"30% აცხადებს, რომ ბავშვობაში მშობლები რეგულარულად იყენებდნენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალას"
ელზა პაპოშვილი
10.01.2017

 საქართველოში სამი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნირობა ადამიანის უფლებებისთვის" აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლთაგან ფსიქო-სოციალური დახმარება მხოლოდ 10 ბავშვს გაეწია. მოცემული ინფორმაცია გაეროში სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ანგარიშს ემყარება.

ორგანიზაციის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, კვლევის მიხედვით, ბავშვებზე ძალადობის რიცხვი მომატებულია, ხოლო მათი რეაბილიტაციის და დახმარების რაოდენობრივი მაჩვენებელი სავალალოა.

2016 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 218 ბავშვი გახდა, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არასრული მონაცემია. 218 ბავშვიდან კი ფსიქო-სოციალური დახმარება 6 ბავშვს გაეწია. 2015 წელს ძალადობის მსხვერპლი 448 ბავშვი გახდა, თუმცა ფსიქო-სოციალური დახმარება მათგან მხოლოდ ერთმა მიიღო. 2014 წელს 280 მსხვერპლიდან ფსიქო-სოციალური დახმარება 3-მა ბავშვმა მიიღო.

საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს რეაბილიტაციას სახელმწიფო ფონდის ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფრები უწევენ.

ფონდის პრესსამსახურის უფროსი ქეთი ბეროშვილი აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დახმარებას მხოლოდ მას შემდეგ ახორციელებენ, თუ ამის სურვილით მათ დაზარალებული, ან სოციალური დახმარების სამსახური მიმართავს. სხვა შემთხვევაში კი ბავშვებს ფსიქოლოგიურ დახმარებას თავად სოციალური სამსახური უწევს.

"ის მონაცემები, რაც არასამთავრობო როგანიზაციამ წარმოადგინა, საგანგაშოდ ვერ ჩაითვლება, რადგანაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს თუ ფსიქო-სოციალური დახმარება ჩვენთან არ ჩაუტარდება, მაშინ ამ დახმარებას მას სოციალური მომსახურების სააგენტოში უწევენ.

"ჩვენთან დაზარალებული ბავშვები ორ შემთხვევაში ხვდებიან: ერთი, როდესაც ის სოციალურ სამსახურს მოჰყავს და მეორე - როდესაც ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ფონდში მოსახლეობის მხრიდან მომართვა ხდება.

"ეს შეიძლება ბავშვის მეზობელი, პედაგოგი, აღმზრდელი ან ნათესავი იყოს. შეიძლება ეს თავად რომელიმე მშობელიც იყოს, რომელიც თვლის, რომ მის შვილზე მამა ან დედა ძალადობს. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური", - ამბობს ბეროშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ ბავშვებზე ძალადობის სტატისტიკასთან ერთად, საზოგადოების მხრიდან მიმართვამაც იმატა. თუმცა ცხაკაიას აზრით, საქართველოში გარკვეული სტერეოტიპები არსებობს, რომელიც ბავშვის აღზრდის გარკვეულ მეთოდს გულისხმობს.

ცხაკაიას სიტყვებით, ყველაზე ხშირად ბავშვზე ძალადობას ოჯახში ვაწყდებით, მოძალადეთა უმეტესობა კი დედაა. ძალადობის ფორმებს შორის ფსიქოლოგიური ძალადობა და უგულებელყოფა ყველაზე ხშირად გვხვდება. თუმცა ბავშვის ფიზიკურ დასჯას მშობლების უმეტესობა და საზოგადოების დიდი ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ კველევის თანახმად, საქართველოში საზოგადოების 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი "გაფუჭდება".

საქართველოში საზოგადოების 30% აცხადებს, რომ ბავშვობაში მათი მშობლები რეგულარულად იყენებდნენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალას.

საქართველოში გამოკითხული პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები სხვისი ოჯახის საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ შესაბამისი დაწესებულებებისთვის ბავშვზე ძალადობის ფაქტის შეტყობინებას.

ცხაკაიას განცხადებით, სახელმწიფო რეაგირებისა და დაცვის მექნიზმები მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობს, მაგრამ ყველაზე დიდი სამუშაო საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლის თვალსაზრისითაა გასაწევი.

"ბავშვზე ძალადობის შემთხვევების პრევენციისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა საზოგადოებრივ აზრს და დამოკიდებულებას ენიჭება. ასეთი ფაქტების შესახებ შესაბამისი უწყებები სწორედაც რომ საზოგადოების მხრიდან იგებენ.

"მოძალადე ოჯახის შესახებ, რომელიც ბავშვზე ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად ძალადობს, მათი მეზობლების, ან ახლობლების დახმარებით ვიგებთ. ხოლო თუ ჩვენს ქვეყანაში არსებულ მენტალიტეტს გავითვალისწინებთ, ასეთი ფაქტები ხშირად არ ხმაურდება და სავალალო შედეგამდე მივდივართ.

"ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური ნორმების შეცვლაა საჭირო, რომელიც ამბობს, რომ თუ შენ ჩაერევი, ხმას ამოიღებ და რეაგირებას მოახდენ, თუ მოწმე ხარ ძალადობისა, ეს იქნება სხვის საქმეებში ჩარევა, სამწუხაროდ, ეს არის მანკიერი სოციალური ნორმა, რომელიც ძალიან ფესვგადგმულია ჩვენს საზოგადოებაში.

"ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და განსაკუთრებით მშობლებმა და აღმზრდელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები ძალიან ცუდია არამარტო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის, მას აყენებს არა მხოლოდ ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ ტრავმას, არამედ თვითონ ბავშვი ცდილობს ამ მეთოდების გამოყენებას სხვების მიმართ და ძალიან საშიშ შედეგებამდე მივდივართ. ამიტომაც ხელისუფლებამ ამ კუთხითაც უნდა იზრუნოს", - ამბობს ცხაკაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×