"ნატომ მეხუთე მუხლი 90-იანი წლებიდან მოყოლებული პირველად აამოქმედა"
ნინო ქეთელაური
10.01.2017

 ცივის ომი უკვე დაწყებულია და ორივე მხარე გამალებულ შეიარაღებას იწყებს, ეს ყველაფერი ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა - ასე აფასებენ ექსპერტები აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, რის ფარგლებშიც, გერმანიაში აშშ-ის არმიის ყველაზე დიდი დესანტი გადასხეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - საუბარია, 3 500 ჯარისკაცზე, 2500-ზე მეტ ტანკსა და სხვა მძიმე ტექნიკაზე.

სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც ის გასულ წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ახორციელებდა.

როგორც ცნობილია, აშშ-ს სამხედრო შენაერთები თებერვლიდან ნატოს წევრ ქვეყნებში: პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში განთავსდება. ამით ამერიკას სურს მოკავშირეები დარწმუნოს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე, მათი უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან.

ასევე, შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმა თავის თავზე შავი ზღვის გაკონტროლება აიღოს, რაც ქართველი ექსპერტების შეფასებით, აბსოლუტურად ლოგიკურია.

ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას რუსეთი გმობს და აღნიშნულ ქმედებას, დასავლეთის "აგრესიულ" გააქტიურებას უწოდებს, ნატო კი აცხადებს, რომ მისი ნაბიჯები მხოლოდ თავდაცვას ემსახურება.სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ნატოს მხრიდან ეს უკვე სერიოზული ნაბიჯებია, რომლითაც მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები აამოქმედა. "ამოქმედდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომელიც მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაა. რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული პირველად ამოქმედდა", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ ნატო-რუსეთი საპასუხო ნაბიჯების რეჟიმში არიან და აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის გაზრდაც ერთ-ერთი შემადგენელია.

"უნდა გადავხედოთ წარსულს, საიდან დაიწყო საპასუხო ნაბიჯები, ვთქვათ, ეს დაიწყო იმ განცხადებებიდან, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი, თუ პუტინის პირველი მუქარიდან, რომ კალინინგრადში "ისკანდერებს" დააყენებდა. შემდეგ უკვე დაიწყო საპასუხო ქმედებები. რთულია იმის დადგენა, პირველმა რომელმა დაიწყო მოქმედება, ნატომ თუ რუსეთმა, ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს.

"რუსეთი ნატოს ახსენებს, რომ 90-იან წლებში მართლაც იყო შეთანხმებები იმის თაობაზე, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. მაგრამ ამავე დროს, არსებობდა და დღესაც არსებობს ნატოს წესდება, რომელიც მესამე ქვეყანასთან შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და ნატოს გაფართოებაც დაიწყო.

"ჯერ აღმოსავლეთ ევროპა, შემდეგ ბალტიისპირეთი და პუტინმა უკვე საპასუხო ნაბიჯები დაიწყო, რაც გულისხმობს "ისკანდერების" განთავსებას ბალტიისპირეთში და რუსეთის დასავლეთ საზღვრებში დიდი საარმიო შენაერთის განთავსებას. ამასთანავე, უკრაინისა და ყირიმის მოვლენებს", - ამბობს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მდგომარეობას კიდევ უფრო ძაბავს.

"გერმანიაში ოფიციალურად აცხადებენ, რომ უკვე საომარი მდგომარეობაა და ცივი ომი პრაქტიკულად დაწყებულიაო. ცივი ომი რამდენად დაწყებულია, ამაზე დავა მიმდინარეობს, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს უკვე დაწყებულია და ორივე მხარე იწყებს გამალებულ შეიარაღებას.

"პერსპექტივაც ასეთია, ვინაიდან ტრამპმა განაცხდა, რომ აშშ-ს ბირთვულ შეიარაღებას მეტ ყურადღებას მიაქცევს, თავის მხრივ, პუტინმაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ ბირთვული შეიარაღება მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოსო.

"ახლა ნატოც და რუსეთიც აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას საზღვრისპირა რაიონებში. რა მოჰყვება ამას, რთული სათქმელია, მაგრამ პესიმიზმში ნუ გადავვარდებით. მე არ მგონია, რომ ბირთვული ტრაგედია მოჰყვეს, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არცერთი მხარე არ არის. რუსეთში პუტინი და მისი გარემოცვა კომფორტში ცხოვრებას ისე მიეჩვია, რომ არა მგონია, ეს ყველაფერი სასწორზე დადოს", - ამბობს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს რომ მსოფლიო საშიშ ზვარს მიუახლოვდა.

"როგორც კლასიკური ცივი ომის პერიოდში მიმდინარეობდა გამალებული შეიარაღება, დღეს ამავე რეჟიმში იმყოფება მსოფლიო. ყოველ შემთხვევაში, უკვე ძალიან საშიშ ზღვარს მიუახლოვდა", - ამბობს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×