ქართულმა ისტორიოგრაფიამ პატარა თუ დიდი ომების შესახებ არაერთი უნიკალური მასალა შემოგვინახა, რომელიც ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩაეტევა, ამიტომ მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი და მასშტაბური ბრძოლებიდან, რამდენიმე საინტერსო მასალას, სადაც განსაკუთრებით ჩანს ქართველი მეფეების თუ მთავარსარდლების ნიჭი და საბრძოლო ტაქტიკა, ასევე ქართველ მეომართა შემართება და თავდადება.
ერწუხის ბრძოლა - 1104 წელი
მას შემდეგ რაც დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, მაჰამდიანურმა სამყარომ მოსვენება დაკარგა და ვერ ეგუებოდა მშვიდად ეცქირა, როგორ აცლიდათ ხელიდან საქართველოს მეფე ამ მდიდარ მხარეს, რომელიც უაღრესად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პლაცდარმიც იყო; ამიტომ გადაწყვიტეს უკან დაებრუნებინათ კახეთ- ჰერეთი.
სელჩუკთა სულთანმა ურიცხვი სპანი შეკრიბა, მის ბანაკში იბრძოდა განძის ათაბეგიც. დავით მეფემ მომხვდურთ "კარგად გაწვრთნილი მცირე ლაშქარი და წვრილი ერი შეაგება". დავითის უცნობი ისტორიკოსის ცნობით, ბრძოლა ერწუხში გაიმართა (ახლანდელი საინგილო). ქართველებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს, რომელსაც მემატიანე დიდ ბრძოლას უწოდებს.
დავით აღმაშენებელი თავად იღებდა მონაწილეობას ბრძოლებში - "თვით მეფე, არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა სპათა თვისთა, თვით წინ უძღოდა, ვითა ლომი შეუძახებდა ხმითა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა".
გმირმა მეფემ არაერთი მაჰმადიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ისე, რომ "ლოპორიდან უკუმომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნენ". ერწუხის ომში დავით აღმაშენებელს "სამი ცხენი გამოუკლნეს და მეოთხესა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი".
შამქორის ბრძოლა - 1195
1195 წლის ივნისს - საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის, აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბექარის წინააღმდეგ ასე დაიწყო. საქართველო დღითიდღე ძლიერდებოდა.
გამწარებულმა მაჰამადიანებმა დახმარება ბაღდადის ხალიფას სთხოვეს. ხალიფამ ინდოეთიდან სამარყანდამდე და დაურუბანდამდე მთელ სამაჰმადიანოში საიდუმლოდ ხალხი დაგზავნა და ლაშქრის შეკრება ბრძანა; მაცნეებს უამრავი ოქრო გაატანა და თან დააბარა, თუ რომელიმე სამეფო ლაშქრობაზე უარს იტყოდა, ერთიანად ამოხოცავდა. მაჰმადიანებმა მეთაურად სპარსეთის სელჩუკიანთა ხელმწიფე აბუ ბექარი შეარჩიეს.
შირვანშაჰმა და ამირ მირანმა, რომელთა დაუძინებელი მტერი იყო აბუ ბექარი, შემწეობა საქართველოს მეფეს თამარს სთხოვეს და თავად ეახლენენ საქართველოში, თამარ მეფემ დახმარება აუთქვა და ბრძანა: "დაწერეთ და მთელს საქართველოს ამცნეთ, რომ სასწრაფოდ შეიკრიბოს მხედრობა. აცნობეთ ყველა ეკლესიას და მონასტერს, რომ განუწყვეტელი ღამისთევა და ლიტონიობა აღასრულოს. წყალობა გაიღეთ გლახაკთათვის, რათა მათ ილოცონ და ღმერთი მოწყალე ჰყონ".
საქართველოს ყველა კუთხიდან მხედართა რაზმები თბილისში შეიკრიბნენ: ჰერები, კახელები, ქართლელები, მესხები, თორელები, შავშები, კლარჯები, ტაოელები, აფხაზები, სვანები, რაჭა- თავკვეთელები და სხვები საომრად მოემზადნენ.
მანამდე თამარ მეფემ სასახლეში სტუმრებს ზეიმი გაუმართა. დარბაზობაზე სტუმრები თამარის სილამაზემ განაცვიფრა. დავით სოსლანი და ქართველი დიდებულები რომ იხილეს, შირვანის შაჰი და მისი სიძე დარწმუნდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. ქართველთა ნადირობა და ბურთაობა რომ უნახავთ, მაშინ უთქვამთ- არც ერაყში, არც ირანში, არც ადარბადაგანში მსგავსი არაფერი გვინახავსო.
ამ დროს, ამბავი მოვიდა - მაჰმადიანები უკვე ახლოს დგანანო. თამარმა ლაშქარი დალოცა და მას უწინამძღვრა ძელიცხოველი, რომელიც ანტონ ჭყონდიდელს ჩააბარა. თვითონ ფეხშიშველი მეტეხის ტაძარში გაემართა ქართველთა გამარჯვების სალოცავად.
მტერი განჯასა და შამქორს დაბანაკებულიყო და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. შამქორს რომ მიუხალოვდნენ, მან ორად გაჰყო ლაშქარი. მცირე ნაწილი ქალაქის კარისკენ გაემართა. დიდი ნაწილით კი დავითმა შამქორი მარჯვნივ მოიტოვა და შეტევა მტრის ზურგში განახორციელა.
დავით სოსლანმა გასაოცარი ძალა აჩვენა, შალვა ახალციხელმა კი ხელთ იგდო ხალიფას დროშა. ქართველებმა გაქცეულებს ბოლმდე სდიეს. მრავალი დიდებული და ბეგი დაატყვევეს. სამი ქალაქი მოარბიეს. აბუ ბექარმა ბრძოლის ველიდან გაქცევა მოახერხა. დამარცხებულები დავლა-ალაფს თავად მოათრევდნენ. მოჰყავდათ ძვირფასეულობით დაზურგული აქლემები და ჯორები. დილით შამქორელები თავად ეხალნენ ქართველთა ბანაკს და ქალაქის კლიტე მიართვეს.
დავით სოსლანი ახლა განჯისკენ გაემართა. აქაურმა დიდებულებმა, დიდმა ვაჭრებმა, ყადებმა - ოღონდ ნუ დაგვხოცავთო, დავით სოსლანს ქალაქის კარი გაუღეს და სასახლემდე ხალიჩა გაუფინეს თავზე კი ოქრო-ვერცხლს აყრიდნენ.
ქართველებმა თორმეტი ათასი კაცი დაატყვევეს, ხელმწიფე თუ აზნური. ხელთ იგდეს ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი. შვიდი ათასი აქლემი. დროშებს, ოქროს- ვერცხლს და ძვირფასეულობს თვლა აღარ ჰქონდა.
უკან დარუნებულები უხვად არიგებდნენ ოქროს და ძვირფასეულობას. ხმლებს თუ მუზარადებს. ანაკოფიიდან გულისტანამდე - მთელი საქართველო წყალობით აივსო. ხალიფას დროშა თამარმა ხახულის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა.
ნახჭევანში გადახვეწილმა აბუ ბექარმა თავის ძმა ამირ- შირმანი მოაწამლინა და განჯა ხელახლა დაიპყრო, მაგრამ თამარის შიშით იქ აღარ დადგა და შორეულ ქალაქს დვინს გადაიხვეწა.
ქართველთა ერთ ჯარს დავით სოსლანი განჯისკენ გაუძღვა, მეორეს კი თამარი; ორივემ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. განჯელები ისევ ხალიფას მიადგენ, ოღონდ სხვა თხოვნით - თამარს ევედრე მახვილი ჩააგოს და ხარკს თუ გვაკმარს, ჩვენ თვითონ მივართმევთო. ხალიფამ თამარს მოციქულები ორჯერ გაუგზავნა, ბოლოს თამარმა მისი თხოვნა შეისმინა.
შამქორის ბრძოლაში ქართველებმა დაამრცხეს მუსლიმანური ქვეყნების უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი. შამქორის ბრძოლის შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა რეგიონში, ესწრაფოდა საზღვრების გაფართოებას და თურქსელჩუკთა საქართველოდან საბოლოო განდევნას.
მარტყოფის ბრძოლა - 1625 წელი
ქართლ-კახეთის ლაშქრის ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ ასე დაიწყო 1625 წელს. ყიზილბაშთა დიდი არმია ყარჩიხანის სარდლობით მარტყოფის ველზე დაბანაკდა და კახეთის აოხრებისთვის ემზადებოდა.
ქართველთა გეგმით, ისინი მოულოდნელად უნდა დასცემოდნენ მტრის ბანაკს. ასეც მოხდა დილით გარიჟრაჟზე, ხარება დღეს ქართლ- კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყარჩი ხანთან. იხმეს გიორგი სააკაძე, რომელიც იმ დროს ირანის ბანაკში იმყოფებოდა. სააკაძემ ყარჩი ხანი სიცოცხლეს გამოასალმა.
სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოეგებოდა, სააკაძემ და მისმა მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი, რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა და გვიან ღამით ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. შაჰ აბასის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს გიორგი სააკაძის ვაჟს პაატას, რომელიც მძევლად ჰყავდა ირანში.
დაღნისის ბრძოლა
1750 წელს ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნის ფეოდალთა ლაშქარს შორის გამართული ბრძოლის ამბავი კი ასე ყოფილა. დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზანს და შემდეგ მდინარე იორზე ჩამოდგა.
ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის წინამძღოლობით მტერს გამოსასვლელი გზები შეუკრეს. მტერი მდინარე იორს დაჰყვა და დაღნის - იორ-ალაზნის შესაყართან დადგა. ქართველები მტერს წამოაეწივნენ და სასტიკი ბრძოლა გაუმართეს, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
თავად მეფე ერეკლე მოწინავე ჯარში იბრძოდა და დაღესტნელთა გადარჩენილმა ნაწილმა ფლატიან გორას შეაფარა თავი, მაგრამ ფლატე მოსკდა და დაღესტნელები დაიღუპნენ. ქართველებმა ხელთ იგდეს ტყვე და ნადავლი.
დაღნისის ბრძოლის შემდეგ დაღესტნელი ფეოდალები კარგა ხანს ვერ ბედავდნენ საქართველოში ლაშქრობას, მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმებით დათარეშობდნენ ქურდულად.
აყირბულახის ბრძოლა
1751 წელს ქართლ-კახეთის ჯარსა და აზატ ხანის ლაშქარს შორის გამართული ბრძოლის ამბავი. აზატ ხანმა გადაწყვიტა თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ჯერ ერევნის სახანოზე მიიტანა იერიში. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს სთხოვა დახმარება.
ქართველთა ჯარი ბამბაკში განლაგდა, მაგრამ სიმცირის გამო ერევნის სახანოში გადასვლა და მტერთან შებრძოლება ვერ შეძლო. მალე ერევნისკენ დაიძრა ერეკლე მეორე, რომელსაც შეუერთდა ერევანთან დაბანაკებული ქართველთა ლაშქარი.
ამ ბრძოლაში ქართველთა ლაშქარში 4 ათასი მეომარი იყო. აზატ ხანს საბრძოლველად 18 ათასი მეომარი ჰყავდა გამოყვანილი.
გადამწყვეტი ბრძოლა ყირბულახთან მოხდა. თავდაპირველად აზატ ხანმა ქართველთა მარცხენა ფლანგს შეუტია და უკან დაახევინა. ერეკლემ თავის მხედრობას დაქვეითება უბრძანა და იერიშზე გადავიდა. მეტრმა ვერ გაუძლო ქართველთა შემოტევას და გაიქცა. ქართველებს დარჩათ დიდძალი ალაფი.
ასპინძის ბრძოლა - 1770 წელი
საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, ერეკლე მეორემ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახაციხეზე გალაშქრება, რათა მესხეთი ოსმალთა ბატონობიდან გაეთავისუფლებინა.
რუსების და ქართველების რაზმი სურამში შეერთდნენ. რუსების რაზმს, რომელიც 1200 კაცისაგან შედგებოდა, გენერალი ტოტლებენი მეთაურობდა. ქართველთა რაზმში კი დაახლოებით 7 ათასი კაცი იყო.
შეერთებული მხედრობა ბორჯომის ხეობიდან ახალციხისკენ დაიძრა და სადგერის ციხე აიღო. ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. ერეკლე მეორე მოითხოვდა ახალციხისკენ გალაშქრებას, მაგრამ რუსმა გენერალმა ტოტლებენმა თავისი რაზმი უკნა მოაბრუნა. ამ დროს მეტრმა დრო იხელთა და ციხიდან გამოიჭრა.
აწყურის ციხეში ახალციხის ფაშას 2000 კაციანი დამხმარე რაზმი უკვე შეგზავნილი ჰყავდა. ერეკლე მეორემ მათ შეტევას სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა, მტერი უკუაგდო და ასპინძისკენ დაიძრა.
ქართველებისთვის გზა რომ გადაეჭრა, ახალციხის ფაშამ 1500 მეომარი გამოიყვანა ახალქალაქიდან და ხერთვისიდან. ერეკლემ ეს რაზმიც დაამარცხა და უკუაქცია. მალე ასპინძასთან მტრის ძირითადი ძალებიც გამოჩნდნენ. ოსმალ-ლეკთა 8 ათასიანი ჯარის დიდ ნაწილს ერეკლე მეორემ მტკვარზე გადასვლის საშუალება მისცა. ღამით კი აღაბაბა ერისთავს, სვიმონ მუხრანბატონსა და ხუდიია ბორჩალოელს მალულად ხიდის თავები გადაახერხინა და მტერს უკანდასახევი გზა მოუჭრა.
როდესაც ქართველები მტრის წინ პირისპირ განლაგდნენ, მარჯვენა ფლანგს დავით ორბელიანი სარდლობდა, მარცხენას გიორგი ბატონიშვილი (შემდგომში გიორგი მე-12) ცენტრს ერეკლე მეორე. საერთო ბრძოლას მეფე ერეკლე ხელმძღვანელობდა.
ბრძოლა ქართველთა შეტევით დაიწყო. მტერმა ვერ გაუძლო დარტყმებს და არეულად უკან დაიწყო დახევა ხიდისკენ. ისრებ გადახერხილი ხიდი ჩაინგრა და ოსმალ-ლეკთა ასობით მეომარი თან ჩაიტანა ადიდებულ მტკვარში. მტერმა ბრძოლის ველზე 4 ათასი მოკლული მებრძოლი დატოვა.