რეზონანსი
20.01.2017

 ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით 9 საათზე დაიწყება. ფიცის დადების მთავარ ღონისძიებაზე დაახლოებით 900 ათას ადამიანს ელოდებიან.

ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს. გაძლიერებულია დაცვა კაპიტოლიუმთან და სამეჯლისო დარბაზებში, სადაც მოგვიანებით საზეიმო სადილი გაიმართება. დედაქალაქში 5 ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება, მათი ნაწილი ვაშინგტონში სხვადასხვა შტატიდან ჩამოვიდა.

ფიცის დადების თარიღად 20 იანვარი, ამერიკის კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ისტორიულად ეს თარიღი 4 მარტი იყო, თუმცა 1933 წელს, კონსტიტუციის მე-20 შესწორებით შეიცვალა.

მთავარ ცერემონიამდე, დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან, წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარში მსახურებას დაესწრება. საზეიმო ღონისძიება მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნება.

ცნობილია, რომ ცერემონიას დაესწრებიან ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი და დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი. ინაუგურაციაზე მისვლას აპირებს ასევე ჯიმი კარტერი, ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე, ლორა. ჯორჯ ბუში-უფროსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იმყოფება და ინაუგურაციას გამოტოვებს.

ინაუგურაციის მეორე დღეს, 21 იანვარს, ქალების მარში იგეგმება. ისინი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას გააპროტესტებენ. ცნობილია, რომ აქციას შეუერთდება კონგრესმენი ჯონ ლუისი და 50-მდე დემოკრატი კონგრესმენი, რომლებმაც ინაუგურაციას ბოიკოტი გამოუცხადეს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში ოფიციალურად საქმიანობას ორშაბათიდან დაიწყებს. როგორც ტრამპმა „თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა,ასე ზედმეტ მილოცვებს აარიდებს თავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×