მომსახურების ფასი ერთი საათი 50 ლარიდან იწყება და ხშირად 300 ლარსაც კი აჭარბებს. არიან ე.წ. "ვიპ მეძავები", რომლებიც უცხოელ ბიზნესმენებსა და მაღალჩინოსნებს ემსახურებიან. მათი მომსახურების საფასური 1000 აშშ დოლარს აღწევს.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ 11 იანვარს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ თბილისში, "ვარდების მოედნის" მიწისქვეშა კომპლექსში არსებულ ე.წ. "არაბულ ბარებში" არასრულწლოვანთა პროსტიტუციის შესახებ, დიდი რეზონანსი გამოიწვია. მეტიც, პრემიერმა შსს მინისტრს საკითხით დაინტერესება დაავალა.
საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხმამაღალი განცხადება ამ თემაზე მიზნად მხოლოდ და მხოლოდ სხვა, აქტუალური და ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო თემის გადაფარვას ემსახურებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია, რომ საქართველოში სექს-ბიზნესი საკმაოდ წარმატებით მოქმედებს. თუმცა ამ თემატიკაზე მომუშავე პირთა შეფასებით, პრობლემა ის არის, რომ ამ სფეროში არასრულწლოვან, რთულად აღსაზრდელ, სოციალურად დაუცველ, ე.წ. "ქუჩის ბავშვთა" ჩართვა ხდება. ამასთან, ხშირია ტრეფიკინგის ფაქტებიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ადამიანებით მოვაჭრეთა მახეში უცხო, როგორც მეზობელი, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ხვდებიან. ისინი აქ მოტყუებით ჩამოჰყავთ და მათთვის მიუღებელ პირობებზე ამუშავებენ.
საქართველოში პროსტიტუციის მთავარი კერები თბილისსა და ბათუმშია. აგრეთვე, "საეჭვო რეპუტაციის მქონე" სასტუმროები გვხვდება თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზეც, სადაც ტრაილერების მძღოლები ჩერდებიან.
ბორდელების ფუნქციას ხშირად რესტორნებიც ასრულებენ. როგორც წესი, სექსმუშაკები იქ საღამოს 6 საათის შემდეგ ჩნდებიან. ისინი მაგიდებთან სხედან და თავიანთ კლიენტებს ელიან. როგორც წესი, რესტორნების გვერდით არის სასტუმროები, სადაც გარკვეული თანხის (40-50 ლარი) სანაცვლოდ, უძველესი პროფესიის წარმომადგენლები მამაკაცებს ემსახურებიან.
ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების განვითარებამ თავისი კორექტივები უძველესი პროფესიის წარმომადგენლების საქმიანობაშიც შეიტანა.
დღესდღეობით სასურველი პარტნიორის პოვნა კლიენტს ინტერნეტის მეშვეობითაც შეუძლია. გაცნობის საიტზე სექსმუშაკები ქმნიან თავიანთ ანგარიშებს, სადაც მითითებულია მათი სხეულის პარამეტრები, რამდენიმე ეროტიკული ფოტო, საკონტაქტო ინფორმაცია და რაც მთავარია, პირობები. ისინი კლიენტებს იმ ბინებში ემსახურებიან, რომლებიც დღიურად ქირავდება.
მომსახურების ფასი ერთი საათი 50 ლარიდან იწყება და ხშირად 300 ლარსაც კი აჭარბებს. არიან ე.წ. "ვიპ მეძავები", რომლებიც უცხოელ ბიზნესმენებსა და მაღალჩინოსნებს ემსახურებიან. მათი მომსახურების საფასური 1000 აშშ დოლარს აღწევს.
ადგილობრივ სექსმუშაკებში ყველაზე დაბალი კასტა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდგარი ქალები არიან. მათი დიდი ნაწილი 40 წელს გადაცილებულია და შესაბამისად, მათი მომსახურების საფასურიც დაბალია.
საქართველოში ამ ბიზნესში უკვე თითქმის ხუთი წელია, რაც ჩინელი და ტაილანდელი ქალბატონები გამოჩნდნენ. საროსკიპოებს ისინი მასაჟების სალონებად ნიღბავენ. იქ მისულ კლიენტს კი მასაჟის ნაცვლად სქესობრივ აქტს სთავაზობენ. მათი ფასები ადგილობრივი კონკურენტებისაგან განსხვავებით უფრო "დემოკრატიულია" და, შესაბამისად, ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ მედიაში გავრცელდა ცნობა, თითქოს ამ სალონებში მამაკაცებს სინამდვილეში არა ჩინელი, არამედ ტრეფიკინგის მსხვერპლი უზბეკი, ყირგიზი და ყაზახი ქალბატონები ემსახურებოდნენ.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალბატონების ქართულ სექსბაზარზე გამოჩენა არახალია. ასე მაგალითად, 2013 წლის ზაფხულში საქართველოს შსს-მ დააკავა თურქეთისა და აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც აჭარაში მოტყუებით 30-მდე არასრულწლოვანი აზერბაიჯანელი გოგონა ჩაიყვანეს და მათ პროსტიტუციით დაკავება აიძულეს.
დროდადრო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, თუ როგორ დაიხურა ესა თუ ის დაწესებულება, რომლის მეპატრონე სექსმუშაკებს პროსტიტუციისათვის უყოფდა ფართს.
ამ უკანასკნელის წინააღმდეგ საქმე პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა სსკ 254-ე მუხლით აღიძვრება. მეძავები კი 20 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ თავისუფლდებიან.
თუმცა, როგორც წესი, ორი-სამი კვირის შემდეგ "საეჭვო რეპუტაციის მქონე" დაწესებულება კლიენტებს თავის კარებს კვლავ უღებს.
პროსტიტუციის თემატიკაზე მომუშავე სოციალური მუშაკი, ქეთევან ბანძელაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ძალოვანის სტრუქტურის თანამშრომლები ამ მიმართულებით ძალიან პასიურად მუშაობენ. ამის მიზეზად ის არასაკმარის პოლიტიკურ ნებას ასახელებს.
"თბილისში ტაქსის ნებისმიერმა მძღოლმა იცის, სად შეიძლება მამაკაცისთვის "კაი დროის გატარება" და გინდათ თქვათ, რომ პოლიციელებმა არაფერი იციან?!
"საქართველოში პროსტიტუციასთან ბრძოლის ყველაზე არაეფექტური გზაა არჩეული, რაც ერთგვარ რეიდებში გამოიხატება. დახურული საროსკიპოები ისევ იხსნება, ხოლო ამ საქმიანობით დაკავებულ ქალბატონთა რაოდენობა არ მცირდება.
"მეტიც, არის საფრთხე, რომ ამ დაწესებულებების დახურვის შემთხვევაში ადგილობრივი სექს-მუშაკები უცხო, ძირითადად არაბულ ქვეყნებს მიაშურებენ, სადაც ქალებს, მითუფრო მათ უფლებებს დიდად არ დაგიდევენ. არის დიდი ალბათობა მათზე ფიზიკური ძალადობის, მათი სექსმონად გაყიდვისა და სხვა საფრთხე", - თქვა მან "რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ე.წ. "ქუჩის ბავშვები", რომლების სექსბიზნესში ჩართვის ფაქტები ფიქსირდება", - თქვა ბანძელაძემ.
საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრეთა ხმებიც. ამ მხრივ განსაკუთრებით ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურობენ. მათი თქმით, ეს ნაბიჯი ტრეფიკინგისა და სექს-მუშაკებზე ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ძალადობის პრევენცია იქნება.
საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში პროსტიტუცია იყო, არის და იქნება. ჩვენთან საამისოდ ნოყიერ ნიადაგს რთული სოციალური ფონიც ქმნის.
პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნაა, რაც ამ დრომდე არ ხდება. ამიტომ, იმ ქალებზე, რომლებსაც ცხოვრებამ სხვა გზა არ დაუტოვა, სახელმწიფომ თუნდაც ამ ფორმით უნდა იზრუნოს.
ლეგალიზების შემთხვევაში, იქნება ამ სფეროში ჩართული დაწესებულებების მონაცემთა ბაზა, შსს-ს გაუმარტივდება ამ საქმეში არასრულწლოვანთა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ჩართვის აღკვეთა, ისევე როგორც, სექს-მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა.
ამასთან, ამ ბიზნესში უზარმაზარი ფული ტრიალებს, იმ პირობებში, როდესაც ეს სფერო უკონტროლოა, ამ თანხების ბრუნვის მარშრუტიც ბუნდოვანია.
ამ თემაზე სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ ფორუმებზეც აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. ორივე მხარე თავისი პოზიციების დასაცავად არგუმენტებს იშველიებს.
პროსტიტუციის ლეგალიზაციის იდეის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად თურქეთის მაგალითი მოჰყავთ, სადაც ლეგალიზაციის პირობებში მაინც არის ტრეფიკინგისა და ძალადობის უამრავი ფაქტი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურქეთისაგან განსხვავებით საქართველოში ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბები გაცილებით მცირეა, ამასთან, ქართველი კოლეგებისაგან განსხვავებით, თურქი სამართალდამცავები კორუფციულ გარიგებებში არაერთხელ შემჩნეულან.
ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს კონსერვატიულად განწყობილი მოქალაქეებიც, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ისინი მსგავს ცვლილებას მიუღებლად და ერის ღირსების შემლახავად მიიჩნევენ.