საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნა. მისი ხსენების დღე საქართველოში წელიწადში ორჯერ აღინიშნება, პირველ ივნისს საქართველოში მისი შემოსვლის და 27 იანვარს - გარდაცვალება.
"14 იანვარი (ახ.სტილით 27 იანვარი. რედ) ყოვლად სადიდებელი დღეა ყოველის ქართველისათვის. ამ დღეს უქმობს, ამ დღესა დღესასწაულობს საქართველოს ერი და ეს დღეა დღე მიცვალებისა ჩვენის განმანათლებლის მოციქულთა სწორის წმინდა ნინოსი.
"ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდმო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავის უძლურესი ფეხითა მთანი და კლდენი, მოვიდა იქ, "სადაც ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ", პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი.
ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, რომელიც "ძველმა ჭეშმარიტებისამ", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანას.
წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელად", - წერდა ამ დღესთან დაკავშირებით დიდი ილია ჭავჭავაძე.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა ზაბულონი დიდგვაროვანი კაცი იყო. თორმეტი წლის რომ გახდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება და თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ.
მამამ შვილს მოუწოდა სამარადისოდ ჩაენერგა გულში ღვთის შიში და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. შემდეგ უკანაკნელად ეამბორა შვილს და იორდანეს მიღმა უდაბნოში განმარტოვდა.
პატრიარქმა წმინდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად, სწორედ მისგან გაიგო ნინომ, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფეო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
ერთხელ, როდესაც წმინდა ნინო ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატთან, მას ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა და უთხრა: "აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდობილ ქვეყანაში საქართველოში. წადი სიმხნევით, უშიშრად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე". ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე მოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და უთხრა "ამით დაძლევ ეშმაკს და წარმართავ ქადაგებას. მე შეგეწევი და არ დაგტოვებ".
წმინდა ნინოს მოსვლა საქართველოში
წმინდა ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში, ფარავნის ტბასთან შეჩერდა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში კაცი ეჩვენა, რომელმაც წერილი მისცა და უთხრა "წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოევლინე". წერილს თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და როგორც მოსეს ქვის ფიცარზეა - ათი სიტყვა იყო დაწერილი.
მრავალი ჭირითა და წვალებით მოაღწია ქართლამდე და ურბნისში შეჩერდა, სადაც ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. ურნისიდან მცხეთაში ჩავიდა, აქ ნახა არმაზის კერპის თაყვანისცემა, ამ კერპის მსახურების შემყურე ნინომ ლოცვა დაიწყო და უფალს შეევედრა გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.
ამ დროს გაისმა საზარელი ქუხილის ხმა. ხალხი გაიქცა. ღრებლებმა მოიტანა სეტყვა იმ ადგილას, სადაც კერპები იყვნენ აღმართული. სეტყვამ კერპები დალეწა და ნამსხვრევები კლდეში ჩაყარა. როცა ქარი ჩადგა ნინო გამოვიდა კლდიდან გაემართა იქ, სადაც ძველად ციხე მდგარა, იქვე იდგა მშვენიერი ბრინჯის ხე, იმ ხის ქვეშ გამოსახა ჯვრის ნიშანი და ექვსი დღე ლოცულობდა.
ნანა დედოფლის განკურნება
წმინდა ნინო სამი წლის მანძილზე ახდენდა ხალხის კურნებას მაყვლის ეკალ-ბარდით სავსე ადგილას. ნანა დედოფალი მაშინ ძალიან ავად იყო, მისი განკურნება ვერავინ შესძლო. ვიღაცას უცნობებია დედოფლისთვის, რომ რომაელ ტყვე-ქალს, სახელად ნინოს, თავის ლოცვით მრავალი სნეული განუკურნავს.
დედოფალმა უბრძანა მსახურებს მასთან მოეყვანათ, მაგრამ ნინომ უარი თქვა და მსახურებს უთხრა, თუ დედოფალი მის სამყოფელოში მოვიდოდა, მაშინ ის განკურნავდა ქრისტეს ძალით.
როდესაც დედოფალი ნინოსთან მიიყვანეს მაყვლოვანში, იგი დააწვინეს წმინდანის კილიკაზე (უხეში ბეწვისაგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ეცვათ. რედ) ნინომ დაიწყო ლოცვა, აიღო თავისი ჯვარი და შეახო სნეულს თავზე. დედოფალი მაშინვე განიკურნა. განკურნებულმა ნანა დედოფალმა ირწმუნა ქრისტე და თქვა - "არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესი, რომელსაც ტყვე ქალი ქადაგებს".
მირიან მეფე და მისი სასწაულებრივი გადარჩენა
323 წელს, ერთ ზაფხულის დღეს მირიან მეფე სანადიროდ გავიდა მუხრანის მხარეს. შუადღისას მთაზე მას მზე დაუბნელდა, მეფეს ყველა თანმხლები შემოეცალა და მარტო დარჩა. შეშფოთებული ამბობდა, თუ მთელი ქვეყანა მოიცვა უკუნმა, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზეო?
გზააბნეული დიდხანს ეძებდა საშველს, მაგრამ არსაიდ იყო, მაშინ უთქვამს, არმაზსა და ზედანს ვცემდი თაყვანს და მათ ვერ მომიტანეს შვება. ახლა ვახსენებ მას, ვისაც ნინო ქადაგებს, ჯვარცმულს და მის ჯვარს, თუ მხოლოდ მე დამიბნელდა მზე, იქნება მიხსნას გასაჭირისგან.
მეფემ მიმართა ნინოს ღმერთს და სთხოვა გაენათებინა მისთვის ბნელი. იქვე დადო პირობა, რომ აღიარებდა მის სახელს და მიიღებდა ქრისტიანობას. ეს თქვა თუ არა, იმწამსვე განათდა და მზე გამობრწყინდა.
წმინდა ნინოს გარდაცვალება
მას შემდეგ, რაც მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოაქცია წმინდა ნინო ბოდბეში დასახლდა და განაგრძო მოღვაწეობა. წმინდანი იქვე აღესრულა. მეფე მირიანს მისი დაკრძალვა სვეტიცხოველში უნდოდა, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმინდანის სარეცელს და იქვე ბოდბეში დაკრძალეს.
დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა "სიობლესა თვისსა". გარდაცვალების წინ კი დედოფალ ნანას ადნდერძად დაუტოვა - "სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმ. ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილიო".
ბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი ქართველთა და დიდებულთა უპირველესი საზრუნავი იყო. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენიერა და გააფართოვა, ბოდბის მონასტერი, სამნავიანი ბაზილიკის სახე კი ტაძარმა მერვე-მეცხრე საუკუნეებში მიიღო; მე-12 საუკუნეში დემეტრე პირველმა კიდევ ერთხელ შეამკო წმინდა ნინოს განსასვენებელი.
როგორც ამბობენ, მონღოლებმა, რომლებმაც მთელი ქვეყანა ააოხრეს ხელი ვერ ახლეს და ვერ დაანგრიეს ბოდბის ტაძარიო.
ბოდბის მონასტერი, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, მე-17 საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც ღვთისმეტყველებასთან ერთად საერთო მეცნიერებაც ისწავლებოდა.
აქ იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ბოდბეში ერთ-ერთი დიდი და ძლიერი მამათა მონასტერიც არსებობდა.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ბოდბის ეპარქიის მღვლედმთავარი იყო ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იოანე ბოდბელი (მაყაშვილი). სწორედ მისი ძალისხმევით მოიხატა 1823 წელს ტაძარი, გაკეთდა კანკელი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
1837 წელს იოანე მაყაშვილის გარდაცვალების შემდეგ ბოდბის ეპარქია გაუქმდა, მოიშალა მონსტერიც და სემინარიაც. ამის შემდეგ ბოდბეს არქიმანდრიტი განაგებდა. არქმანდრიტ მაკარის დროს 1862 წელს დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს დასრულდა.
მე-19 საუკუნის მიწურულს 1888 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა მოინახულა ბოდბე, მისი ბრძანებით 1889 წელს გაიხსნა დედათა მონასტერი, აქვე მოქმედებდა ქალთა სასწავლებელი.
1902-1906 წლებში მონასტრის წინამძღოლი იყო იოვენალია (ერობაში თამარ მარჯანიშვილი, კოტე მარჯანიშვილის და. რედ.) საქართველოს ამ უმძიმეს პერიოდში, როდესაც რუსი ეგზარხოსები ქართულ ეკლესია-მონასტრებს აუქმებდნენ და გარუსების პოლიტიკა მძვინვარებდა, თამარ მარჯანიშვილმა ბოდბის ქალთა სასაწვლებელში ქართული სწავლება სავალდებულო გახადა.
მისი დამსახურებით ბოდბის ტაძარში წირვა-ლოცვა და გალობა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. 1906 წელს იმპერატორ ნიკოლოზ მეორის განკარგულებით ბოდბის ეკლესიას პირველი კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.
ბოდბის მონასტერს სტუმრობდნენ იმ დროს საქართველოში მყოფი ცნობილი უცხოელი მოღვაწეები. ინგლისელმა მწერალმა და მეცნიერმა ოლივერ უორდროპმა ღია წერილიც კი მიუძღვნა ამ შესანიშნავ ეკლესიას.
ბოდბის მონასტერში იყო ასევე ოთხ ადგილიანი საავადმყოფო, რომელიც დააარსა სიღნაღის მაზრის ექიმმა, შემდგომში ცნობლმა ქართველმა ექიმმა ნიკო ჯანდიერმა. (მან სამედიცინო განათლება ილია ჭავჭავაძის დახმარებით მიიღო და პირველი იყო, ვინც ილიას გულის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვა, რომელიც შემდეგ ცნობილმა გერმანელმა ექიმმა ვაგნერმა დაადასტურა. რედ.)
1924 წელს ბოლშევიკებმა ეკლესია დახურეს. ბოდბის მონასტრის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალი მუქარისა მონასტერს არ ტოვებდა.