გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
"გამოვხატავ ჩემს ღრმა რწმენას, რომ თქვენი მმართველობით, ამერიკის შეერთებული შტატები მოიპოვებს მეტ ძლიერებას, განვითარებასა და კეთილდღეობას"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილმა მილოცვაში, მსოფლიო პოლიტიკაში ამერიკის როლს გაუსვა ხაზი და შეერთებული შტატების მიმართ საქართველოს ერთგულება დაადასტურა. პრეზიდენტმა ორმხრივ პარტნიოორობაზეც ისაუბრა და საქართველოში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერისთვის, ტრამპს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია, ჩვენი ერები ერთობლივად ებრძოდნენ სხვადასხვა გამოწვევებს და მყარად იდგნენ საერთო კეთილდღეობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ჩვენ მადლიერნი ვართ და ძლიერ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამტკიცებასა და დემოკრატიის განვითარებაში "-ნათქვამია მილოცვაში.
გიორგი მარგველაშვილმა მილოცვის ბოლოს დონალდ ტრამპის საქართველოში მოწვევის სურვილი გამოხატა.
„ვიმედოვნებ, რომ მექნება შესაძლებლობა, დაგპატიჟოთ საქართველოში თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. მე მაქვს ძლიერი სურვილი და ველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას".