ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა, ანუ დიდი აიაზმა აღესრულება, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
კათოლიკოს პატრიარქი ილია II დილიდან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვა-ლოცვას სამების ტაძარში აღავლენს. დღესვე შედგა მორიგი, 47-ე საყოველთაო ნათლობა. პატრიარქი კიდევ 800-მდე ბავშვის ნათლია გახდება. დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, გვიან ღამით აჭარაში ზღვის კურთხევისა და მრევლის განბანვის ტრადიციული რიტუალი გაიმართა.ბათუმში მრევლი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.
წირვის დასრულების შემდეგ ზღვის სანაპიროსკენ მსვლელობა მოეწყო. შესრულდა ზღვის კურთხევა, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ.ტრადიცია აჭარაში მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა და ყოველ წელს ნათლისღების ღამეს სრულდება.
ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელმა მონათლა. აქედან დაედო დასაბამი ყველა ქრისტიანის ნათლობას.