რუსეთი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ყაზახეთში , სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს. ამერიკის შეერთებულ შტატებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს თურქეთიც, რომელიც მოლაპარაკებების ერთ-ერთი მასპინძელია.
ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადბენ, რომ რუსეთისგან ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ თუ ასეთი წინადადება ნამდვილად იქნება, ისინი ტრამპს დათანხმებას ურჩევენ.
როგორც „ვაშინგტონ პოსტის" განცხადებაშია ნათქვამი, არაფორმალური მოწვევა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა, ამერიკაში რუსეთის ელჩისგან, 28 დეკემბერს, სატელეფონო საუბრისას მიიღო.
ასადის რეჟიმის და ოპოზიციური მხარის წარმომადგენლები ამ წლის განმავლობაში პირველად შეიკრიბებან. მოლაპარაკებები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, რუსეთის, თურქეთის და ირანის მონაწილეობით, 23 იანვარს არის დაგეგმილი.