მკვლევრები ირწმუნებიან, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი 4,51 მლრდ წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პირველადი მზის სისტემის ფორმირებიდან 60 მლნ წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. ძველი შეფასებით კი მთვარე ჩვენი ვარსკვალური სისტემის დაბადებიდან 150-200 მლნ წლის შემდეგ გაჩნდა. ასე რომ, მთვარე 140-მდე მლნ წლით უფროსია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირაში ჟურნალ "საიენს ედვანსში" გამოქვეყნდა.
მთვარის წარმოშობის ზუსტი დრო აქამდე დადგენილი არ იყო. ამის შესახებ მკვლევრებს მხოლოდ ვარაუდები ჰქონდათ. მიზეზი ისაა, რომ მთვარის ზედაპირზე ძალიან ცოტა რაოდენობითაა კარგად შენახული ქანები.
"აპოლო 14"-ის ასტრონავტების მიერ მოპოვებული მთვარის ქანების შესწავლით კი მკვლევრებმა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზუსტი ასაკი გამოთვალეს.
მეცნიერებმა ციკრონის 8 ფრაგმენტი ურან-ტყვიის მეთოდით შეისწავლეს. მკვლევრებმა ნიმუშები მჟავათი დამუშავეს და მასში შემავალი 4 ელემენტი გააცალკევეს: ურანი, ტყვია, ლუტეციუმი და ჰაფნიუმი.
ბოლო ორის შემცველობა მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენ ხანს გაძლო ამ მინერალებმა მთვარის ზედაპირზე. რადიოაქტიური ელემენტის - ურანის გამოკვლევით კი მეცნიერებმა საბოლოო პასუხს მიაკვლიეს.
იმავე ნიმუშებზე ადრე ჩატარებული კვლევებით ცნობილია, რომ მთვარის ჩამოყალიბება მზის სისტემის ფორმირებიდან 68 მილიონი წლის შემდეგ დაიწყო. ახალი მონაცემების მიხედვით კი მთვარე მზის სისტემის შექმნიდან 60 მილიონი წლის შემდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდა. თუ ეს თეორიები მართებულია, მაშინ მთვარე რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა.
აქამდე არსებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი ადრეული დედამიწისა (პროტოდედამიწისა) და მარსის ზომის პლანეტის გიგანტური შეჯახების შედეგად წარმოიქმნა, თუმცა ახალი კვლევები ამტკიცებენ, რომ მთვარის დაბადება არა ერთ, არამედ რამდენიმე აფეთქებას უკავშირდება.
ჟურნალ "საიენს ედვანსში" გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთვარის წარმოსაქმნელად 20 ათასი შეჯახება განხორციელდა.
დაკვირვებებმა ასევე აჩვენა, რომ მთვარისა და დედამიწის ქანები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა მეცნიერები ამის მიზეზს ჯერ კიდევ ვერ ხსნიან.