თიკო ოსმანოვა
18.01.2017

 სომხეთის შემდეგ ევრაზიულ კავშირს შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - მოლდოვა - შეუერთდეს. ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის, იგორ დოდონის განცხადებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ე.წ. საგზაო რუკის მისაღებად, მზადაა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააუქმოს.

მისი თქმით, უახლოეს კვირებში დაიწყება კონსულტაციები ჩარჩო მემორანდუმის გასაფორმებლად, რომელიც ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობას ითვალისწინებს და რომელიც არ ეწინააღმდეგება სხვა შეთანხმებებს.

დოდონის განცხადებით, ევროკავშირთან შეთანხმებამ მოლდოვას არავითარი პლუსები არ მისცა, ქვეყანამ რუსეთის ბაზარი დაკარგა და ექსპორტის მოცულობაც დაეცა.

მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სთხოვა, განიხილოს შესაძლებლობა, რომ მოლდოვა ევრაზიის კომისიისა და ევრაზიული კავშირის დამკვირვებელი გახდეს.

იგორ დოდონის აზრით, მოლდოვას სჭირდება, ისეთი ლიდერი, როგორიც პუტინია. მისივე თქმით, ყირიმი რუსეთს ეკუთვნის.

თსუ-ს პროფესორის კორნელი კაკაჩიას განმარტებით, ევრაზიული კავშირის დამკვირვებელის სტატუსი ბევრს არაფერს ნიშნავს - ეს სტატუსი უკრაინასაც აქვს. რაც შეეხება ზოგადად მოლდოვას შესაძლო გაწევრიანებას ევრაზიულ კავშირში, კაკაჩია ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ეს მოსალოდნელი არ არის, თუმცა მიუხედავად, ამისა ევროპას დაფიქრებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადება შესაძლოა, ერთგვარი პოლიტიკური ტრიუკიც კი იყოს.

"მოლდოვის საზოგადოებას არ აქვს ერთიანი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით. ბოლო წლებში მოლდოველებისთვის დამახასიათებელი იყო იდენტობის კრიზისი. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არის პრორუსულად განწყობილი. ბევრი მათგანი რუსულ ბაზართან არის მიბმული აქედან გამომდინარე თვითონ საზოგადოებაში არ არსებობს ერთიანი ხედვა ამ სახელმწიფოს მომავლთან დაკავშირებით და სწორედ ამით არის გამოწვეული პრეზიდენტის ასეთი განცხადება.

"ამით ევრაზიული კავშირი არ გაძლირდება, იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციას სერიოზული პრობლემები აქვს როგორც სტრუქტურული ისე სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის ევროკავშირისთვის ცუდი ნიშანი და მიუთითებს იმას, რომ ევროკავშირმა მეტი ყურადღება არ დაუთმო მოლდოვას და ვერ შეძლო მოლოდველი საზოგადოების ნაწილის დარწმუნება თუ რამდენად პერსპექტიულია ევროკავშირისა და მოდლოვას ურთიერთობა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კაკაჩია.

მისივე თქმით, ასეთი საფრთხე საქართველოსა და უკრაინას ჯერჯერობით, არ ემუქრება.

"მაგრამ თუ გავისთვალისწინებთ ენდიაის კვლევებს, ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ ეს უმცირესობაა. ჩვენთან ამაზე კონსენსუსი არსებობს და აქედან გამომდინარე საქართველო გამორიცხულია. უკრაინა მითუმეტეს, იქ კონფლიქტი ახლაც მძვინვარებს," - გვითხრა კაკაჩიამ.

აღსანიშნავია იგორ დოდონმა მოლდოვის საპრეიდენტო არჩევნებში გასული წლის შემოდგომას გაიმარჯვა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის მხარადმჭერებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და რეფერენდუმის გზით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაუქმებას დაპირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×