მარიამ ელიაშვილი
30.01.2017

 თეორეტიკოს-ფიზიკოსი გია დვალი თავის კოლეგებთან ერთად წლებია, რაც დამატებითი განზომილებების არსებობის დამტკიცებაზე მუშაობს. მისი თეორიის მიხედვით, პარალელური სამყაროების არსებობის დადასტურება არამხოლოდ თეორიულად, არამედ, ექსპერიმენტულადაცაა შესაძლებელი.

მართალია, მეცნიერება ამ საკითხს ათეულობით წლებია სწავლობს, თუმცა ჩვენთვის პარალელური სამყაროს ცნებაც კი დღემდე გაუგებარია.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიზიკოსები გვარწმუნებენ, ეს სამყაროები შორს კი არა, ჩვენს ოთახებში, ჩვენგან ერთი-ორი მილიმეტრით არიან დაშორებულნიო, დამატებითი განზომილებების წარმოდგენა კიდევ უფრო რთული და ამასთან, საინტერესო ხდება.

პარალელურ სამყაროებში გასარკვევად "რეზონანსი" გია დვალს ესაუბრა: "ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიმართულება არის ეგრედ წოდებული დამატებითი (ანუ უხილავი) განზომილებების კვლევა. ეს არის ჰიპოტეტური განზომილებები, რომლეთა არსებობა ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულ მოსაზრებებზეა დაფუძნებული.

ჩვენი აღქმის უნარი აფიქსირებს მხოლოდ სამ სივრცით განზომილებას, ანუ მოძრაობა შეგვიძლია ზევით-ქვევით, მარჯვნივ-მაცხნივ და წინ-უკან. ჩვენი აზროვნებისთვის ძალიან ძნელია შეეგუოს იმას, რომ შეიძლება არსებობდეს კიდევ სხვა განზომილებები, რომლებიც არცერთ ზემოთ მოყვანილზე არ დაიყვანება.

მართლაც და როგორ უნდა წარმოვიდგინოთ მოძრაობა რომელიც არცერთი ჩვეულებრივი მიმართულებით არ ხორციელდება? მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი განზომილებები არ არსებობენ", - ამბობს პროფესორი გია დვალი.

სხვა განზომილებების წარმოდგენა, შესაძლოა უფრო გამარტივდეს, თუ გავიხსენებთ, რომ თავად ჩვენს სამყაროშიც არის შეზღუდული სისტემები. მაგალითად, ელექტრული მავთული, რომელშიც ელექტრონები მხოლოდ გასწვრივ გადაადგილდებიან. მათთვის არ არსებობს ზედა-ქვედა.

მეცნიერთა ერთ ნაწილს ღრმად სწამს, რომ პარალელური სამყაროები ჩვენგან ერთ-ორ მილიმეტრში არიან. თუკი ასე ახლოს არიან, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ ვერ ვხედავთ ან რატომ ვერ ვუკავშირდებით მათ?

ამის შესახებ არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი თეორია. სამეცნიერო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია "ბრანების" თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ჩვენს სისტემაში ჩაკეტილები ვართ და დანარჩენ სამყაროებთან ძალიან სუსტი ძალები გვაკავშირებს.

უკეთ გასაგებად გია დვალმა ჩვენი სამყარო წიგნის ფურცელებს შეადარა: "ჩვენი ჰიპოტეზის მიხედვით (რომელიც მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნით არის ნაკარნახევი), დამატებითი განზომილებები არსებობს და მათი ზომა შეიძლება იყოს დაახლოებით მილიმეტრამდეც კი.

აყოვედღიურ ცხოვრებაში ეს განზომილებები ჩვენთვის უხილავია იმ მიზეზით, რომ ის ობიექტები, რისი აღქმაც ჩვენი გრძნობის ორგანოებს ან ჩვეულებრივ ლაბორატორიულ ხელსაწყოებს შეუძლიათ (მაგალითად მატერია რისგანაც ხილული სამყარო შესდგება. ასევე ელექტრომაგნიტური გამოსხივება), "მიჯაჭვულია" სამ განზომილებიან ქვე-სივრცეზე.

ეს შეგვიძლია შევადაროთ წიგნის ფურცლებზე დახატულ ასეობს. ისინიც ხომ მიჯაჭვულნი არიან ფურცლის ზედაპირზე. მეცნიერულად ამ ქვე-სივრცეს ჩვენ "ბრანას" ვუწოდებთ, რაც სიტყვა "მემბრანის" განზოგადებაა. ანუ ამ თეორიის მიხედვით ჩვენ ვცხოვრობთ "ბრანის მსოფლიოში".

ისევე, როგორც წიგნი შედგება ბევრი ფურცლისგან, ჩვენი თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყაროც უამრავი პარალელური ბრანისგან შედგება, რომლებიც ერთამეთის პარალელურად არიან ჩალაგებული დამატებით განზომილებაში. ანუ არსებობს პარალელური ბრანული მსოფლიოები.

როგორც ასოებს არ შეუძლიათ ერთი ფურცლიდან მეორეზე გადასვლა, ჩვენც არ შეგვიძლია ბრანიდან ბრანაზე მოგზაურობა. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ დამატებითი განზომილება ჩვენთვის სამუდამოდ მიუწვდომელია", - განმარტავს დვალი.

გია დვალის თეორიის მიხედვით, ყველა სახის მატერია და ძალა, გარდა გრავიტაციული ძალისა, ჩვენთან ერთად ჩვენი სამყაროს "ბრანაზეა" გაჭედილი. ელექტრონებს, ფოტონებსა და პროტონებს არ შეუძლიათ გადაადგილება სამზე მეტ განზომილებებიან სისტემაში.

ელექტრული და მაგნიტური ტალღებიც მხოლოდ სამგანზომილებიან სისტემაში, ჩვენს სისტემაში ვრცელდებიან. მხოლოდ გრავიტაციულ ტალღებს აქვთ უფრო მეტ განზომილებიან სისტემაში გავრცელების უნარი.

გრავიტაციის გადამტანი ნაწილაკი, გრავიტონი (ეს ნაწილაკი ჯერ აღმოჩენილი არაა, თუმცა აღმოჩენილია ის ენერგია, რომელსაც გრავიტონი წარმოქმნის) თავისუფლად მოძრაობს ამ სისტემებში. ანუ დამატებითი განზომილებების დამტკიცება მხოლოდ გრავიტაციას შეუძლია, გრავიტაციის არსებობის გარეშე კი დამატებით განზომილებებთან დაკავშირება თეორიულადაც კი შეუძლებეელი იქნებოდა.

მოსაზრებები პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ აბოტმა გააჟღერა თავის წიგნში "ბრტყელი სამყარო", სადაც მოქმედება გეომეტრიულ ფიგურებში ვითარდება.

პირველი მეცნიერი, რომელმაც ვარაუდი გამოთქვა პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ, პროსტონის უნივერსიტეტის ლექტორი ჰიუ ევერეტი იყო, თუმცა მისი ინტერპრეტაციის პრაქტიკულად შემოწმება შეუძლებელია.

დვალის თეორიის მიხედვით, კი ამ ენერგიების გაზომვა ცერნის ადრონული კოლაიდერის - ნაწილაკების ამაჩქარებლის დახმარებითაა შესაძლებელი. სწორედ ამით განსხვავდება დვალის თეორია დანარჩენი თეორიტიკოსების მოსაზრებებისგან: "დამატებითი განზომილებების იდეა შორს მიდის როგორც მეცნიერულ ასევე ლიტერატურულ წარსულში.

სიახლე მდგომარეობს იმის გააზრებაში, რომ ეს განზომილებები შესაძლოა იყოს იმდენად დიდი, რომ მათი ექსპერიმენტული დაკვირვება მოხერხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კერძოდ, ცერნის ამაჩქარებელზე. ეს თეორია კოლეგებთან, ნიმა არკანი-ჰამედთან და სავას დიმოპოულოსთან ერთად შევიმუშავეთ.

თუკი საკმარისი ენერგიით შევაჯახებთ ნაწილაკებს ჩვენს ბრანაზე ამით შევძლებთ დანარჩენი ბრანების ოდნავ შეშფოთებას. წარმოიდგინეთ: თუ წიგნის ერთ გვერდს საკმაოდ შევარხევთ, ეს შეშფოთება შეიძლება სხვა გვერდებს გადაეცეს, ანუ გავრცელდეს ტალღა, რომელიც პარალელურ ბრანებს აკავშირებს.

ასეთი ტალღის ექსპერიმენტულად შექმნა დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს მსოფლიოში უძლიერესი ამაჩქარებელი არის ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარალელური სამყაროების აღმოჩენაა. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი", - ამბობს დვალი.

ექსპერიმენტების უკედ გასაანალიზებლად, წარმოვიდგინოთ ბილიარდის მაგიდა. ჩავთვალოთ, რომ მაგიდის ზედაპირი ბრანაა და მასზე ბილიარდის ბურთები "ცხოვრობენ", თუ ბურთულებს ერთმანეთს დიდი სიჩქარით დავაჯახებთ, ერთ-ერთი მათგანი ზევით ავარდება, ანუ სხვა სისტემაში გადაინაცვლებს. სწორედ ასეთი დიდი ენერგიის მინიჭებას ცდილობენ ნაწილაკებზე ადრონულ კოლაიდერში.

ნაწილაკების დაჯახებით წარმოიქმნება 10-19 მეტრი სიგრძის შავი ხვრელები, ისინი ასხივებენ ჰოკინგის რადიაციას და უჩინარდებიან 10-27 წამზე ნაკლებ დროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ენერგია არის ძალიან მცირე, მას შეუძლია წარმოქმნას ვიბრაციული სიმები ან შავი ხვრელები. დაჯახებების ნაწილი წარმოქმნის გრავიტონებს.

ეს პროცესი არის უმნიშვნელო კონვექციური თეორიისთვის და მას არ შეუძლია პირდაპირ დააფიქსიროს გრავიტონები, მაგრამ შესაძლოა გამოყოფილ ენერგიაზე დაკვირვება. ეს თეორია წინასწარმეტყველებს დაკარგული ენერგიის სპეციფიურ თვისებებს, კერძოდ, თუ როგორ წარმოიქმნება ენრეგია დაჯახებებით.

დვალი თავის ნაშრომში საკუთარ მოსაზრებას თეორიულად ნიუტონის კანონებითაც ასაბუთებს. ექსპერიმენტები რთული, დახვეწილი და აღმაფრთოვანებელია, მათ შესაძლოა ახალ სამყაროს ახადონ ფარდა.

ის კოლოსალური ენერგიები, რომელთაც ცერნის ამაჩქარებელი სძენს ნაწილაკებს დამატებითი განზომილებების ძიების გარდა, მეცნიერებს შავი ხვრელების საიდუმლოებების გამოკვლევასა და გრავიტაციის შესახებ ცოდნის გაღრმავებაშიც დაეხმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×