"ხარაჩოზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან"
ია აბულაშვილი
19.01.2017

 "ჩემმა ბავშვობამ ძველი თბილისის უბანში გაირა. ეს იყო ძალზედ ღარიბული, მაგრამ უაღრესად კოლორიტული უბანი" - ასე იხსენებს ლადო გუდიაშვილი ძველი თბილისის იმ უბანს, სადაც ჯერ კიდევ სრულიად პატარა ხატავდა ყველგან, ქვაფენილზე, ფიცარზე, ღობეზე თუ კედელზე.

გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ჩვენს მკითხველს გვინდა რამდენიმე საინტერესო ამბავი შევთავაზოთ იმ ეპოქიდან რომელშიც მას მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა.

მის მეზობლად ცხოვრობდა გერმანელი მხატვარი ზომერი, რომელიც ხშირად სტუმრობდა გუდიაშვილების ოჯახს. ერთხელაც ლადოს დედას გერმანელი მხატვრისთვის შვილის ჩანახატები უჩვენებია. ზომერს გამოცდილი თვალი შეუვლია ნახატებისთვის და აღფრთოვანებულს წამოუძახია - "ამ ბიჭისაგან ნამდვილი, დიდი მხატვარი დადგებაო".

მშობლებსაც არ დაუყოვნებიათ და ლადო თბილისში ნატიფ ხელოვანთა კავკასიის საზოგადოების მიერ დაარსებულ ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიუბარებიათ სასწავლებლად, რომელიც 1914 წელს დაამთავარა პირველი ხარისხის დიპლომით და მხატვარ-პედაგოგის წოდებით.

1914-1919 წლებში მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ხატვის მასწავლებლად. მისი პირველი ნახატიც 1914 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში". 1915 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.

1916 წელს კი სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად დააარსა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება" და ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების შეგროვება დაიწყო. იმავე წელს შეხვდა ლადო გუდიაშვილი ნიკო ფიროსმანს და სიცოცხლის ბოლომდე მისი ნიჭის თაყვანისმცემელი იყო.

ლადო გუდიაშვილს დიდი მეგობრობა აკავშირებდა "ცისფერყანწელებთან", სწორედ მას შეურჩევია "ცისფერყანწელების" ჟურნალისთვის სახელი. ეს ამბავი კი ასე ყოფილა:

"ცისფერყანწელებს" უთხოვიათ ლადო გუდიაშვილისთვის ჩვენი ჟურნალისთვის რაიმე დაგვიხატეო. ლადოსაც დაუხატავს და მიუტანია ჟურნალის რედაქტორისთვის ვალერიან გაფრინდაშვილისთვის. "ნიამორებს უყვართ სივრცე და ნავარდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე თქვენი ჟურნალის სიმბოლოდ ისინი და გთხოვთ ჟურნალსაც "მეოცნებე ნიამორები" დაარქვითო", - უთქვამს.

1917-1919 წლებში მის შემოქმედებაში დიდ ადგილს იკავებს ძველი თბილისი, მთავარი პერსონაჟები კი არიან კინტოები და ყარაჩოხელები. მოხატა თბილისის ძველი კაფეები, მათ შორის "ფანტასტიკური დუქანი"; სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად კი "ცისფერყანწელების" საყვარელი კაფე "ქიმერიონი".

ამავე პერიოდში, მონაწილეობას იღებს ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების - ოშკის, ხახულის, იშხნის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ექვთიმე თაყაიშვილი. ეცნობა ამ ძეგლებს და იღებს ფრესკების პირებს: "ამ ფრესკებმა საკუთარი თავი მაპოვნინესო" - იგონებდა მოგვიანებით ლადო გუდიაშვილი.

1919 წელს თბილისში დიდების ტაძარში საუკეთესო მხატვრების გამოსავლენად, რომლებიც დაოსტატების მიზნით პარიზში უნდა გაეგზავნათ, მოეწყო გამოფენა, რის შემდეგაც შეირჩა ორი ახალგაზრდა მხატვარი - დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი.

აღიარება პარიზში

იმავე წელს იტალიური გემით "ფრანს ჟოზეფით" დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი საფრანგეთში გაემგზავრნენ. თვენახევარი რომში დაყვეს და მატარებლით პარიზში ჩავიდნენ.

გუდიაშვილს და კაკაბაძეს პარიზში დახვდნენ სასწავლებლად ჩასული მათი მეგობრები - შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი. ლადო სწავლობდა რონსონის "თავისუფალ აკადემიაში" და პარიზის სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობას იღებდა რომში, ვენეციაში, ბრიუსელსა და ამსტერდამში გამართულ გამოფენებში.

პარიზში გაიცნო მან ამადეო მოდილიანი, ხოლო 1920 წელს "საშემოდგომო სალონში" გამოფენილი მისი ნამუშევრებიდან ერთ-ერთის "კინტოების ქეიფის" შეძენის სურვილი გამოუთქვამს ესპანელ მხატვარ იგნასიო სულოაგას.

გუდიაშვილს მისთვის ეს ნახატი საჩუქრად გაუგზავნია, მეორე დღეს თავად მხატვარი ესტუმრა ლადოს სახელოსნოში და რამდენიმე სურათი შეუძენია, თან უთქვამს: მე ყველაფრის ფასი ვიცი, თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთო".

1922 წელს ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო "ლა ლიკორნის" გალერეაში. მაშინ პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: "პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად".

მეორე მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო 1925 წელს "სიიეს" გალერეაში, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა; გამოფენის კატალოგის წინასიტყვაობაში კი ცნობილი ფრანგი ხელოვნებათმცოდნე ანდრე სალმონი წერდა: "მე მას ვერავის შევადარებ... მჯერა რომ ჩემს თბილისელ ჭაბუკ მეგობარს ბრწყინვალე მომავალი აქვს".

უცხოეთში ლადო გუდიაშვილის წარმატება დღითიდღე იზრდებოდა, მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის "პრადოს" მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა, მაგრამ მიუხედავად წარმატებისა, მას გული სამშობლოსკენ უწევდა და ამბობდა "საქართველოსკენ, რაც შეიძლება მალე!".

სამშობლოში გამგზავრების წინ პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული გალერეის მეპატრონე როზენბერგს ლადოსთვის უთქვამს - "თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს, როცა იწყება თქვენი აღიარება. თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა"...

"მე ავღელდი, ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს, მატისს, მან გზა გაუხსნა ბევრ მხატვარს" - იგონებდა ლადო გუდიაშვილი.

1926 წელს ფრანგული გემით ლადო გუდიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, მშობლიურ მიწაზე ფეხდადგმულს კი უთქვამს - "ალბათ ამ ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე სამშობლოში დაბრუნება". მაგრამ სულ სხვა რეალობა დახვდა კომუნისტების ქვეყანაში, მას აიძულებდნენ "სოციალისტური რეალიზმის დროშა" ეფრიალებინა.

ქაშუეთის ეკლესიის მოხატვა

1946 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ მას ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატვა შესთავაზა. ლადო წერდა: "უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ცხელი, ადუღებული ფერებით, მაგრამ ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა; ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებს, ხარაჩოზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან".

აი რა მოჰყვა ამ თავგანწირვას - გუდიაშვილს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს და სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს. უარყოფილი მხატვარი ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული ქმნიდა თავის უკვდავ შედევრებს.

თუ როგორ უყვარდა ხალხს ლადო გუდიაშვილი, ერთ ამბავსაც გავიხსენებთ: ლადო გუდიაშვილის სახელოსნოს სტუმრობდა თბილისში ვიზიტად მყოფი თითქმის ყველა ცნობილი უცხოელი მოღვაწე თუ ქვეყნის მეთაური.

ერთხელ მას ესტუმრა თბილისში სტუმრად მყოფი დანიის დედოფალი თეთრი ვარდებით, აღფრთოვანებულა ლადოს შემოქმედებით. ამ დროს გუდიაშვილის სახლთან უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, როდესაც სტუმარი მანქანაში ჩაჯდა, ეს ხალხი მოტრიალდა და აივანზე მდგომ ლადო გუდიაშვილს მხურვალე ტაშს უკრავდა.

როგორ შეხვდა გუდიაშვილი პირველად ფიროსმანს

1910 წელს ლადო გუდიაშვილი ნიკო ფიროსმანს პირველად შეხვდა.

"კითხვა-კითხვით მივაგენი ფიროსმანის ბინას. მაჩვენებენ კიბის ქვეშ მოქცეულ სარდაფს. დავაკაკუნე, თითონ ნიკო გამოჩნდა.

- ვინ გნებავთ?- მეკითხება

- მხატვარი ფიროსმანაშვილი.

- მე ვარ, გთხოვთ. გააღო კარები, დავიღუნე და შევედი. უეცრად შემაჩერა და მკითხა: როგორ მოხვედი, როგორც მტერი თუ როგორც მოყვარე? და თან მიყურებს არაჩვეულებრივი თვალებით- ხომ არ გაგიჟდა?- გავიფიქრე გულში.

- არა, თქვენც მხატვარი ხართ, მე რა მტერი უნდა ვიყო მეთქი- ვუპასუხე.

- დაბრძანდით ძმობილო, ეს არის ჩემი ოთახი. თქვენ რა გქვიათ,

-ლადო.

- ჰო ლადო, შეგიძლიათ წყალი დალიოთ, დაასხა და მომიტანა. ბოდიშს ვიხდი, რომ ლიმონადი არა მაქვს.

მე უკვე მოვასწარი მისი ოთახის დათვალიერება. იგი კიბის ქვეშ იყო მოთავსებული, პატარა, რამდენიმე ნაბიჯი სიგრძითა და სიგანით. დგომა შეუძლებელი იყო. კუთხეში იდგა ლოგინი. კედელზე პატარა იყო, მეორე კუთხეში დაყრილი სხვადასხვა ხელსაწყო-სამხატვრო, სამღებრო, ვედრო, ფუნჯები, საღებავები.

- საღებავებია, ჩემო ძმაო, მუშაობა ასე უნდა, თქვენ კი კოსტუმებში და გალსტუკებში მუშაობთ და გოლოვანის პროსპექტზე დასეირნობთ. ასე როგორ იქნება?

უნდა ჩაიცვა ძველი ფართუკი, აანთო ლამპა და მოაგროვო ჭვარტლი. მერე უნდა ფეხით დაფქვა კირი და უმარილი გააკეთო. მერე აიღე დიდი ფუნჯი და კედელი შეღებე თეთრად ან შავად, ძირიდან ჭერამდე.

მხატვართა კრება, სადაც მიწვეული იყო ფიროსმანი.

- ჰო. აი რა გვინდა ძმებო იცით - უსათუოდ საჭიროა ჩვენ მხატვრებმა, ავაშენოთ დიდი ხის სახლი, სადმე ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთავის ახლოს იყოს. ავაშენოთ დიდი სახლი, შევიყარნეთ ხოლმე. ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი. ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე, ხელოვნებაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ"...

ამ დიალოგის შემდეგ აღარც გუდიაშვილს და აღარც ქართველ მხატვრებს ფიროსმანი აღარ უნახავთ...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×