საქართველოსა და მსოფლიოში ღვინის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ამას სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს. მეღვინეობის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის აქტიური მომხმარებელია, თუმცა ევროპულ ქვეყნებს მაინც საკმაოდ ჩამორჩება. ქვეყნის შიდა მოხმარების ბაზარზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თეთრ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას, რაც მასზე მოთხოვნის მაჩვენებელს ერთიორად ზრდის.
საქართველო წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს, რაც ნამდვილად არაა განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი. ღვინის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქვეყნაში ღვინის წლიური მოხმარება 78 000 ლიტრს აღწევს.
იმავე კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ღვინის მოხმარების მხრივ პირველ ათეულში ევროპის ქვეყნებია: ყველაზე მეტ ღვინოს ერთ სულ მოსახლეზე (წლიურად 54,26 ლიტრი) ვატიკანში მოიხმარენ, მეორე პოზიციაზეა ანდორა (46,26 ლიტრი), მესამეზე კი - ხორვატია (44,20 ლიტრი ღვინით ერთ სულ მოსახლეზე).
სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 150-დან 170 მლნ ბოთლის ეკვივალენტი ღვინო იწარმოება, რაც ღვინის მოხმარების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
"მოხმარება იზრდება და ჩემი აზრით, 17 ლიტრი არ არის ზუსტი მონაცემი და საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ღვინო ისმევა საქართველოში. დაახლოებით 150-დან 170 მლნ ბოთლის ეკვივალენტი ღვინოს ვაწარმოებთ (მოსავალს გააჩნია, შეიძლება იყოს ცოტა მეტი ან ნაკლებიც). აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს რომ დავიანგარიშოთ ერთ სულ მოსახლეზე 20 ლიტრზე მეტია, რა თქმა უნდა, უხეში გამოთვლით.
საქართველოში ბოლო დროს ღვინის მოხმარება შესამჩნევად იზრდება, რაც ხარისხზეც აისახება. ქალაქის მოსახლეობა მოიხმარს თეთრ კლასიკურ ღვინოს (ჩვენთან რასაც ევროპულს ეძახიან), ხოლო სოფლის მოსახლეობა ქვევრის ღვინოს. ქართველები უფრო მეტად თეთრი ყურძნისგან დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოს ეტანებიან, ვიდრე წითელს.
ჯერ ადრეა ბოლო მონაცემებზე საუბარი. მოსავალზეა დამოკიდებული როგორი წელი გვექნება, მაგრამ ვფიქრობ, 2017 წელს მოხმარება გაიზრდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების ხარჯზე", - განუცხადა "რეზონანსს" ხეცურიანმა.
მეღვინეობის სფეროს სპეციალისტი ვაჟა გოცირიძე "რეზონანსთან" ღვინის მნიშნველობაზე საუბრობს და მის სარგებლიანობას სხვადასხვა კვლევით ადასტურებს. მისი აზრით, შედეგი, რომელიც კვლევამ აჩვენა და რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთი ადამიანი წლიურად 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს, საკმაოდ დამაჯერებელია.
"ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს სისხლძარღვთა დაავადების დონე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევამ დაადასტურა, რომ სადაც ღვინოს მოიხმარდნენ და არა არაყს, იმ ქვეყნის მასშტაბით ნაკლებია გულსისხლძარღვთა დაავადებები. განსაკუთრებით წითელი ღვინის მოხმარება აუმჯობესებს ადამიანის სასიცოცხლო უნარებს. ამას დაერქვა "ფრანგული პარადოქსი" და ამ თეორიამ საქართველომდეც მოაღწია.
ვერ ვიტყვი, რომ ღვინის მოხმარების კუთხით პასიური ქვეყანა ვართ, მაგრამ არც მთლად ლიდერებში აღმოვჩნდით. დასახელებულ მაჩვენებელს რაც შეეხება, ვფიქრობ, საკმაოდ დამაჯერებელია ის, რომ საქართველოში ერთი სული მოსახლე წლიურად 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს.
რაც შეეხება თუ რომელ ღვინოს უფრო ეტანებიან ქართველები - წითელს თუ თეთრს - ამაზე, მსჯელობა სტატისტიკის გარეშე გაგვიჭირდება, რადგან ეს გემოვნების საკითხიცაა. ზოგს წითელი ღვინო მეტად უყვარს, ვიდრე თეთრი", - განუცხადა "რეზონანსს" ვაჟა გოცირიძემ.