საწვავზე გაზრდილი ფასის მიუხედავად, ჯერჯერობით დედაქალაქში მანქანების რიცხვი თვალშისაცემად არ შემცირებულა. ავტომფლობელების ნაწილი ამბობს, რომ მალე აუცილებლად მოუწევთ თავიანთი მანქანები სალში დატოვონ და მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლონ, ნაწილი კი შეუძლებლად მიიჩნევს, მოუწესრიგებელი და გაუმართავი ინფრასტრუქტურის მქონე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას. ამიტომ ამჯობინებს გაძვირებული საწვავი იყიდოს და ეკონომია გასწიოს ყველაფერზე, რაც კი ოჯახისთვის სჭირდება.
აქციზის მატების გამო, ყველა ტიპის საავტომობილო საწვავის ფასი 20-25 თეთრით გაიზარდა. დევალვაციისა და მძიმე ეკონომიკური ფონის გამო, ეს ცვლილება მტკივნეული აღმოჩნდა ავტომფლობელებისთვის. ჯერჯერობით, ნავთობპროდუქტების გაძვირებას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია სხვა საქონლის (მომსახურების) ფასზე, მათ შორის, არც მუნიციპალურ ტრანსპორტზე.
რადგან საწვავის გაძვირება საახალწლო პერიოდში მოხდა და ამ დროს, დედაქალაქს ისედაც ბევრი ადამიანი ტოვებს, ჯერ შუძლებელია ზუსტად ითქვას, რის გამო შემცირდა თბილისში საცობების ინტენსივობა.
მიუხედავად ამისა, უკვე გამოიკვეთა გარკვეული ტენდენცია, რომლებსაც ავტომფლობელთა ერთი ნაწილი უკვე მიმართავს. მძღოლთა ნაწილი ამბობს, რომ იძულებულია შორ მანძილზე გადაადგილებისას, მანქანა სახლში დატოვოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს, რადგან დიდი ოდენობით საწვავის მოხმარების დროს, ფასის მატების ეფექტი უფრო შესამჩნევია და ხარჯი ბევრად იზრდება.
თეო ჩავლეშვილი ფიქრობდა, რომ გაძვირებული საწვავის გამო, ბენზინის ყიდვას ვეღარ მოახერხებდა და ერთხელ მანქანა სახლში დატოვა, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება იმდენად არაკომფორტული აღმოჩნდა, ურჩევნია თანხა სხვა მიმართულებით დაზოგოს და სამსახურში ავტომობილით იაროს.
"საწვავზე ფასი რომ გაიზრდა, ვიფიქრე, მანქანას ხანდახან სახლში დავტოვებდი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვივლიდი. ამით ფულს დავზოგავდი. ჩემმა ექსპერიმენტმა მხოლოდ ერთი დღე გასტანა, რადგან "მარშრუტკაში" იმდენი ხალხი იყო, რომ მომიწია ორი გამეშვა და მესამეში ძლივს ავფოფხდი - ფეხზე დასადგომი ადგილიც თითქმის არ იყო. სამსახურში ნახევარი საათით დავაგვიანე. ამის გამო შენიშვნა მივიღე და ყველაფერთან ერთად სამუშაოს დაწყებამდე უკვე დაღლილი ვიყავი, ისე საშინლად ვიმგზავრე.
ამის შემდეგ მივხვდი, რომ მირჩევნია, გარეთ აღარ ვჭამო, ახალი ჩანთა უფრო იშვიათად ვიყიდო და საერთოდაც, ბევრი რამე მოვიკლო, ოღონდ საზოგადოებრივი ტარანსპორტით მგზავრობას ავარიდო თავი. მესმის, ათასობით ადამიანი მგზავრობს ასე ყოველ დღე, მაგრამ მე ნამდვილად არ შემიძლია", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" თეო ჩავლეშვილი.
ლევან ფსუტურის თქმით, ფასის მატება მნიშვნელოვნად გააუარესებს ადამიანების ეკონომიურ მდგომარეობას, საცობები დიდად მაინც არ განიმუხტება და ძალიან ცოტა ადამიანი თუ დატოვებს ავტომობილს სახლში.
"ფასის მატების შემდეგ, დედაქალაქში მოძრაობა საგრძნობლად განიმუხტა და ვფიქრობდი, ისედაც გაძვირებული ცხოვრების გამო, ადამიანებმა ვეღარ ახერხებდნენ საწვავის შეძენას - როცა ფასი ასე მომატებულია ყველაფერზე, ალბათ, ფინანსები სხვა მიმართულებით გადაანაწილეს-თქო. თურმე შევცდი. კვირა საღამოს, აღმაშენებლის ძეგლთან ისეთი საცობი იყო მივხვდი, რომ ხალხი, უბრალოდ, რეგიონებში იყო წასული სადღესასწაულოდ.
მალე უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლა დაიწყება და ქალაქში გადაადგილება ისევ შეუძლებელი გახდება. უკვე მგონია, რომ საწვავი როგორც არ უნდა გაძვირდეს, ადამინები ყველაფერს მოიკლებენ და მაინც ივლიან მანქანით", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ლევან ფსუტური.
ეკა ბერუაშვილის ფინანსებს უკვე საგრძნობლად დაეტყო საწვავის გაზრდილი ფასი და ალბათ, იძულებული გახდება მანქანა სახლთან ან უახლეს მოტროსთან დატოვოს და სამსახურამდე მეტროთი მივიდეს ხოლმე. რამდენადაც სამსახური საკმაოდ შორს აქვს და ბენზინის ხარჯმაც უკვე საგრძნობლად მოიმატა, იგი თანხის დაზოგვისთვის ამ მეთოდის გამოყენებას აპირებს.
"საწვავზე ფასის მატება ჯერ კიდევ ახალ წლამდე დაიწყო და ახლა უკვე 25 თეთრითაა გაძვირებული. საბოლოო ჯამში, ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა და საგრძნობლად აისახება ჩემი ოჯახის ბიუჯეტზე.
სახლიდან საკმაოდ შორსაა ჩემი სამსახური და მანქანა არა ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებლობაა, რომ სახლიდან გასვლა ერთი საათით ადრე არ მომიწიოს.
რამდენიმე თვის წინ, პეკინზე ძალიან დიდი საცობი იყო. იძულებული გავხდი, მანქანა გამეჩერებინა და სამსახურამდე მეტროთი მივსულიყავი. ახლა კი, როცა საწვავი ასე გაძვირდა, ვფიქრობ, ასე მოვიქცევი ხოლმე. უახლოეს მეტროსადგურამდე მივალ, მანქანას იქ დავტოვებ და მეტროთი წავალ სამსახურში.
სამარშრუტო ტაქსით ან ავტობუსით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ძალიან დიდხანს ელოდები და ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არასდროსაა. მუნიციპალური ტრანსპორტი რომ კარგად მოძრაობდეს საერთოდაც სახლში დავტოვებდი მანქანას და ასე ვივლიდი, სანამ რამე შეიცვლებოდა ან ფასი, ან ჩემი ხელფასი", - აღნიშნა ეკა ბერუაშვილმა.
ფონდი "პარტნიორობა უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის გელა კვაშილავას შეფასებით, თუკი მუნიციპალური ტრანსპორტი სათანადოდ არ განვითარდება და სტანდარტიზაცია არ მოხდება, დედაქალაქში საცობები ვერ განიმუხტება.
"საწვავზე ფასმა რამდენადაც უნდა მოიმატოს, ადამიანებს გადაადგილება ხომ მაინც სჭირდებათ? სანამ მუნიციპალური ტრანსპორტი მოწესრიგდება, საცობების განმუხტვაზე და ავტომფლობელთა მხრიდან, მანქანის სახლში დატოვებაზე საუბარი ზედმეტია.
ერთადერთი გზა საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის საჩქაროდ მოწესრიგება და გაუმჯობესებაა. დღესდღეობით საცობების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტობუსისა და მიკროავტობუსების მძღოლთა მხრიდან, მოძაობის წესების დარღვევა და ავტომობილების გაუმართაობაა. ასე რომ, თუ მოგვარდება ეს პრობლემები და კომფორტული გახდება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, ადამიანები, რა თქმა უნდა, დატოვებენ სახლში ავტომობილს, რადგან საწვავის ფასი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუყორისას გელა კვაშილავამ.