ამბავი დიდუბის ველზე მოწყობილი პოლიტიკური პერფომანსისა
მამუკა ნაცვალაძე
14.01.2017

 მეთორმეტე საუკუნის მიწურულს საქართველომ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია. ერთიანი კავკასია, რომლის უდიდესი ნაწილი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში გახლდათ, ფაქტობრივად შეუვალ სივრცეს ქმნიდა მტრულად განწყობილი მაჰმადიანური სამყაროსათვის.

თამარის პერიოდის საგარეო პოლიტიკისას დაპყრობილ ქვეყნებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ყმადნაფიცობა იყო. ყმადნაფიცი ქვეყანა საშინაო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, საგარეო პოლიტიკის წარმართვასა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას კი საქართველოს სამეფო კარს ანდობდა.

სწორედ ყმადნაფიცი ქვეყნის დაცვის მიზეზით მოხდა საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ბრძოლა - შამქორის ომი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტესტი იყო ქართული სამეფოსათვის, რამდენადაც მისი მხრიდან ყმადნაფიცი ქვეყნის დაცვის ვალდებულების პირნათლად შესრულება პირდაპირ უკავშირდებოდა ერთიანი კავკასიური პოლიტიკური სივრცის სიცოცხლისუნარიანობას.

როგორ ცდილობდნენ მაჰმადიანური ქვეყნები ილდეღიზიდების მეშვეობით რევანშის აღებას

ეს ნიუანსები კარგად ჰქონდა გაცნობიერებული მაჰმადიანურ სამყაროს, რომელიც აქტიურად უპირისპირდებოდა ქრისტიანობას. დაპირისპირების უმთავრესი წინაპირობა ის გახლდათ, რომ თურქები ვერ ეგუებოდნენ კავკასიაში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს დომინირებას და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ დიდგორის ომში კოალიციური მარცხის შემდეგ ვითარება თავიანთ სასარგებლოდ შემოებრუნებინათ.

თამარის მეფობის პირველივე წლებიდან განასაკუთრებულ პრობლემას ქმნიდა საქართველოსთვის აზერბაიჯანის ილდეღიზიდთა (ილდენიზიანთა) მმართველი აბუ ბაქრი, რომელიც იმ პერიოდისთვის საკმაოდ გაძლიერებულიყო.

ილდეღიზიდთა ფეოდალური დინასტია აზერბაიჯანს 1136-1225 წლებისას მართავდა. ეს საათაბაგო თავდაპირველად ერაყის სელჩუკთა სახელმწიფოში შედიოდა და იმ პერიოდის უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულებს საქართველოს, სელჩუკებსა და შირვანს ებრძოდა.

ამბავი უმემკვიდრეოდ დარჩენილი ილდეღიზიდთა ათაბეგობისა

1191 წელს აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგი ყიზილ-არსლანი გარდაიცვალა, რომელსაც შვილი არ დარჩა, ამიტომაც მემკვიდრეობის დასაუფლებლად მის ძმისშვილებს შორის ატყდა ომი. შუათანა აბუ ბაქრმა სძლია უფროს ძმას და მიიტაცა ათაბეგობა. აბუ ბაქრს დროებით გაეცალა უმცროსი ძმა ამირ მირანი, რომელიც შირვანშაჰ აღსართან |-ს ჩაესიძა და ამ პოზიციიდან სიმამრის დახმარებით სურდა ათაბეგობის ხელში ჩაგდება.

ეს კარგი საბაბი იყო აბუ ბაქრისთვის, რომ შარვანისათვის შეეტია. გამომდინარე იქიდან, რომ შარვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა გახლდათ, ეს ბრძოლა ფაქტობრივად საქართველოს გამოწვევასაც ნიშნავდა.

აბუ ბაქრი შირვანელებს ბელაქნის კართან მიეჭრა და სასტიკად დაამარცხა. შირვანის მფლობელმა აღსართანმა და ამირ მირანმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა. თითქოს ეს არ ეყოფოდათ გამწარებულებს, ბედმა დიდი განსაცდელი მოუვლინა - ცოტა ხანში მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა შირვანის მთავარი ქალაქი შემახა. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით სიძე-სიმამრი - შირვანშაჰი აღსართანი და ამირ მირანი სასწრაფოდ თბილისში მოდიან და შემწეობას სთხოვენ საქართველოს სამეფო კარს.

როგორ დაემთხვა ამირ მირანისა და საქართველოს სამეფო კარის ინტერესები ერთმანეთს

ამირ-მირანისა და შირვან-შაჰის მოთხოვნა მოეწყოთ ერთობლივი ლაშქრობა ილდეღიზიან აზერბაიჯანულ სახალიფოზე საქართველოსაც აწყობდა, რამდენადაც კარგად ჩანდა, რომ ამიერკავკასიაში სწორედ ილდეღიზიანთა სახელმწიფო იყო ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც შეეძლო მეტოქეობა გაეწია საქართველოსთვის რეგიონში დომინანტი უფლების მოსაპოვებლად.

ილდეღიზიდების დამარცხებით საქართველო მთელ კავკასიას თავის გავლენის სფეროში აქცევდა. ეს იყო ის პოზიცია, საიდანაც თვისებრივად ახალი პოლიტიკური ამბიციები იბადებოდა. უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების ხელში ჩაგდებას საქართველოსთვის არა მარტო სიმდიდრე უნდა მოეტანა. აქედან მსოფლიო მასშტაბის ქვეყნის კონტურები ისახებოდა.

სწორედ ამ დროს ამირ მირანი ქართველთა სამეფო კარს სთავაზობს კონკრეტულ გეგმას. ეს გეგმა მართალია ამ ეტაპზე არარეალურია, თუმცა, საქართველოს შანსი ეძლევა ილდეღიზიდების შიდაარეულობაში ჩაერიოს და შიგნიდან მოაგვაროს მისთვის სასურველი პრობლემა.

შამქორის ბრძოლამდე ამირ მირანი საქართველოს ხელისუფლებისაგან ითხოვდა, რომ ელაშქრათ სპარსეთში და იქ გამგებლად დაესვათ. სამაგიეროდ ჰპირდებოდა ქართველთა სამეფო კარს, რომ ეს ტერიტორები საქართველოსი იქნებოდა და მთელ მის სამეფოს საქართველოს დაუქვემდებარებდა ყმადნაფიცობის პრინციპით.

ამ მასშტაბური ღონისძებისათვის არ იყო მზად საქართველოს სამეფო კარი, ამიტომაც უარი თქვეს ამგვარ სცენარზე, თუმცა, ამირ მირანს დაპირდნენ, რომ მისი მამულს - განძას დაუბრუნებდნენ. რის შედეგადაც ამირ მირანი საქართველოს ყმადნაფიცი უნდა გამხდარიყო. გამომდინარე განძის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობისა, აბუ ბაქრთან დაპირისპირება მეტად აქტუალური გახლდათ ქართული პოლიტიკისთვის, ამდენად სრულიად ბუნებრივი იყო ის, რომ თამარმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი, რომელსაც სათავეში დავით სოსლანი ჩაუყენა.

როგორ იქცა ილდეღიზიდების მემკვიდრეობისათვის ბრძოლა ქრისტიან და მაჰმადიანთა მასშტაბურ დაპირისპირებად

აბუ ბაქრი ბუნებრივია ადევენებდა თვალს მოწინააღმდეგის ქმედებებს. კარგად იცოდა ისიც, რომ მის წინააღმდეგ მზადდებოდა შეტევა, მას გარდა აღსართანისა და ამირ მირანის საკითხისა, აწუხებდა ისიც, რომ მეზობლად მყოფი საქართველოდან მუდმივად ხდებოდა ლაშქრობები, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებული ლაშქრობა მოეწყო.

აბუ-ბაქრმა დახმარებისთვის მიმართა ბაღდადის ხალიფას, რომელმაც მთელ მაჰმადიანურ სამყაროს მოუწოდა მხარში დადგომოდნენ ილდეგიზიანთა მმართველს, ხალიფის მოწოდებას მრავლად გამოეხმაურნენ მაჰმადიანები და აბუ-ბაქრმაც საქართველოსკენ დაძრა ჯარი.

ეს მაჰმადიანთა კიდევ ერთი შანსია რევანში აიღონ დიდგორის ომში მათი კოალიციური ლაშქრის დამარცხებისთვის და რაც მთავარია შეინარჩუნონ კავკასიაში უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი მორიგი შეტევისთვის.

ამიტომაც სულ სხვა იმედით უყურებს ამ დაპირისპირებას ბაღდადის ხალიფა, ის მზადაა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოს. მან გარდა ფინანსური დახმარებისა, მორალური მხარდაჭერაც აღმოუჩინა მაჰმადიანებს და დროშა გამოუგზავნა, რომელიც ბრძოლის ველზე თან ჰქონდათ მის თანამოაზრეებს.

ეს 1195 წელის გაზაფხულის მიწურულია, ასე იწყება მაჰმადიანთა კიდევ ერთი გაერთიანებული შეტევა ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ. ამ ბრძოლას სათავეში აზერბაიჯანის მმართველი ელდეღიზიდი აბუ ბაქრი ჩაუდგა. ადარბადაგანში - ირანის აზერბაიჯანში 80 ათასიანმა ლაშქარმა მოიყარა თავი.

რატომ იბრძოდნენ შამქორში ქართველთა მხარდამხარ თურქმანები

საცნაურია ის, რომ ელდეღიზიდებს მარტო ქართველები და შარვანელები არ დაპირისპირებიან. ქართველთა ლაშქარს შეუერთდა არანის ჯარებიდანაც ბევრი. ამას არაბი ავტორი ჰუსეინი საგანგებოდ მიანიშნებს და მიზეზსაც უთითებს - მათ იმედი ჰქონდათ, რომ ქართველი მეფე ხელსაყრელ პირობებს შესათავაზებდაო.

განსაკუთრებით დიდი ლაშქარი თურქმენებიდან შეგროვებულა, ისინი შამქორის ბრძოლაში ქართველებთან და შირვანელებთან ერთად წასულან აბუ ბაქრ იბნ ათაბაგ ფეჰლივანის წინააღმდეგ.

ქართველთა მხარდამხარ იბრძოდნენ რაზმები დარუბანდისა და არზრუმის საამიროებიდანაც. ერთი სიტყვით, მაჰმადიანებს ქართველთა ჯართან ერთად მებრძოლი მაჰმადიანებიც უპირისპირდებოდნენ. მათი რაოდენობა 60 ათასს აღწევდა

ჰუსეინი საგანგებოდ მაინიშნებს იმასაც, არც აბუ ბაქრის ჯარი იყო ნაკლები, რომ მათ იმდენი ჯარი ჰყავდათ, ვერც ცა და ვერც დედამიწა ვერ იტევდაო. მათი რაოდენობა 80 ათასს აღწევდა.

ამბავი შამქორის ბრძოლიდან გაქცეული აბუ ბაქრისა

შამქორში ორი უდიდესი ლაშქარი დაუპირისპირდა ერთმანეთს. მთავარი ბრძოლა 1195 წელს 2 ივნისს შამქორში მოხდა. შამქორს რომ მიუახლოვდნენ, ქართველთა სარდალმა ორად გაჰყო ლაშქარი. მცირე ნაწილი ქალაქის კართან მიიჭრა და აქედან დაიწყო შეტევა, უფრო დიდი ნაწილი კი, რომელსაც დავით სოსლანი ედგა სათავეში, შამქორის სიღრმისკენ გაიჭრა და მტერს ზურგიდან შემოუარა. გზა მიუვალი იყო, ამან ქართველები შეაყოვნა, რამაც ქალაქის კართან მებრძოლ რაზმს საკმაოდ გაურთულა მდგომარეობა, თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დავით სოსლანი მათთან ლაშქრით მიიჭრა. ამან ფაქტობრივად დაასრულა კიდეც ბრძოლა.

აბუ ბაქრი ხედავდა, რომ ბრძოლა წაგებული ჰქონდა, ამდენად გაქცევას ცდილობდა, თუმცა, ქართველთა და მუსულმანთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ალყაში მოაქცია იგი, ძლივს გადარჩა ტყვედ ჩავარდნას. დიდი ძალისხმევით შესძლო აბუ ბაქრმა ალყის გარღევა და სამშვიდობოს გასვლა. ის შამქორიდან ნახჭევანში გადავიდა.

ბრძოლაში თავი გამოიჩინეს შალვა და ივანე ახალციხელებმა, შალვამ ხალიფას გამოგზავნილი დროშა იგდო ხელთ, მან ეს დროშა გელათის მონასტერში დაბრძანებულ ხახულის ღვთისმშრობელს შესწირა.

როგორ გაუგეს ფეხქვეშ შამქორელმა მაჰმადიანებმა ფიანდაზები ქართველებს

ბრძოლაში დამარცხებულმა შამქორელებმა ქალაქის კარი გააღეს და ქართველთა ჯარს დამორჩილდნენ. დავით სოსლანს გამოეგებნენ ყადები და მოლები, დიდებულები, დიდვაჭარნი, "თაყვანი სცეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა". შეავედრეს თავი და ცოლ-შვილი.

სოსლანისათვის შამქორელ მაჰმადიანებს დაუფენიათ ფიანდაზები, ასე მიუცილებიათ სულთნის სასახლემდე და ტახტზე დაუსვამთ. დავითს და მის თანმხლებ ქართველობას პატივი და თაყვანისცემა არ მოაკლეს ბოლოს კი მაჰმადიანთა წესის საწინააღმდეგოდ ქართველთათვის ღორის ხორცი და ღვინო შეუთავაზებიათ და მათთვის უჩვეულო წესით გაუმართავთ ნადიმი.

როგორ დათრგუნა მაჰმადიანები ქართველთა უჩვეულო პერფომანსმა

თამარ მეფეს შამქორში ქართველთა გამარჯვება მანდატურთუხუცესმა ჭიაბერმა აცნობა. ის ამ საპატიო მისიით ტაბახმელაში ეახლა მეფეს. დიდი სანახაობა გამართული ამ გამარჯვების აღსანიშნავად თბილისში დიდუბის ველზე, ავჭალასა და გლდანის ხევამდე დაუყენებიათ ტყვე ამირები თავიანთი დროშებით. ჯერ ხალიფას დროშა გამოუფენათ, მერე - ათაბაგის, მის უკან კი მდგადა ათასამდე ტყვე. აქვე გამოფენილი იყო ნადავლი - ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, ორმოცი ავაზა თხუთმეტი ათასი აქლემი. უამრავი ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი.

ეს იყო პოლიტიკური პერფომანსი, რომელსაც უდიდესი დატვირთვა გააჩნდა - მას სიამაყის განცდა უნდა აღეძრა ქართველებსა და მათ მოკავშირეებში და ფსიქოლოგიურად დაეთრგუნა მაჰმადიანური კოალიციის შემადგენლობაში მებრძოლნი.

შამქორის ბრძოლამ დაადასტურა საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ძლიერება, ის რომ ყმადნაფიცისადმი არსებული ვალდებულება სახელმწიფოსთვის ისევე აუცილებელი დასაცავი იყო, როგორც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება.

შამქორის ბრძოლამ კიდევ ერთხელ ცხადყო ქართული ფეოდალური სახელმწიფოს სამხედრო უპირატესობა მაჰმადიანურ კოალიციურ არმიაზე.

თუმცა, ეს მხოლოდ მნიშვნელოვანი ფრაგმენტული წარმატება გახლდათ - მთავარი ბრძოლა წინ იყო, ბრძოლა სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ქალაქ განძისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკის კერკეტ კაკლად ქცეულიყო...

ბედი ილდეგიზიანთა არეულ ოჯახს მორიგ ტრაგედიას უმზადებს... წინ განძაში ამირ მირანის 22 დღიანი ზეობაა, ზეობა, რომელიც სასტიკი შურისძიებით მთავრდება...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×