"ორჯონიკიძეს ეძლევა დირექტივა, "მოამზადოს გამოსვლები საქართველოს ცნობილ რეგიონებში"
ია აბულაშვილი
02.02.2017

 როგორ შეცვლა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი საუკუნის წინ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ამის შესახებ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბი გვინდ გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ მეფისნაცვალმა, თავისთან მიიხმო თბილისის ქალაქის თავი, პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ ტოვებდა თბილისს და დაავალა ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის.

რუსეთში განვთიარებულმა მოვლენებმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. როგორც ნოე ჟორდანია იტყოდა, საქართველოს მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ "რევოლუცია ფოსტით" მიიღო.

1917 წლის აპრილში ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით, მოწვეული იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრება - საბჭოს თავმჯდომარე გახდა აკაკი ჩხენკელი. ადგილობრივმა პოლიტიკურმა ძალებმა არ სცნეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება.

1917 წლის ნოემბერში შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდნენ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო ნოე ჟორდანის ხელმძღვანელობით. ეროვნული საბჭო მაშინ პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

თბილისში ამოქმედდა ამერკავკასიის კომისარიატი, რომლის თავმჯდომარე იყო ევგენი გეგეჭკორი. ამიერკავკასიის კომისიარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ წინ აღსდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოების დანიშვნას, ანუ ამერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას. ამიტომ ამიერკავკასიის დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - ამიერკავკასიის სეიმი.

ბოლშევიკების მთავრობას კი გადაწყვტილი ჰქონდა სამხედრო ძალით მოეხდინა ამერკავკასიის ოკუპაცია. რუსეთი განსაკუთრებით ვერ ეგუებოდა საქართველოს "დაკარგვას" და შესაფერ დროს არჩევდა მკერდში მახვილის ჩასაცემად. საქართველოს დე-იურედ აღიარების ცნობამ მზაკვრული ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა აშკარა გახადა.

რატომ გააღიზიანა რუსეთი საქართველოს დეიურედ აღიარებამ

1921 წლის იანვრის ბოლოს დე-ფაქტოდ არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე-იურედ იქნა აღიარებული და ინტენსიური ხასიათი მიეცა უცხო ქვეყნების მიერ დიპლომატიური კავშირების დამყარებას საქართველოსთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მიერ პარიზიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვამ, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელ კრებას გააცნო, დეპუტატთა შორის უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია, სულ მალე საქართველოს მოსახლეობასაც ეუწყა ეს სასიხარულო ამბავი.

1921 წელი. 30 იანვარი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება.

"დღეს 30 იანვარს, ამჟამად ევროპაში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რადიო-დეპეშით აცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ 27 იანვარს უმაღლესმა საბჭომ დე-იურედ სცნო საქართველოს რესპულიკა.

30 იანვრის სხდომაზე, როდესაც დამფუძნებელი კრება განაგრძობდა ჩვეულებრივ საკანონმდებლო მუშაობას და მსჯელობდა საქართველოს კონსტიტუციაზე, სასახლის დარბაზში მობრძანდნენ იტალიის მისიის წარმომადგენლები, რომელთაც მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას გადასცეს მეტად სასიხარულო ამბავი საქართველოს იურიდიულად ცნობისა.

უმაღლესი საბჭოს მიერ ამ ამბავმა, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა, ყველა დეპუტატს შორის აღფრთოვანება და აღტაცება გამოიწვია, ყველა მოუთმენლად ელის შესაფერ განცხადებებს".

ნოე ჟორდანიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაზე

"მოქალაქენო! მომეცით ნება მოგილოცოთ ეს ამბავი, რომელიც ეხდა მივიღეთ. ჩვენ გვატყობინებს ბატონი ევგენი გეგეჭკორი იტალიის მისიის საშუალებით, რომ ამ თვის 27-ში უმაღლესმა საბჭომ იცნო საქართველო იურიდიულად. ამ აქტით იშვა სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში.

ეს ახალი სახელმწიფო არის ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ აქამდე თვითონ ვთვლიდით ჩვენ თავს სახელმწიფოდ. ჩვენს თავს თვითონ ვაღიარებდით სუვერენულ და დამოუკიდებელ ერთეულად.

ახლა კი ამ ჩვენს აზრს, ამ ჩვენს დებულებას, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ ამ სამი წლის წინათ, დაეთანხმნენ მოწინავე სახელმწიფოები და ამით ჩვენ შევედით საკაცობრიო ოჯახში, როგორც სრულუფლებიანი სახელმწიფო სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის.

ჩვენ ამიერიდან არ გვეშინია, არავითარი საფრთხის, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოს ცნობა არის აქტი არა წუთიერი, არამდე არის აქტი მუდმივი. ვუძღვნი მადლობას ინგლისის, საფრანგეთის და იტალიის მთავრობებს".

ამ დროს, საბჭოთა რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმებს აწყობდა. "ამაში უპირველეს როლს მტკიცე ლენინელები - იოსებ ჯუღაშვილი, სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია, აბელ ენუქიძე და სხვები ასრულებდნენ.

 განსაკუთრებით გულფიცხობას იჩენდა ბაქოში მოკალათებული კავკასიის "ნამესტნიკი" სერგო ორჯონიკიძე. რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ბოლშევიკური რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას, რათა საქართველოშიც ისეთივე სისხლიანი კალო გაემართა, როგორიც აზერბაიჯანსა და სომხეთში და დალეწილ-გალეწილი საკუთარი სამშობლო საბჭოთა იმპერიისთვის დაექვემდებარებინა", - ამბობს ისტორიკოსი გიორგი საითიძე.

საქართველოს მაშინდელი ხელისუთფლებისთვის ბოლშევიკების სწრაფვა მოულოდნელი არ იყო. გაზეთი "საქართველო" 30 იანვრის ნომერში წერდა: "თანდათან, ყოველივე ეჭვის გარეშე ირკვევა, რომ ბოლშევიკების მიზანს საქართველოში მხოლოდ ბოლშევიკური გადატრიალება არ შეადგენს, არამედ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის თვით იდეას ებრძვიან.

ეწინააღმდეგებიან საქართველოს, როგორც სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულს და ყოველი საშუალებით ცდილობენ განმეორებით გააბატონონ ჩვენში ის ძალა, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე სული ამოჰხადა ქართველ ერს და მის კულტურას.

ამ "უძღებმა შვილებმა" კი გადალახეს ზნეობის ყველა საზღვარები და ისეთი გააფთრებით ჩაებნენ საქართველოს მოძულეთა ფერხულში, რომ ვეღარ გაგვიგია ვისთან გვაქვს საქმე: მოსყიდულ და მდაბალ აგენტებთან, თუ დაავადებულ გონების ხალხთან! ბოლშევიკები დამხობას უპირებენ საქართველოს! ბოლშევიკები ახალ ბორკილებს უმზადებენ საქართველოს მშრომელ ხალხს...

ქართველი ბოლშევიკები კი კრიჭაში უდგანან მთელს საქართველოს და ცდილობენ თავის ავადმყოფური სურვილებისამებრ შეცვალონ მისი სახელმწიფო-პოლიტიკური გეზი. ახლა ისინი ბორჩალოს მაზრაში შეთქმულებას აწყობენ საქართველოს დასამხობად!" - გაზეთი "საქართველო", 1921 წლის 30 იანვარი.

მართლაც ოქტომბრის რევოლუციის სულისჩამდგმელი ლენინი და ლენინელები დროს არ კარგავდნენ, რათა საქართველოს საკითხი სამხედრო ძალის გამოყენებით გადაეწყვიტათ. იანვრის ბოლოს, ორჯონიკიძეს ეძლევა დირექტივა აუცილებლად "მოამზადოს გამოსვლები საქართველოს ცნობილ რეგიონებში".

28 იანვარს, სტალინი რკპ(ბ) ცკ-ის დადგენილების ამბავს ატყობინებს ორჯონიკიძეს, რომ შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ჩარევა და ოკუპაცია დაგვჭირდესო.

როგორც ისტორიკოსი ამბობს, ორჯონიკიძე დიდ გულმოდგინებას იჩენს და 1921 წლის 11 თებარვალს, ღამით საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში მოქცეულ ბორჩალოს მაზრის, ლორეს რაიონის სომხებითა და რუსებით დასახლებულ სოფლებში აჯანყების პროვოცირებას აწყობს.

აჯანყებულებმა დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს, პირადად ლენინს მიმართეს. თხოვნა ოპერატიულად იქნა დაკმაყოფილებული და მე-11 წითელი არმიის სამხედრო- რევოლუციურ საბჭოს მიეცა წინადადება "აჯანყებულებს" მიშველებოდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეები დავლილი იყო...

შულავერში საქართველოს რევკომი შეიქმნა, რომელშიც სტალინისა და ორჯონიკიძის სურვილით, შეყვანილი იქნენ - ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, ნაზარეტიანი და სხვები.

წითელი არმიის ნაწილებმა ერთდრულად შეტევები წამოიწყეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ ოსეთის და სოჭის მხრიდან. მე-11 არმიასთან ერთად ბრძოლებში ბუდიონის და ჟლობას კავალერიაც მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×