ბევრმა თავი სოფელს შეაფარა, მაგრამ უმრავლესობას ამის შესაძლებლობაც არ აღმოაჩნდა
თეო გუდავაძე
11.01.2017

 2016 წელი საქართველოსთვის მეტად რთული გამოდგა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეროვნული ვალუტის კატასტროფული ვარდნა, უმუშევართა რიგების ზრდა და ა.შ. შესაბამისად, ხალხს ახალი წლისა და შობის დღესასწაულების აღნიშვნის ხალისი დაკარგული ჰქონდა.

სადღესასწაულო სამზადისის დაწყებამდე დედაქალაქში შეიმჩნეოდა ქაოსი და ნერვიულობა, მოსახლეობის უმეტესობა მძიმე ეკონომიკურ ფონს და გაზრდილ ფასებს უჩიოდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ასე თუ ისე გადალახეს და დედაქალაქში სადღესასწაულო რიტმი მაინც შესამჩნევი იყო, არც რესტრონებს აკლდათ სტუმრები.

საქართველოში შობა-ახალი წლის აღნიშვნა ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ისინი მატებენ დღესასწაულს განსაკუთრებულ ხიბლს. უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის ნაწილს საკმაოდ გაუჭირდა და ვერ შეხვდა 2017 წელს ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. ტრადიციული ქართული სუფრაც ბევრ ოჯახში ვერ გაიშალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა სადღესასწაულო დღეებში ბაზარზე საქონლის დეფიციტს უჩიოდა. მათი აზრით, პროდუქტების ოდენობა შემცირებული იყო, ხოლო ფასი გაზრდილი. რამდენადაც უამრავმა ოჯახმა მომეტებულ ხარჯს ვეღარ გაუძლო, ნაწილმა რაიონებში გადაწყვიტა ახალი წლის შეხვედრა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც წასასვლელი ფულიც არ ჰქონდა და დამატებით სამგზავრო ხარჯს თავი აარიდა.

მანანა ელბაქიძე ერთ-ერთი დიასახლისია, რომელსაც ახალი წლის დღეებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა. მან ბავშვები რაიონშიც ვერ ჩაიყვანა და ვერც თბილისში მოახერხეს სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

"ჩემს მეუღლეს რაჭაში აქვს სოფელი და იქაც ვერ ჩავედით წელს, რადგან გზაში 100-150 ლარი მაინც გვინდოდა. გზაში დასახარჯი ფული ფიზიკურად აღარ დაგვრჩა. იქ ჩასულებს საჭმელ-სასმელიც ხომ გვინდოდა. ჩემი მული და დედამთილი იქ ცხოვრობენ და სოფლის პროდუქტები გვაქვს, მაგრამ ახალ წელს იმდენი რამეა საჭირო მხოლოდ ხორცი და ყველი ნამდვილად არ კმარა.

აქაც ბევრი არაფერი გვქონდა, თუმცა ის ფული რაც გზაში უნდა დაგვეხარჯა, შეძლებისდაგვარად გამოვიყენეთ. პროდუქტების სიმცირეც შეინიშნებოდა ბაზარზე და რა თქმა უნდა, გაძვირებული იყო ყველაფერი. ჩემმა მეუღლემ ონლაინ სესხი გამოიტანა საშობაოდ, რადგან ნაახალწლევს ოჯახში ფიზიკურად აღარ დარჩა ფული საშობაო სუფრისთვის. ძალიან რთულია ასე ყოფნა. როდემდე გასტანს ამგვარი მდგომარეობა, არ ვიცი, იმედიც კი არ მაქვს უკეთესობის", - აღნიშნა მანანა ელბაქიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

არც მოვაჭრეებისთვის აღმოჩნდა დღესასწაული ნაყოფიერი. ისინი ფიქრობენ, რომ მიუხედავად ფასის ზრდისა, მაინც არ ჰქონიათ მოგება. პროდუქტი ისე ძნელად იყიდებოდა, მყიდველი პასიურობდა და ზოგიერთი მათგანს დამარაგებული ხილი და ბოსტნეული გაუფუჭდა კიდეც. აღმოჩნდნენ ისეთი მოვაჭრეებიც, რომლებმაც საქონელი არ გააძვირეს, რადგან ფიქრობენ, რომ ისედაც ჭირდა პროდუქტის რეალიზაცია.

ერთადერთი, რაზეც მოვაჭრეები და კლიენტები თანხმდებიან, არის ის, რომ ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედა. ამის გამო წელს თბილისის ცენტრალურ ბაზარში ყველაზე ცუდი ვაჭრობა იყო და სადღესასწაულო დღეების ჩამთავრების შემდეგაც ასე გრძელდება. მაია ინასარიძე "ნავთლუღის ბაზარზე" მუშაობს და ადასტურებს, რომ წელს საკმაოდ ფრთხილი იყო მყიდველი.

"სამი წელია - ბაზარში ვმუშაობ ორი დახლი მაქვს - ხორცს და ხილ-ბოსტნეულს ვყიდი. ვერ ვიტყვი, რომ წელს განსაკუთრებულად დამფრთხალი იყო ხალხი, უბრალოდ, წუწუნს მართლაც მოუმატეს. მათი ნავაჭრის მოცულობაც შემცირებული იყო. მთელ გოჭს იშვიათად ყიდულობდა ვინმე, ინდაურებსაც ნაკლებად ეტანებოდნენ. რაც აუცილებლად სჭირდებოდათ, იმას ყიდულობენ. მაგალითად, ხილი ვერ გავყიდე კარგად. ზოგი, ალბათ, ფიქრობდა, რომ საახალწლო სუფრაზე ზედმეტი ფუფუნებაა და აღარც ემეტებოდათ ფული მისთვის.

ოჯახში იმდენივე დავხარჯე, რასაც გასულ წლებში ვხარჯავდი. მკვეთრი ისეთი ცვლილება არ მიგრძვნია და ვერაფერს ვიტყვი. ხალხი ისედაც გამუდმებით წუწუნებს და ეს ფონი ახალ წელს უფრო გამძაფრდა, სულ ესაა", - განაცხადა მაია ინასარიძემ.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისელთა ნაწილმა არჩია ახალ წელს დედაქალაქში არ შეხვედროდა. ვინც თავი გაარიდა თბილისს, უფრო კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან დღესასწაულების "გადატანა" სოფელში გაცილებით მარტივია. რეგიონებში ჩასვლით ბევრმა ზედმეტი ხარჯი თავიდან აირიდა და ამიტომაც გზის ფულის გაღებასაც არ მოერიდა. ერთ-ერთი მათგანია თენგო მაზმიაშვილი, რომელმაც თავისი ოჯახი სამეგრელოში, მეუღლის სოფელში წაიყვანა საახალწლოდ და იქ გაატარა სადღესასწაულო პერიოდი.

"არ მესმის, რომ ამბობენ გზის ფული ზედმეტი ხარჯიაო. მე ასე სულაც არ ვფიქრობ. იქიდან დავიწყოთ, რომ გარემოს შეცვლა ყოველთვის კარგია. სოფელში მეტი პროდუქტია. ჩემი მეუღლის დედ-მამა იქ ცხოვრობენ, უვლიან ბოსტანსაც და საქონელიც ჰყავთ. სამეგრელოში სოფლის პროდუქტები არ მოგვკლებია, იქაური ბაზარიც უფრო მეტად იაფია. იმ 10 დღეში, რაც ქალაქიდან გავედით, კომუნალურების ფულიც დავზოგეთ. ასე რომ, სულაც არ ვფიქრობ ზედმეტ დანახარჯზე, პირიქით, მგონია ეკონომია გავაკეთე, უკეთ დავისვენე და ბავშვებიც კმაყოფილნი არიან.

ორი აზრი არ არსებობს, რომ საშინელი ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში. ადრე დღესასწაულებისთვის ათასგვარ ფეიერვერკებს და საჩუქრებს ვყიდულობდი, წელს კი ერთი ვიყიდეთ, ისიც სიმბოლურად. სუფრაზე მართლა არაფერი მოგვკლებია, მაგრამ ეს ძირითადად, სოფლის დოვლათის ხარჯზე", - განუცხადა "რეზონანსს" თენგო მაზმიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×