ქალისა და მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას შორის სხვაობა დაახლოებით 8 წელია
თამარ მუკბანიანი
21.01.2017

 ქალისა და მამაკაცის გარდაცვალების საშუალო ასაკს შორის 8-წლიან სხვაობას ადამიანების უმეტესობა ქართული ცხოვრებისა და სუფრის წესებს და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გადატანილ ომებს უკავშირებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ კაცს მეტი ფიზიკური დატვირთვის ატანა და შრომა უწევს, ეს კი მოქმედებს სიკვდილიანობაზე უფრო ახალგაზრდა ასაკში ქალთან შედარებით.

მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უკანასკნელ 50 წელიწადში დაახლოებით 15 წლით გაიზარდა და მამაკაცებისთვის - 64 წელს, ხოლო ქალებისთვის 68 წელს შეადგენს, თუმცა ეს მხოლოდ საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია. ამის შესახებ გაეროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 2015 წელს მოსახლეობის შესახებ მოხსენებაშიც არის აღნიშნული.

გარდამავალი ეკონომიკის მქონე ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიო მაჩვენებლებზე ბევრად დაბალია.

საქართველოშო თუ რამდენიმე წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 74,2 წელი იყო, დღეს უკვე 66 წლამდეა ჩამოსული. კლების ტენდენციაა ქალების მაჩვენებელშიც. სიცოცხლის საშუალო ასაკი ახლა 74 წელს შეადგენს, როცა 8 წლის წინათ 78 წელი იყო.

გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიგს, სადაც აშკარად იკვეთება მოსახლეობის დაბერების ნიშნები. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ყოველ სამ წელიწადში, საშუალოდ, თითო წლით უფრო ხანდაზმული ხდება, ანუ ბერდება.

საქართველოში მოსახლეობის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად აღემატება სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2010 წელს, 1990 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი (ანუ ასაკი, რომელთან შედარებითაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი უფროსია, მეორე ნახევარი კი - უმცროსი) 6,4 წლით გაიზარდა და 31.2-ს მიაღწია. ქვეყანა კი მაშინ ითვლება დაბერებულად, თუ მასში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 7%-ს აღემატება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 14,4%-ია.

სტრესული გარემო და უმუშევრობა - ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში სიკვდილიანობის ასაკი გაახალგაზრდავდა, განსაკუთრებით, მამაკაცებში. "რეზონანსის" რესპონდენტის ხათუნა ფირცხლაიშვილის აზრით, საქართველოში ბოლო ორმა ათწლეულმა აჩვენა, რომ ქალი არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობით, არამედ ისედაც უფრო გამძლე აღმოჩნდა.

"როცა ქვეყანაში გაჭირვება და ომი დაიწყო, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე იყო ხალხი. სწორედ მაშინ კარგად გამოჩნდა, რომ ქალი უფრო მყარია ფსიქიკურად. ამ დროს მამაკაცების რაოდენობა ისედაც შემცირდა ომებში და გადარჩენილების უმეტესობა ან ნარკომანი, ან ალკოჰოლიკი გახდა და ამით მოიკლა თავი. ქალებმაც ხომ ზუსტად იგივე გადავიარეთ და ვნახეთ, რაც მამაკაცებმა? მაგრამ ქალები იქცნენ ოჯახის მარჩენლად, ზოგიერთი საზღვარგარეთ წავიდა და ყველაფერს გაუძლეს.

საერთოდ არ მიკვირს რომ ქალის გარდაცვალების საშუალო ასაკი 8 წლით გვიან დგება. უბრალოდ, მას მეტის ატანა შეუძლია, ალბათ, იმიტომაც, რომ დედაა და სხვა პასუხისმგებლობას გრძნობს", - განუცხადა "რეზონანსს" ხათუნა ფირცხალაიშვილმა.

დემეტრე პაჭკორია ამბობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობა ქართული სუფრის წესითაც უნდა იყოს გამოწვეული და შეუძლებელია, ცხოვრების ასეთი წესი, როგორიც ქართველი მამაკაცების უმეტესობას აქვს, მის ჯანმრთელობას კვალს არ ამჩნევდეს.

"ყველაზე მოკლე სუფრა 4-5 საათი გრძელდება ჩვენთან. გარდა იმისა, რომ ამ დროს ისეთ საკვებს ვიღებთ, რომლის ერთად მიღება, უბრალოდ, დაუშვებელია და სვამთ განუსაზღვრელი რაოდენობით, ძირითადად, მაგიდასთან ჯდომით შემოვიფარგლებით. მთელი ამ დროის განმავლობაში სტატიკურ ფრომაში ყოფნა როგორ შეიძლება არ აზიანებდეს და უარყოფით კვალს არ ამჩნევდეს ჯანმრთელობას?

უცხოელები როცა ხედავენ ჩვენს სუფრას და ყანწების ტრიალს, ფიქრობენ, რომ ამდენ ხანსაც ვერ იცოცხლებს ადამიანი, რომელსაც ხშირად ძალიან ბევრის სმა უწევს. არ ვიცი, ალბათ, კიდევ არის ობიექტური ფაქტორები, ის რომ კაცს მეტი ფიზიკური შრომა უწევს და ა.შ. მაგრამ მთავარი მაინც ეს მგონია", - ამბობბს დემეტრე პაჭკორია.

დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძის თქმით, დაახლოებით, 8-წლიანი სხვაობა ქალებისა და კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას შორის ომების გავლენას, კვების არასწორ რეჟიმს და გადამეტებულ სმას უნდა დავაბრალოთ.

"სიკვდილიანობის შემთხვევები განსაკუთრებით მამაკაცებში ფიქსირდება. მაგალითად, 2010 წელს სიკვდილიანობის კოეფიციენტი მამაკაცებში იყო 5%, ქალებში კი - 1,3%. ამაზე უამრავი გარემო ფაქტორი ახდენს გავლენას. მოგეხსენებათ, როგორი კვებისა და სმის რეჟიმი აქვს ქართველ მამაკაცს, რაც ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს. გარდა ამისა, გასული ოცწლეული შიდა და გარე ომებში გავიარეთ, ამან შეამცირა გენოფონდი და ვინც მაშინ გადარჩა, იმასაც მძიმე კვალი დაატყო, უმრავლესობამ ხანდაზმულ ასაკს ვეღარ მიაღწია.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ქალისა და მამაკაცის სიკვდილიანობის საშუალო ასაკს შორის, დაახლოებით, 8-წლიანი სხვაობა, მეტწილად ამ ფაქტორებითაა განპირობებული", - აცხადებს ავთანდილ სულაბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×