წინა წლებთან შედარებით 2016 წელს მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი, ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მომატებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მერიის საქმიანობის კეთილსინდისიერაბაზეც გამოთქვამენ ეჭვს. თუმცა დავით ნარმანიას განცხადებით, დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი სტატისტიკა სანიტარიულ ჭრებს უკავშირდება, რომელიც სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განხორციელდა.
ეკოლოგმა და "დემოკრატიის ინტიტუსის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა დაავადებული ხის დიაგნოზით ჯანმრთელი ხეები იჭრება, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაათავისუფლონ სამშენებლო ადგილები. შესაბამისად, დაავადებული ხეების არსებობა მერიას აწყობს.
ლაშა ჩხარტიშვილი: სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, არის ორი პრობლემა, რომელიც ერთმანეთზე უფრო აქტუალურია და შედეგი ორივე შემთხევაში თბილისისთვის ეკოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაა.
საქმე ეხება მწვანე ნარგავების განადგურებას, რომელიც 2 მიზეზით არის გამოწვეული, ერთი ეხება რეალურად დაავადების გავრცელებასა და ხეების მასობრივ ხმობას, მეორე მიზეზი კი ჯანმრთელი ხეების ჭრაა.
ხშირია შემთხვევები, რომ არ ხდება დაავადებული ხეების ჭრა და მათ მაგივრად, იმავე მიზეზით ჯანმრთელი ხეები იჭრება, რათა გაათავისუფლონ სამშენებლო მოედნები და ამ მხრივ სრული განუკითხაობაა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ იმ მიზეზით არ ხდება დაავადებული ხეების გარემოდან ამოღება, რომ ეს მიზეზი ან ჯანმრთელი ხეების მოჭრის საფარად გამოიყენონ, ან აწყობთ, რომ ეს დაავადება კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გავრცელდეს და რაც უფრო მეტი ხე გახმება, მით უფრო გაიოლებული ექნებათ გზა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ "ემ კვადრატმა" ინიციატივა შეიტანა პარლამენტში, რომლის მიხედვითაც გამხმარი ხის მოჭრის შემთხვევაში მიზერული კომპენსაციაც კი აღარ უნდა გადაეხადა კომპანიებს. არადა, ჩვენ გვაქვს მერიასთან საუბარი და მოთხოვნა, რომ საერთოდ აიკრძალოს, არათუ კომპენსაციის გარეშე ჭრა, არამედ რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე აიკრძალოს ტრანპორტის შესვლა.
ზოგადად ძალიან მცირე ზონები შემორჩა თბილისში და სხვადასხვა მიზეზით არ უნდა ხდებოდეს რეაკრეციული ზონების გადაქცევა საცხოვრებელ თუ საქმიან ზონებად.
თბილისს გამწავენება სჭირდება არა მხოლოდ თბილისის ზღვაზე, სადაც ყბადაღებული მილიონი ხის ფარგლებში რეალურად მრავალი ხე დაირგო (მათგან ბევრი გახმა), მაგრამ რომც არ გამხმარიყო ამ ტერიტორიზე კომპაქტურად განთავსებული ხეები, ეს თბილისში ეკოლოგიურ მდგომარეობას ნამდვილად ვერ გამოასწორებს. ამის მაგივრად დედაქალაქში თანაბარზომიერად უნდა ხდებოდეს მწვანე საფარის გადანაწილება.
"რ": რამდენად მისაღებია თბილისის მერის განცხადება, რომ დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი სტატისტიკა სანიტარიულ ჭრებს უკავშირდება?
ლ.ჩ: რეალური მიზეზი ის არის, რომ, ერთი მხრივ, დღემდე მწყობრი ქმედებები არ განხორციელებულა, არც ხეების ჭრის და არც დაავადებასთან ბრძოლის კუთხით, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტი ხე ავადდება, მეორე მხრივ, ის, რომ დაზინიებული ხეების მოჭრის გაზრდილი მაჩვენებელი სანიტარიულ ჭრებს უკავშირდება, ნარმანიას მხრიდან უტრირებული განცხადებაა, რომლითაც ის ცდილობს, თავი დაიცვას.
გამხმარ ხეებთან დაკავშირებით მე სერიოზული ეჭვი მიჩნდება, რომ შეგნებულად არ ხდება ბრძოლა ამ მასობრივ დაავადებასთან, რომელიც ხეების ხმობას იწვევს, რადგან ამ ხეების მოჭრა აწყობთ. ეს აწყობს მთავრობის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელსა და ბიზნესთან დაკავშირებულ პირებს, ვინაიდან, რაც მეტი ხე გახმება, მით უფრო იოლად შეძლებენ ისინი სამშენებლო ნებართვების გაცემას და ე.წ. ბიზნესის ხელშეწყობას. ბიზნესი ამ შემთხვევაში, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე კეთდება.
"რ": შესაძლებელია იმის თქმა, არის თუ არა დედაქალაქში მწვანე საფარი წინა წლებთან შედარებით შემცირებული?
ლ.ჩ: სამწუხაროდ, რეალური ინვენტარიზაცია უკვე 25 წელია არ ჩატარებულა, ასე რომ ამის განსაზღვრა ზუსტად შეუძლებელია, რაც ასევე ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ რაც შეხება გარკვეულ დაკვირვებებს და არსებული ინფორმაციის ანალიზს, შეიძლება ითქვას, რომ სურათი მეტნაკლებად უცვლელია.
მარტივად და ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა, დაახლოებით იგივე ხდება ახლაც. ზუსტი სტატისტიკის თქმა რთულია. თუმცა თუ გაუარესებული არა, ჩვენდა სამწუხაროდ გაუმჯობესებული ნამდვილად არ არის სიტუაცია, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის. აქვე არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სათავეშია, სადაც ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ამიტომ ხე-ნარგავებს ჩვენთან კიდევ უფრო მეტი დატვირთვა გააჩნია.