ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი", შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და უწყებას შერჩევით მასრთლმსაჯულებაში ადანაშაულებს. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც მარიხუანა ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
„გირჩის" წევრების თქმით, გიორგი ჯახუას სტატუსს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათი თქმით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკოსები და სასულიერო პირები „პრივილეგირებულ", ხოლო რიგითი მოქალაქეები „არაპრივილეგირებულ" ჯგუფებად მიიჩნევიან.
ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" განცხადებაში ნათქვამია, რომ არ შეეგუებიან ადამიანის ღვთისგან ბოძებულ უფლებათა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და ყველა საშუალებას გამოიყენებენ, რომ საქართველოში კანაფის დათესვისა და კულტივაციისთვის არავინ იდევნებოდეს.
ოპოზიციური პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და ადამიანების ღირსების შელახვა „გირჩის" წევრებისგან დაიწყონ.
„თუ აპირებთ,რომ გააგრძელოთ არსებული ნარკოპოლიტიკა, კანაფის კულტივაციის გამო სახლებში შეუვარდეთ და ღირსება შეულახოთ ადამიანებს,ეს პროცესი „გირჩის" იმ წევრებისგან დაიწყეთ, ვინც ეს ე.წ „დანაშაული" საჯაროდ, ტელეკამერების წინაშე ჩავიდინეთ -ნათქვამია „გირჩის" განცხადებაში.