რეზონანსი
21.01.2017

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საქართველოში აკრედიტებულ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა. ლევან იზორიამ სტუმრებს, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ,დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რეფორმების განხორციელების პროცესში, ლევან იზორიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის შეფასებით, მიმდინარე რეფორმები დროული იყო.

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროგრესმა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. რეფორმები ძალიან რთულად განსახორციელებელი, მაგრამ დროული იყო"-განაცხადა იან კელიმ.

როგორც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საფრანგეთი მზად არის ქართული შეიარაღებული ძალების გადამზადებაში აქტიურად ჩაერთოს.

„მხარს ვუჭერთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, რადგან საბიუჯეტო თანხები, რომლებიც აღჭურვილობის შესაძენად და წვრთნებისთვის იყო გამოყოფილი, არასაკმარისია. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს, შეიარაღებული ძალები საფრთხეებთან ეფექტურად გამკლავებას ვერ შეძლებდნენ. მზად ვართ გვერდში დავუდგეთ საქართველოს და დავეხმაროთ სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში"-განაცხადა პასკალ მენიემ.

ლევან იზორიასთან შეხვედრა, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმაც შეაფასა.

„რთულია სამხედრო ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და კადრების შემცირება, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის რთული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა. პროგრესის დიდი ნაწილი უკვე მიღწეულია"-განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

უცხო ქვეყნის დიპლომატებთან გამართულ შეხვედრას, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაიაც ესწრებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×