საქართველოში რეგისტრირებული ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რიცხვი კომერციულ ბანკებს თითქმის სამჯერ აღემატება. ქვეყანაში ონლაინ სესხების გაცემით დაკავებულია 41 ორგანიზაცია. ბოლო სამი წელია, რაც მსგავსი ტიპის ორგანიზაციები ბაზარზე მკვეთრად გააქტიურდნენ. მათი რაოდენობა დღემდე შესამჩნევად იზრდება. ბოლო დროს, წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, რომელსაც ასეთი საკრედიტო კავშირები აწესებენ, რეგულაციის შემოღება აუცილებელი გახდა.
რამდენად შეამცირებს ონლაინ სესხის ორგანიზაციების რაოდენობას ახალი შეზღუდვები და მათთვის დადგენილი წლიური 100%-იანი საპროცენტო სარგებელი? "რეზონანსს" "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ესაუბრა.
"რ": ახალი ტიპის რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შემცირდება თუ არა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რაოდენობა?
გიორგი კეპულაძე: რეგულაციებმა, წესით, მათი რაოდენობა უნდა შეამციროს, რადგან საპროცენტო სარგებლის წლიური ზღვარი 100%-მდე დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ თუკი კომპანია 300 ლარს გაასესხებდა და პირობითად 600 ლარს იღებდა, ამ რეგულაციის შემდეგ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ისინი ასეთი უზარმაზარი სარგებლით ნახულობდნენ მოგებას. შეიძლება ვიღაც არ აბრუნებდა თანხას, მაგრამ სხვა მსესხებლისგან გაორმაგებულად იღებდნენ.
"რ": რეგულაციის შემდეგ რამდენად მარტივი იქნება სესხის მიღება?
გ.კ: რეგულაციის შემდეგ სესხის აღების სიმარტივე არა მგონია, შეიცვალოს. ონლაინ კრედიტის მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სიმარტივეა. სამაგიეროდ, შეიცვლება პირობები და შესაძლებელია, კომპანიებს მოუწიოთ უფრო ფრთხილად მოეკიდონ მომხმარებლის საფინანსო ისტორიას.
ჩემი აზრით, ისინი მოერიდებიან, გასცენ სესხი ისეთ მსესხებელზე, რომლისგანაც დიდი ალბათობით, თანხას ვერ ამოიღებენ. ამიტომ მოუწევთ უფრო დეტალურად შეისწავლონ საკრედიტო ისტორია, რამაც შეიძლება პროცესი გაახანგრძლივოს.
მე ზოგადად თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ - რაზეც მოთხოვნაა, მიწოდებაც უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს ნორმის ფარგლებში. რეგულაცია აუცილებელი იყო და ეს პრაქტიკულადაც დამტკიცდა. საბოლოო ჯამში, შეზღუდვა გამოიწვევს ონლაინ ორგანიზაციების შემცირებას, რადგან ასეთი წვრილი კომპანიები საბაზრო კონკურენციას ვეღარ გაუძლებენ და მხოლოდ მსხვილი კომპანიები დარჩებიან.
რ: ის ორგანიზაციები, რომლებიც რეგულაციის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ და შესაძლოა გაუქმდნენ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქმიანობას სხვა კუთხით განაგრძობენ?
გ.კ: ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და კერძო მევახშეები ერთმანეთის კონკურენტად შეიძლება ჩავთვალოთ. თუკი მათ სურვილი ჰქონდათ, ლომბარდის დონეზე ემუშავათ, ასეც მოიქცეოდნენ. რადგანაც ონლაინ სესხების კუთხით გააგრძელეს მუშაობა, ვფიქრობ, სხვას ტიპის წამოწყებისგან ამჯერადაც თავს შეიკავებენ. მიუხედავად ამისა, შეეცდებიან კონკურენციაში ჩაბმას, რადგან ბაზარზე დარჩნენ.
თუ ასეთ კომპანიებს ავკრძალავთ, მოთხოვნა მცირე სესხებზე არ შემცირდება. ხალხი ლომბარდებისა და კერძო პირების საშუალებით მაინც მოახერხებს კრედიტის აღებას. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, მკაცრი რეგულაციის შემდეგ რომელი კომპანიაც გაუძლებს კონკურენციას, ის დარჩეს ბაზარზე, მომხმარებლისთვის მისაღები პირობებით.