თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ქართველი ცოლ-ქმარი 72 წლის ებრაელი ბიზნესმენის, ჯაკ ლევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.ამის შესახებ ინფორმაციას, თურქული მედია ავრცელებს.
"www.haberler.com"-ის ინფორმაციით, ქართველმა ცოლ-ქმარმა სტამბულში, ქადიკოის რაიონში, 72 წლის ებრაელი ბიზნესმენი, ჯაკ ლევი, ჯერ დანით მოკლეს, შემდეგ კი გაძარცვეს.
ცხედარი პოლიციამ სტამბულში, ბიზნესმენის საკუთარ სახლში აღმოაჩინა.
ეკა ვარდანიძე ბიზნესმენთან მუშაობდა, მას კვირაში ერთხელ, ჯაკ ლევის სახლის დალაგება ევალებოდა.
თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეკა ვარდანიძე და მისი მეუღლე, შალვა ჭუღუაშვილი, მოხუცი ბიზნესმენის სახლის გაძარცვას ცდილობდნენ, რა დროსაც, ჯაკ ლევის გაეღვიძა.
დაკავებულების ბარგის ჩხრეკისას, პოლიციამ ბიზნესმენის ნივთები, ფული და 2 გრამი ჰეროინი აღმოაჩინა. ცოლ-ქმარს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს საკონსულო.