2 წლის წინ მზის სისტემის გარე ნაწილზე - კოიპერის სარტყელზე, გრავიტაციული გავლენა დაფიქსირდა, რამაც მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტის არსებობის შესახებ პირველი მოსაზრება გააჩინა.
კოიპერის სარტყელზე ჯუჯა პლანეტები და ყინულოვანი ობიექტებია. აქამდე მიაჩნდათ, რომ იგი გრავირებას განიცდის მხოლოდ სატურნის, იუპიტერის, ურანისა და ნეპტუნის გავლენით, თუმცა შემდეგ სარტყელზე 13 შეჯგუფული ობიექტი შენიშნეს და ჩათვალეს, რომ მათზე რაღაც უზარმაზარი სხეული - მზის სისტემის მეცხრე პლანეტა, უნდა მოქმედებდეს.
მოგვიანებით დამტკიცდა, რომ კოიპერის სარტყელის 4 ობიექტი უცნობი პლანეტის ზეგავლენას განიცდის. სავარაუდოდ, ეს პლანეტა დედამიწაზე 10-ჯერ უფრო დიდია და მზიდან 100 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული (ერთ ასტრონომიულ ერთეულად მზიდან დედამიწამდე მანძილია მიჩნეული).
კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა გასული წლის დასაწყისში მისი არსებობა ოფიციალურად დაადასტურეს, თუმცა პლანეტა აღმოჩენილი ჯერ კიდევ არაა. ვარაუდობენ, რომ პლანეტა მზის სისტემის გარეთ, სხვა ვარსკვლავურ სისტემაში ჩამოყალიბდა, შემდეგ კი მზესთან ახლოს მოვიდა და ვარსკვლავებმა გრავიტაციული გავლენით "ჩაიჭირეს".
ასეთ პლანეტებს მოხეტიალე პლანეტები ეწოდებათ. მეცნიერთა თქმით, ახალი აღმოჩენილი პლანეტა დედამიწაზე 10-ჯერ უფრო მასურია და კოსმოსზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს.
მკვლევრებმა იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად ძლიერი გავლენა აქვს მას მზის სისტემაზე და დატოვებს თუ არა იგი ჩვენს სისტემას, კომპიუტერული სიმულაციები ჩაატარეს. ექსპერიმენტების 60%-მა აჩვენა, რომ მოხეტიალე პლანეტა მზის სისტემას დატოვებს და შესაძლოა, რომელიმე პატარა პლანეტაც თან წაიყოლოს, 40%-ის მიხედვით კი, იგი ორბიტაზე სამუდამოდ იმოძრავებს.
მეცნიერთა ერთი ჯგუფი ირწმუნება, რომ ეს პლანეტა პასუხს გასცემს კითხვას, თუ რატომ არიან მზის სისტემის პლანეტების ორბიტები დახრილი 6 - გრადუსიანი კუთხით. მათი აზრით, ამის მიზეზი უზარმაზარი პლანეტის დახრის კუთხის სიდიდეა. მათივე ვარაუდით, მეცხრე პლანეტა 30-გრადუსიანი კუთხითაა დახრილი, რის გამოც მზის სისტემა "ტორტმანობს".
მეცნიერები პლანეტის ძიებას აგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ ახალი პლანეტა არაერთ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს. მის დაფიქსირებას მსოფლიოს უდიდესი ტელესკოპებით აპირებენ. დაკვირვება გამარტივდება, თუკი პლანეტა პერიფელიონში (მზესთან უახლოეს წერტილში) აღმოჩნდება.
წლების განმავლობაში მზის სისტემის მეცხრე პლანეტად პლუტონი ითვლებოდა, თუმცა 2006 წელს მას ეს სტატუსი ჩამოართვეს და ჯუჯა პლანეტებს მიაკუთვნეს.