მოვაჭრეები შენობიდან ხანძრის შედეგად გადარჩენილი კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვენ. დღეს, მათ თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე შეხვდა. აბაშიძის თქმით, თბილისის მერია დაზარალებულებს სხვადასხვა ბაზრობაზე გადანაწილებაში დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის ვიცე მერი ბაზრის მფლობელებსაც გაესაუბრა.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ საცავიდან გამოგვეტანა ის ფასეულობები, რაც გადარჩენილი იყო და მესაკუთრეებისთვის მიგვეცა. მეორე პრიორიტეტია, რომ ამ ადამიანებმა გააგრძელონ მუშაობა, მათი გადანაწილება მოხდეს სხვადასხვა ადგილებში და ჩვენ ამაში დავეხმარებით. მესამე - როგორც იცით, მათ აქვთ გარკვეული საბანკო ვალდებულებები როგორც ბანკებიდან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. ეროვნულმა ბანკმა და ჩვენც ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ამაში ვუშუამდგომლებთ მათ"- განაცხადა აბაშიძემ
მოვაჭრეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ მოხდეს მათი კუთვნილი ნივთების შენობიდან გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შეჭრით და გზის გადაკეტივით და შენობის შტურმით აღებით იმუქრებიან. ცოტა ხნის წინ მათთან გამოვიდა შენობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც მოვაჭრეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მას შემდეგ, რაც შენობაში უსაფრთხოების ზომებს გაატარებენ.