მერიასა და გამგეობებში დამატებით დაფინანსებაზე განცხადებების რაოდენობამ მოიმატა
მარი ჩიტაია
24.01.2017

 მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სამედიცინო ხარჯის გაწევა თანადაფინანსების პირობებშიც უჭირს. საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური მუშაობისა და იმ შეღავათის მიუხედავად, რასაც ეს პროექტი ეწევა, ხალხი სამედიცინო ხარჯის 30%-ის გადახდასაც ვერ ახერხებს. ცნობილი პრაქტიკაა - რასაც სახელმწიფო პროგრამა არ ფარავს, მისი შევსება მერიას ან მუნიციპალიტეტებს უწევთ. ამას მოწმობს ამ სტრუქტურებში მიმართვის გაზრდა. ხალხი ყველაზე მეტად სწორედ ოპერაციების თანადაფინანსებას ან წამლების ფულს ითხოვს, რადგან ელემენტარული ხარჯის გაწევაც კი არ შეუძლიათ.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, "სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების" პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს უწყებამ 40 033 განაცხადი მიიღო. აქედან ნაწილობრივ ან სრულად 39 418 განაცხადი დაფინანსდა, ხოლო 615-ზე უარია ნათქვამი. საქართველოს კლინიკებში სამედიცინო მომსახურების მიღების თხოვნით დაფინანსებულია 39 116 განაცხადი, ხოლო უცხოეთის კლინიკებში - 302.

თბილისის მერიამ 2016 წელს მედიკამენტებზე მოთხოვნა დაუფინანსა 18 026 მოქალაქეს, ხოლო ოპერაციულ მკურნალობაზე - 10 240 მოქალაქეს.

რაიონულ გამგეობებში აცხადებენ, რომ დაფინანსების გაცემისას მათი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი მოსახლეობაა, თუმცა შეძლებისდაგვარად ეხმარებიან სხვა კატეგორიის მოქალაქეებსაც. როგორც გლდანის რაიონულ გამგეობაში აცხადებენ, ყველაზე ხშირად მოქალაქეები გამგეობისგან სწორედ ოპერაციების თანადაფინანსებისა და წამლების შეძენის მიზნით წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიმართავენ.

გლდანის გამგეობის საზოგადოპებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ოპერაციების თანადაფინანსებისა და წამლების შეძენის მხრივ 2015 წელს - 10 000-მდე, ხოლო 2016 წელს - 12 000-მდე ბენეფიციარს გაუწიეს დახმარება. "საქსტატის" მონაცემებით, გლდანის რაიონში 26 000 ბენეფიციარია.

ისნის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო აბიაშვილის ინფორმაციით, რაიონში სულ 37 000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახია აღრიცხული, რომლებსაც გამგეობა სხვადასხვა პერიოდულობით ეხმარება.

"ჩვენი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახებია, თუმცა მოგვმართავენ ისინიც, რომლებსაც ასეთი "სტატუსი" არ აქვთ. მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიხილავთ მათ განცხადებებს და შესაბამის რეაგირებას ვახდენთ. ბიუჯეტი მაქსიმალურად იხარჯება ამისთვის", - ამბობს აბიაშვილი.

სამგორის რაიონის გამგეობაში "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, რომ მოსახლეობის მხრიდან როგორც ოპერაციების თანადაფინანსებაზე, ასევე წამლების შესაძენად დახმარებაზე მიმართვიანობა შარშან, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"გამგეობა მაქსიმალურად გვერდში უდგას მოქალაქეებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ და რეალურად სჭირდება დახმარება. უმეტესად, ეს არის სოციალურად დაუცველი და შეჭირვებულთა ფენა. ისინი ბოლო პერიოდში სისტემატურად მოგვმართავენ. ეს არ ხდება იმის გამო, რომ ქვეყანაში გაჭირვებულთა რიცხვი გაიზარდა, უბრალოდ, ხალხს მეტი ინფორმაცია აქვს და იცის, რომ შეუძლია მისთვის აუცილებელი შემწეობის მიღება. მომსახურების სერვისიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა, შესაბამისად, მეტი განაცხადი შემოდის", - აცხადებენ სამგორის გამგეობაში, თუმცა ციფრებს, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო მსგავსი შემწეობა, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, არც იმას - დასაქმებულია თუ არა მოქალაქე, შემწეობის მიმღებთა რიგში თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანებს შეხვდებით.

32 წლის ნელი სტურუამ რამდენიმე თვის წინ ონკოლოგიურ კლინიკაში მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ბენეფიციარის გადასახდელმა თანხამ 1600 ლარი შეადგინა. იგი ამბობს, რომ ოჯახისთვის ეს იყო მძიმე ტვირთი, რისი გადახდაც რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა გლდანის რაიონის გამგეობის და მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერა.

"გამგეობამ 600 ლარი ჩამირიცხა, რამაც ოდნავ შეგვიმსუბუქა მდგომარეობა. დაახლოებით ამდენით ნათესავები დამეხმარნენ, ცოტა ჩვენც მოვახერხეთ - დედამ ქორწინების ბეჭედი გაყიდა. ახლა არ მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა მომსვლოდა, რომ ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევა არ არსებობდეს, თუმცა გაჭირვებულისთვის ესეც არ არის საკმარისი.

მართალია, სოციალურად დაუცველი მოქალაქის სტატუსი არ გვაქვს, მაგრამ ვცხოვრობთ იმდენად ხელმოკლედ, რომ სულ მცირე გაუთვალისწინებელი ხარჯსაც ვერ თუმკლავდებით. ლარის კურსმა უარეს დღეში ჩაგვაგდო, ახლა კიდევ უფრო გვიჭირს, რადგან ხარჯი მოგვემატა და შემოსავალი იგივე დარჩა. ოჯახისთვის ეს სულ რაღაც 340 ლარია, რომელიც საჭმლის ფულადაც უნდა ვიკმაროთ და წამლის საყიდლადაც დაგვრჩეს", - ამბობს ნელი სტურუა.

45 წლის ლექსო გოცირიძემ ორიოდე წლის წინ მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მართალია, მისი ხარჯი სახელმწიფო დაზღვევამ სრულად დაფარა, მაგრამ ავადმყოფის რეაბილიტაციისთვის საკმარისი თანხა ოჯახს არ აღმოაჩნდა.

"ოჯახში ერთადერთი დასაქმებული ვარ. შარშანწინ ბაქტერიული მენინგიტის გადავიტანე. მართალია, სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ მეორე განსაცდელლი ჩემი რეაბილიტაცია აღმოჩნდა. მთელი ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, პენსიონერი დედის იმედად ვიყავი. ახლაც სრულად არ გამოვჯანმრთელებულვარ, მაგრამ მუშაობას მაინც ვახერხებ. მცირე ხელფასი არათუ წამლის შესაძენად, ყოველდღიური საკვების ფულადაც არასაკმარისია.

ხშირად მიწევს განცხადებების წერა მერიისა და რაიონის გამგეობის სახელზე. მცირე თანხა - 100-150 ლარის ოდენობით შარშან ორჯერ ავიღე. მართალია, მოთხოვნილთან შედარებით, ეს მცირეა, მაგრამ მაშინ სულზე მომისწრო. ახლაც ამ მდგომარეობაში ვარ, სხვა გამოსავალი არ მაქვს, ყოველდღიურად წამლებზე ვარ დამოკიდებული და სახელმწიფოს სარჩენი გავხდი", - დანანებით აღნიშნა ლექსო გოცირიძემ.

80 წელს გადაცილებულმა პენსიონერმა ელენე გათენაშვიმა წამლების შესაძენად რაიონის გამგეობისსგან 150 ლარი მიიღო, თუმცა იგი 280 ლარს ითხოვდა.

"გაცემული თანხით, ძირითადად, ის წამლები ვიყიდე, რასაც ყოველდღიურად მოვიხმარ - კარდიოლოგიური პრეპარატები. სხვა წამლებს ვერ გავწვდი, მაგრამ ამაზეც მადლობელი ვარ. დეკემბერში მერიამ ჩამირიცხა 300 ლარამდე, რითაც პოლიკლინიკაში მასაჟის კურსი ჩამიტარდა. ეს დახმარება რომ არა, ალბათ, ფეხზე დგომაც გამიჭირდებოდა. სამწუხაროდ, შვილები ვერ მეხმარებიან, თავიანთი თავი გასჭირვებიათ და არ მინდა, ტვირთად დავაწვე ან რა უნდა მოვთხოვო, როცა ყოველდღიურად ვხედავ მათ გამოუვალ მდგომარეობას", - ამბობს პენსიონერი ქალბატონი.

ამდენად, ჩვენი რესპონდენტების და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ათასობით მოქალაქის პრობლემა ცხადყოფს საყოველათაო გასაჭირს, რომელიც ქვეყანაშია. ამის ფონზე კეთილდღეობაზე და სწრაფ განვითარებაზე საუბარი აშკარად უადგილოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×