ათიათასობით მომხმარებელს ნივთის გამოხსნა კიდევ უფრო გაუჭირდება
ნათია ლომიძე
31.01.2017

 საქართველოში 1000-ზე მეტი მოქმედი ლომბარდია, ხოლო მათ 10 000-მდე მუდმივი მომხმარებელი აკითხავს. სესხების ლარში გაცემის მიუხედავად, რომელიც სალომბარდო ბაზრის საპროცენტო განაკვეთს ნაწილობრივ გააძვირებს, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ისინი მომხმარებელს არ დაკარგავენ, რადგან ლომბარდი მათთვის იოლი ფულის მიღების ერთ-ერთი მარტივი გზაა.

დოლარში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი ლომბარდებში თვეში 3%-მდე მერყეობდა. კომერციული ბანკის მიერ ლარში მათთვის გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კი 6%-მდე გაიზრდება, რაც მომხმარებლის ჯიბეზე უარყოფითად აისახება.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სალომბარდო ბაზარი იმდენად მომგებიანია, თავისი ნებით ამ ბიზნესიდან არავინ გავა, თუმცა ლარში გაცემული სესხები მათ პროცენტს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შეამცირებს.

"ლომბარდების რაოდენობა რამდენიმე ასეულს ითვლის. სესხების ლარიზაცია ლომბარდების ბიზნესსაც შეეხო. ისინი იღებენ სესხს ლარში, მაგრამ ისევ "ილომბარდებენ" ტექნიკასა და ოქროს ეროვნულ ვალუტაში. ეს, რასაკვირველია, საპროცენტო განაკვეთს გაზრდის. დოლარში გაცემული სესხი უფრო იაფია, ვიდრე ლარში და ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხის უარყოფით მხარეს ლომბარდის მეპატრონეები აუცილებლად იგრძნობენ. განსხვევება ამ ორ ვალუტაში გაცემულ კრედიტზე იქნება 4-5 პუნქტი. თუ დოლარში იძლეოდნენ თვიურ სესხს 3%-ად ლარში ეს გახდება 5-6%. აქ ყველაზე მთავარი ის კი არ არის რამდენ პროცენტში გასცემენ სესხს, არამედ ის, რომ მსგავსი ნაბიჯი გაზრდის მოთხოვნას ეროვნულ ვალუტაზე. რამდენად მისცემენ ლომბარდებს ბანკები ასეთი დიდი ოდენობით ლარს, კს ცოტა საეჭვოა.

შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს ლომბარდების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ სალომბარდო საქმიანობა არის იმდენად მომგებიანი, ამ ბიზნესიდან არავინ არ წავა საკუთარი ნებით. ამიტომ მე ვვარაუდობ, რომ ლომბარდების 95% ბაზარზე აუცილებლად დარჩება. მომხმარებლისთვის თანხობრივად სალომბარდე სესხის საპროცენტო განაკვეთი ,რა თქმა უნდა, წამგებიანი იქნება, რადგან ლარში საპროცენტო განაკვეთას ორჯერ მეტს გადაიხდიან, ვიდრე დოლარში იხდიდნენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ელიავამ.

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ლარიზაცია სალომბარდე სესხები საპროცენტო განაკვეთს მკვეთრად გაზრდის. თუმცა, მათაც მოუწევთ წლიური 100%-იანი ლიმიტის დაცვა.

"ლომბარდების საშუალო საპროცენტო განაკვეთი დოლარში იყო, საშუალოდ, 2-3% თვეში. მათ საშუალება ჰქონდათ დაბალი საპროცენტო განაკვეთი დაეწესებინათ, ვიდრე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს. ეს იმიტომ, რომ ლომბარდეს გირაოში აქვთ ჩადებული გარკვეული ლიკვიდური აქტივი. არა მგონია მათზე ახალმა რეგულაციებმა განსაკუთრებულად იმოქმედოს, უბრალოდ, მოუწევთ, რომ არ გადააჭარბონ წლიურ ეფექტურ 100%-ს (გადაჭარბება დასაშვებია თუ მომხმარებელი არ იხდის პროცენტს და მას დავალიანების სახით უგროვდება რამდენიმე თვის გადასახადი).

მგონია, რომ ძალიან რთული იქნება სალომბარდე ბაზრის მონიტორინგი. რაც შეეხება ლარში სესხებს, როგორც ვიცი, ლომბარდებთ აქვთ უფლება დოლარშიც გაცენ მცირე სესხი სხვადასხვა ნივთების სანაცვლოდ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კეპულაძემ.

"პირადი ბანკირი" ირაკლი ბერძენაძის თქმით, მიუხედავად, იმისა რომ ლომბარდების ლიცენზირება არ ხდება, ქვეყანაში მათი რაოდენობა 1000-ზე მეტია. მისი აზრით, ლობარდების ლიცენზირება არც უნდა ხდებოდეს, რადგან ეს სისტემა თუ სპეციალურ რეგულაციას დაექვემდებარა, უარყოფითად აისახება ქვეყანის სოციალურ მდგომარეობაზე.

"იქიდან გამომდინარე, რომ ლომბარდების ლიცენზირება არ ხდება (ჩემი აზრით არც უნდა ხდებოდეს), მათი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 1500-მდე სავალუტო ჯიხურია, ლომბარდების რაოდენობაც დაახლოებით ამდენივე იქნება (შეიძლება ცოტათი ნაკლები), რადგან ეს ორი სფერო ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

კომერციული ბანკების მიერ ლომბარდებზე დაწესებული განაკვეთი, რომელიც ლარში გაიცემა, აუცილებლად გაზრდის მათ მომსახურების საფასურს. გამორიცხულია, რომ იმ პროცენტზე დატოვონ მომსახურეობა რაც დოლარის შემთხვევაში იყო. რა თქმა უნდა ლარში საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება და ეს უარყოფითად აისახება თავად მომხმარებელზე. მიუხედავად ამისა, არა მგონია, ამ ბაზარმა კლიენტი დაკარგოს, რადგან ლომბარდის მომხმარებელი არის ადამიანი, რომელსაც სურს სწრაფი სესხი და სანაცვლოდ ტოვებს კუთვნილ ნივთებს. მარტივი სვლაა იოლი ფულის მისაღებად", - აღნიშნა ბერძენაძემ.

ლომბარდების მფლობელები ლარში გაცემული სესხების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ. საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე არსებული ლომბარდის მესაკუთრე ლევან ქვათაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხი მას და სხვა ლომბარდის მეპატრონეებსაც იძულებულს გახდის საპროცენტო განაკვეტი გაზარდონ, რაც მომხმარებელის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს. "2017 წლის 1-ლი იანვრიდან ყველანაირ ხელშეკრულებას ლარში ვაფორმებთ. ოქროს და ტექნიკასაც ლარში ვილომბარდებთ. დოლარში პროცენტს მხოლოდ მისგან ვიღებთ ვისაც, თავისი საკუთრება პირველ იანვრამდე ჰქონდა დალომბარდებული.

კომერციული ბანკიდან ეროვნულ ვალუტაში სესხის აღება ლომბარდის მესაკუთრეებს იძულებულს გვხდის, საპროცენტო განაკვეთი გავზარდოთ. ეს, ერთი მხრივ, საშიშროების წინაშე გვაყენებს, რადგან შეიძლება კლიენტი დავკარგოთ. თუ მომხმარებელი არ გვეყოლება, მუშაობასაც არანაირი აზრი არ ექნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" ქვათაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×