ რამდენ პროცენტად ექნება სესხი და რეალურად რა სარგებელს მიიღებს. მსესხებელმა თუ დაინახა, რომ ლარი გამყარდა და ჩამოვიდა 2,35-ზე, ამ შემთხვევაში იქნება თუ არა მისთვის გალარების პროგრამა სარგებლიანი? მე ვიტყვი, რომ არ იქნება! იმიტომ, რომ მეტად დაზარალდება.

მაგალითად, კლიენტს აქვს 10 000 დოლარის სესხი, დაახლოებით, 8%-ად. მას მოუწევს 27 000 ლარის გადახდა. ამ შემთხვევაში ეს თანხა მაქსიმუმ, 3 წელზე გადანაწილედება. საპროცენტო განაკვეთი გალარებულ სესხზე იქნება 12-13%-ის ფარგლებში, ზოგს 15%-იც აქვს. არავის უთქვამს, რეალურად რამდენ პროცენტს სთავაზობს. შესაბამისად, ამას დაემატება ლარის გამყარება გარკვეული პერიოდის შემდეგ და აღმოჩნდება, რომ წაგებული დარჩა კლიენტი. იგი ზარალდება როგორც კურსის გაუფასურებით, ასევე სესხის გალარებითაც", - განმარტავს ბერძენაძე.

როგორც "პირადი ბანკირის" ხელმძღვანელი ვარაუდობს, გალარების პროექტი, შეიძლება ითქვას, ჩავარდა.

"მესიჯი არასწორადაა მოსახლეობამდე მისული. ვერც ერთი მსესხებელი ვერ გიპასუხებთ, რატომ ურჩევნია გალარების პროცესში ჩართვა. ვერც ბანკი დაგიდასტურებთ, თუ რას სთავაზობს მომხმარებელს გალარების შემთხვევაში, სესხები არის თუ არა იდენტური. დარწმუბული ვარ, რომ მიდგომა კლიენტების მიმართ სხვდასხვაა, პროცენტიც მერყევია. ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტიულება უკუეფექტს გამოიწვევს. ჩემი აზრით, პროექტის მიმართ უფრო მეტი ნდობა იქნებოდა, რომ საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული იყოს.

ლარის კურსის გამყარებით "გალარებული მსესხებელი" წაგებული დარჩება. ასეთ შემთხვევაში, ვინ აუნაზღაურებს კლიენტს მიღებულ ზარალს? არავინ! ამიტომ ხალხი დაბნეულია. ვერაფრით ახსნა სახელმწიფომ, თუ რატომ სჭირდება მსესხებელს სესხის გალარება. აქ თავი იჩინა იმანაც, რომ მოსახლეობის ფინანსური განათლება არის ძალიან დაბალი. ასეთი ტიპის სესხი მოქცეული იყო ძირითადად 2 ბანკის ხელში. როცა მათ გალარების მოთხოვნით ნაკლებად მიმართავენ, ეს ნიშნავს, რომ პროექტი ჩავარდა.

სიმართლე გითხრათ, არც ბანკებს აწყობთ გალარება, რადგან სავალუტო რისკში შესვლა არ უღირთ. მით უმეტეს, რომ სებ-მა გალარების პროგრამა დაიწყო, რათა მოხერხდეს ლარის გამყარება, თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ ამით ლარი არ გამყარდება. საინტერესოა, მხოლოდ ბანკების სესხი გალარდება? თუ ასეა, მაშინ არაფერი შეიცვლება, რადგან მიკროსაფინანსო სექტორში თუ არ იმოქმედებს გალარება, გამოდის, რომ პრობლემა მაინც რჩება", - აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.

საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სამთავრობო პროგრამის მიმართ პასიური მდგომარეობა შენარჩუნდება, რადგან სესხის ლარში გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია მწირია.

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლია ელიავა ფიქრობს, რომ მომხმარებელს სესხის მომსახურება საგრძნობლად გაუძვირდება, რის გათვალისწინებითაც ხალხს სესხის გალარება არ სურს.

"ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი არის ბევრად მაღალი, ვიდრე დოლარში გაცემული საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, ლარში გაცემული სესხი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, რასაც სებ-ი ათამაშებს ისე, რომ თვითონაც არ აქვს წარმოდგენა, რას აკეთებს. ეს კიდევ უფრო აძვირებს სესხის მომსახურებას. გარდა ამისა, ინფლაციის ზრდაც იწვევს პრობლემას სესხის გადახდაში, ანუ მომხმარებელს რჩება შედარებით ნაკლები ლარი იმისთვის, რათა თავის ფინანსურ ვალდებულებებს მოემსახუროს. ამ სიტუაციის გამოსწორება და გარდატეხა სისტემური მიდგომის გარეშე შეუძლებელია.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე 600-700-მდე სესხი იქნება გალარებული, თუმცა, თუკი მოსახლეობას სარგებელს უკეთესად აუხსნიან, შეიძლება, მართლაც დაიჯერონ და გაალარონ. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, გალარების მოსურნე კრედიტორთა რიცხვი 2000-ს დიდად არ გადააჭარბებს", - აცხადებს ელიავა.

მისი შეფასებით, რეფორმა არ იყო ბოლომდე გააზრებული, რის გამოც ეროვნულ ბანკს დამატებით კორექტივის შეტანა დასჭირდა.

"გარდა ამისა, გადაწყვეტილების ფონზე კომერციული ბანკები დარჩნენ მარტო, მათ არ ჰქონდათ შესაბამისი მითითება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ მოდიოდა მსესხებლის ინტერესთან შესაბამისობაში. ფაქტობრივად, გალარებამ აზრი დაკარგა მსესხებლისთვის და დაინტერესებაც ამიტომაა უმნიშვნელო", - აცხადებს იგი.

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე არ გამორიცხავს, რომ ლარში სესხების მხოლოდ 30% გადავიდეს, რისი მოლოდინიც ჰქონდა ორგანიზაციას პროექტის დასაწყისშივე.

"მსესხებლების პასიურობას ხელი შეუწყო ნეგატიურმა კამპანიამ და ეჭვებმა, რაც გამოითქვა სესხის დოლარიდან ლარში გადატანასთან და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ წლის პირველ ნახევარში 7%-მდე მოიმატებს. ამის გამო ბევრმა არ გამოიჩინა ინიციატივა და ლარიზაციის პროცესში არ ჩაერთო.

დრო კიდევ არის და არ გამოვრიცხავ, ბოლო მომენტში მომხმარებლებმა გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვვარადობდით კიდეც, რომ დიდი აქტიურობა არ იქნებოდა და სესხების მხოლოდ 30% გადავიდოდა ეროვნულ ვალუტაში. შეიძლება სესხის გალარება ყველასთვის არ იყოს სასურველი, მაგრამ სავალუტო რისკის დაზღვევის კარგი საშუალებაა. ამას ბევრმა უნდა მიაქციოს ყურადღება და არა იმას, თუ რა კონკრეტულ შეღავათს მიიღებს.

არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდა მთავრობას, როცა 65 მლნ ლარი სუბსიდია გამოყო, ცხადია, ეს თანხა არ დასჭირდება. საჭირო იყო მეტი საინფორმაცია კამპანია. უფრო ყურადსაღები მსესხებლებისთვის ნეგატიური ინფორმაცია აღმოჩნდა, ამან მეტად იმოქმედა, რამაც განსაზღვრა ადამიანების გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, დრო ჯერ კიდევ აქვთ", - ამბობს კეპულაძე.

როგორც ცნობილია, სესხების გალარება 17 იანვარს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ერთჯერადი სოციალური პროექტი ყველა იმ მოქალაქეზე ვრცელდება, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები 2015 წლის პირველ იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×