როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა,კახი კალაძე კლასიკური ქართველი პოლიტიკოსივით იქცევა და შეცდომის აღიარება უჭირს.
„კალაძის მინუსია, რომ შეცდომის აღიარება ჯიუტად არ უნდა. ეს ადამიანური რჩევაა,რომ მოქალაქეები ღირსეულად დამარცხებას უკეთ გაიგებენ, ვიდრე ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ წაგებულზე იძახო, მოვიგეო.ფეხბურთელი ხომ იყავი, ხომ წაგიგია თამაში და ტრაგედია არ ყოფილა. ჩათვალე, რომ პოლიტიკაც თამაშია".
გია ხუხაშვილის თქმით, „გაზპრომთან" მოლაპარაკებები ქვეყნისთვის ფინანსურად წამგებიანია და შესაძლოა ამ დანაკარგმა მომავალში ელექტროენერგიის ტარიფზეც იმოქმედოს.
„ფაქტია, რომ ფინანსური მდგომარეობა არის უარესი, ვიდრე გვქონდა. მომავალში ეს დანაკარგი შესაძლოა ტარიფს დააწვეს. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, ლამის გვეუბნებიან, რომ უკეთესიცაა, ვიდრე აქამდე იყო. ეს ჩვევა წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა, თითქოს „მაპ"-ზე უკეთესს ვიღებდით წლიდან წლამდე".
პოლიტიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ „გაზპრომი" საქართველოსთვის რუსეთის კონტროლის მექანიზმი იყო და ამ მოლაპარაკებებით ესეც დავკარგეთ. „იმ მხარემ ეს ურთიერთობები თავისი მიზნის მისაღწევად გამოიყენა. ეს იყო ერთადერთი ფრონტის ხაზი, რომლითაც საქარველო რუსეთს „აპამპულავებდა" და ეს ხაზიც ჩაგვეკეტა. კალაძემ შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც „გაზპრომთან"ინტენსიური ურთიერთობები დაიწყო. მოსწონდა ეს სტატუსი, რომ გაზპრომის მენეჯერებთან თანაბრად ლაპარაკობდა, მოსწონდა მაღალი დონის შეხვედრები. თუმცა უნდა სცოდნოდა, რომ მგლებს ელაპარაკებოდა და მათთან ჩახუტება კარგს არაფერს მოუტანდა"-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.