საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში, ახალი წლის დადგომას ორჯერ ზეიმობენ - 1-ელ და 14 იანვარს. უცხოელებისთვის ცოტა უჩვეულოა, მაგრამ ქართველებისთვის სრულიად ბუნებრივი, რომ ყველაზე პოპულარული დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება. ბავშვებიც თოვლის ბაბუას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. "მეორე ახალ წელს" თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს - ძველით ახალი წელი.
ხალხში დამკვიდრებულ ტრადიციულ დღეს არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად, სამაგიეროდ, ეკლესიისთვის იგი ახალი კალენდარული წლის ათვლის წერტილია.
ბოლო 15-20 წელია ძველით ახალი წლის აღნიშვნა საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა. ეს იმის ნიშანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ეკლესიური წესებით ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას.
დღეისათვის გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13-დღიანი სხვაობაა. სწორედ ამიტომ, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩავლილია, რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო, ისევ სადღესასწაულო სამზადისშია.
მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საეკლესიო და საოჯახო დღესასწაულია, მას ნაკლები პომპეზურობა სულაც არ ახლავს. 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, ზუსტად 12 საათზე თბილისის ეზოებსა და აივნებზე ისევ ისვრიან შუშხუნებს, თბილისელები ძველით ახალი წლის ღამეს განთიადამდე ზეიმობენ და რესტორნებშიც ნემსის ჩასადგები ადგილი არსადაა.
ძველით ახალი წლის აღნიშვნა თანდათან უფრო პოპულარული გახდა. ეს კი უშუალოდ შობის მარხვას უკავშირდება. როცა მარხვა დასრულებულია, ქართველები "ძველ დღესასწაულს" სრულფასოვნად ზეიმობენ.
"რეზონანსთან" საუბრისას გამოკითხულთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ 1-ლი იანვრის დადგომას ისეთი მოლოდინით არ ხვედებიან, როგორც 14 იანვრის დილას.
"ვმარხულობდით მთელი ოჯახი. ამიტომ 31 დეკემბერს მცირედით შემოვიფარგლეთ. ახლა, როდესაც მარხვა დასრულებულია, შევეცადეთ სუფრაზე ყველანაირი საჭმელი გვქონოდა. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი ქართული ახალი წელია", - აღნიშნა მაკა ოჩხიკიძემ.
ბაზარსა და სუპერმარკეტებში ნამდვილად თვალშისაცემია ხალხის ნაკადის მატება. ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხზე ლარის კურსის გაუფასურება არ მოქმედებს. მოვაჭრეთა უმეტესობა ამბობს, რომ ამდენი ხალხი წინასაახალწლოდაც არ ყოფილა. ახლა კი ნამდვილად არ ელოდნენ ამდენ კლიენტს.
"დიდი ხანია ვაჭრობით ვარ დაკავებული. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 30 და 31 დეკემბერს არ არის იმდენი ხალხი, რამდენიც ძველით ახალი წლის დღეებში. ხალხის რაოდენობაზე მარხვა მოქმედებს, რადგან საზოგადოების ნაწილი შობამდე სუფრას საერთოდ არ შლის. 14 იანვრისთვის კი ყველა ემზადება, ქართველები ძველ ტრადიციებს უბრუნდებიან", - განუცხადა "რეზონანსს" გოგა დარასელიამ.
ძველით ახალ წელს საქართველოში დიდი სიამოვნებით აღნიშნავენ და ბარებისა და რესტორნების უმრავლესობას 13-დან 14 იანვრის ღამეს სპეციალური პროგრამა აქვს მომზადებული.
თბილისის ბევრი რესტორნის და ლუდის ბარის მენეჯერი აღნიშნავს, რომ პარასკევ საღამოს ისედაც არ განიცდიან მომხმარებელთა ნაკლებობას, მაგრამ მიმდინარე კვირას შეეცადნენ უფრო სადღესასწაულო ელფერი მიეცათ თავისი საქმიანობისთვის. მათი მენიუ უფრო მრავალფეროვანი, ხოლო გასართობი პროგრამა საახალწლო მუსიკალური ჰიტებით დატვირთული აღმოჩნდა.
ასეთ ბარებსა და კლუბებში სტუმრობას თავისი მინიმალური ლიმიტი აქვს. მაგალითად, ახვლედიანის ქუჩაზე (ყოფილი პეროვსკაია) 1 ადამიანის მომსახურება მინიმუმ 12-18 დოლარი ჯდება. შარდენის ქუჩაზე, სადაც გასართობი ადგილების საკმაოდ დიდი არჩევანია, საღამოს გატარებისთვის ერთ ადამიანს სულ მცირე 30 დოლარის გადახდა მოუწევს. ზოგიერთ პაბს კი არანაირი ლიმიტი არ აქვს დაწესებული. მომხმარებელს შეუძლია ერთი კათხა ლუდითაც გაატაროს მხიარულად მთელი საღამო.
უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ საკითხს თბილისის შემოგარენში მდებარე რესტორნების მეპატრონეები. შესაბამისი მუსიკალური პროგრამისა და საახალწლო ატმოსფეროს გარდა, სტუმრებს გასართობ ინტერაქტიურ კონკურსებსაც სთავაზობენ. ფასი 25 დოლარიდან იწყება და დამოკიდებულია მენიუსა და მსურველთა რაოდენობაზე.
ფსიქოლოგები კი საზოგადოებას ურჩევენ, რომ ძველით ახალ წელს ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში შეხვდნენ.
"სადღესასწაულო სუფრა უმჯობესია, მსუბუქი იყოს, მაგრამ ამავე დროს, მრავალფეროვანი. მოამზადეთ კანაპე, სხვადასხვა სალათის კალათები ბოსტნეულის პასტებით ან სოუსებით. ხორციანი კერძებიდან უპირატესობა იმათ მიანიჭეთ, რომლებსაც გაცხელება არ სჭირდება. ხილი და ტკბილეული მაგიდაზე უხვად უნდა იყოს. უარი თქვით ალკოჰოლზე, მიირთვით მინერალური წყალი და ხილის წვენები. ზუსტად 12-ზე კი გახსენით შამპანური", - განუცხადა "რეზონანსს" ლელა სვანიშვილმა, თუმცა გაითვალისწინებენ თუ არა მის რჩევას ტრადიციული დღესასწაულის მოზეიმე ტრადიციების მიმდევარი ქართველები, ეს ძნელი სავარაუდოა.
რაც შეეხება რეგიონებს, ძველით ახალი წლის აღნიშვნა იქ ოდითგანვე მოდის. 14 იანვარს განსაკუთრებულად ეგებებიან მაღალმთიან სოფლებში. იქაური მოსახლეობა 1 იანვარს თითქმის არ აღიარებს და ამბობენ, რომ ნამდვილი ახალი წელი სწორედ 14 იანვარს დგება.