დედაქალაქში პარკინგის ერთ ადგილზე 13 გასაჩერებელი მანქანა მოდის
თამარ მუკბანიანი
24.01.2017

 მანქანების რაოდენობის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ძნელი ხდება, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ავტომობილის გაჩერება. მოსახლეობა ამ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებზე ხშირად საუბრობს. ხშირია შემთხვევები, როცა მფლობელს მანქანის დატოვება ერთი კილომეტრის მოშორებითაც კი უწევს, რადგან არც კორპუსის ეზოში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე გასაჩერებელი ადგილი არ არის.

დედაქალაქში პარკინგის ადგილის არარსებობასთან ერთად, სულ უფრო მცირდება მანქანის გასაჩერებელი ადგილები საცხოვრებელი სახლის ეზოებშიც. მობინადრეებს თვითნებურად აქვთ დანაწილებული ტერიტორია და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც კი ხდება, თუ მეზობელი "სხვის ადგილას" გააჩერებს მანქანას.

ბევრგან კორპუსების შესასვლელ ნაწილში "შლაგბაუმებია" დამონტაჟებული, რომ ავტომობილი სხვა ეზოს მცხოვრებმა არ გააჩეროს. ფაქტია, რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარსად არის და ამის გამოისობით აყალმაყალიც არაერთგზის მომხდარა. მოსახლეობა მუდამ გამოსავალს ეძებს, რომ სახლთან ახლოს შეძლოს მანქანის გაჩერება.

ჯიქიას ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები ჯაბა გოგოხია ადასტურებს, რომ მის ეზოში მანქანის გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ხშირად სახლიდან საკმაოდ მოშორებით უწევს მანქანის დატოვება.

"ჯიქიაზე, სადაც მე ვცხოვრობ, სულ ახალაშენებული კორპუსებია, რომლებიც ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ეზოებისათვის მცირე ადგილია დატოვებული. საღამოს თუ ცოტა ადრე არ დავბრუნდი სახლში, გამორიცხულია, ეზოში მანქანის დაყენება მოვახერხო. კორპუსიდან საკმაოდ შორსაც ხშირად გამიჩერებია ავტომობილი.

გამოსავალი ახალ, აშენებულ კორპუსებში მიწისქვეშა პარკინგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველა მცხოვრებისთვის საკმარისი არც ის აღმოჩნდა. გარდა ამისა, მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ერთი ადგილი 10 000 დოლარად გაეყიდა და ბუნებრივია, ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს ეს ძალიან დიდი თანხაა. ბინის მცხოვრებთა უმეტესობამ მისი ყიდვა ვერ შეძლო. როცა ახლ ბინას იძენ და რემონტის გაკეთებაც გიწევს, ავტოფარეხისთვის 10 000 ძალიან დიდი თანხაა. ამიტომ ყველამ ამჯობინა იწვალოს მანქანის გარეთ გაჩერებაზე, ვიდრე ამხელა თანხა გადაიხადონ.

გარდა ამისა, არის ერთი ფაქტორიც. კორპუსები, სადაც ვცხოვრობთ, ჯერ ბოლომდე შევსებული არ არის და უკვე წარმოდგენილი მაქვს, რა იქნება, როდესაც ყველა ბინის მესაკუთრე გადმოვა. ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, როცა ქალაქში მანქანების რაოდენობა ამ ტემპით იზრდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჯაბა გოგოხიამ.

ეზოში მანქანის გასაჩერებელი ადგილის გამო მომხდარ კონფლიქტზე გვიყვება მარი გოგაშვილი. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მანქანების რიცხვი მუდმივად იზრდება, ხოლო ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ ჩანს, არც არავინ ზრუნავს.

"ავტომობილის გაჩერება დედაქალაქში თითქმის ყველგან პრობლემაა, მაგრამ კორპუსის ეზოში საღამოს თუ მანქანის დაყენებას შეძლებთ, ეს სასწაულის ტოლფასია. არ ვიცი ვის მოაფიქრდა, მაგრამ საჯარო სივრცე, ანუ ეზო, რომელიც ყველას თანაბრად ეკუთვნის, მეზობლებმა დაინაწილეს და ყველამ ვიცოდით, ვინ სად აჩერებდა მანქანას.

რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა მეზობელმა შეიძინა ავტომობილი და ამან ყველაფერი "არია". აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზია გამოთქვა, რომ ისიც ამ კორპუსის მაცხოვრებია და ეზო მასაც ეკუთვნის, რასაც ჩემდა გასაკვირად სხვა მოინადრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა.

ამის შედეგ, კიდევ რამდენიმემ იყიდა ავტომობილი და ასე დაირღვა ეზოში მანქანის გაჩერების ჰარმონიული წესი. ფაქტია, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ძალიან იზრდება და გასაჩერებელი ადგილი არსადაა, ალბათ ვინმე უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. როცა ეზოში ეს პრობლემა დადგა, ვიფიქრე, მანქანას საცხოვრებელი სახლიდან ოდნავ მოშორებით გავაჩერებდი, მაგრამ ეს "ოდნავ" ხანდახან ნახევარ კილომეტრსაც კი შეადგენს", - ამბობს მარი გოგაშვილი.

ტრანსპორიტისა და გზების ასოციაცის პრეზიდენტის დავით მესხიშივილის თქმით, ეზოებში მანქანის გასაჩერებელი ადგილების არარსებობა ბუნებრივი პროცესია იმ ფონზე, როცა სტატისტიკურად პარკინგის ერთ ადგილზე 13 გასაჩერებელი მანქანა მოდის.

"დედაქალაქში სულ 36 200 პარკირების ადგილი გვაქვს, ხოლო ატომობილების რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა. სტატისტიკით კარგად ჩანს, რომ ერთი პარკირების ადგილზე ცამეტი ავტომობილი მოდის.

გარდა ამისა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც, ეს პარკირების ადგილების მიტაცებაა კერძო, თუ იურიუდიული პირების მხრიდან. მაგალითისათვის, მაღაზიები, რომლებიც მათ წინ არსებულ საჯარო სივრცეს ღობავენ, ასევე ტაქსის გაჩერებები და სამარშრუტო მიკროავტობუსების ე.წ. სადგურები, რომელიც ცალსახად საჯარო სივრცეა და ყველას ეკუთვნის, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ამ ადამიანებს აქვთ იქ მანქანის გაჩერების უფლება. ამაზე ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება. ყველა ამგვარი პარკირების ადგილი ჯამში 20%-ს შეადგენს და საჯარო სივრცეს აკლდება.

ვიცით ქუჩები, სადაც ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს. მაგალითისათვის ნინო ჟვანიას ქუჩა, სადაც შენდება კორპუსები, თუმცა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ მათგანზე პარკირების ადგილი გათალისწინებული არ არის. ამიტომ გახდა ეს ქუჩები გახდა გაუვალი. პარკინგის ადგილის არ, არსებობამ შექმნა საცობები, რადგან მობინადრეებს არ აქვთ ეზო და სივრცე, სადაც მანქანას გააჩერებენ.

კვლავ მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვის გაცემა ისე, რომ გათვალისწინებული არ არის მანქანის გასაჩერებელი ადგილები. ეზოები უკვე გადავსებულია ავტომობილებით. გამოსავალი მერიის მხრიდან მიწისქვეშა და მიწისზედა ორდონიანი ავტოსადგომების მშენებლობაა, რაც არა მხოლოდ ეზოებში, არამედ ტროტუარებზე მანქანის დაყენების პრობლემასაც აღმოფხვრის", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დავით მესხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×