ქართული ტელევიზია იუბილარია, მას 60 წელი შეუსრულდა, ამიტომ დღევაანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი, როგორ იწყებოდა ქართული ტელევიზია.
1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა, რომლის სიმაღლე იყო 185 მეტრი და იგი მაშინ ყველაზე მაღალი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. 1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემა, რომელიც ცნობილი ქართველი კომპოზიტორის არჩილ კერესელიძის სიმღერით იწყებოდა.
ტელევიზიის პირველ ნაბიჯებს კი ასე იხსენებს მაშინდელი ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე კარლო გარდაფხაძე:
"პირველი სატელევიზიო გადაცემები საქართველოში 1956 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად ტელეგადაცემებისთვის საკმარისი მატერიალური და ტექნიკური აღჭურვილობა არ გაგვაჩნდა, ამიტომ ეთერში მხოლოდ კვირაში ორჯერ, ორი საათით გავდიოდით. არც სატელევიზიო ბაზა გვქონდა.
"მოსახლეობის მოთხოვნილებას მცირე მოცულობის მაუწყებლობა არ აკმაყოფილებდა. ძირითადად საინფორმაციო გადაცემებს და კინოფილმებს ვაჩვენებდით. ამიტომ დადგა საკითხი, სატელევიზიო გადაცემებს ფართო მასშტაბი მისცემოდა. ამისათვის პირველ რიგში საჭირო იყო ტელევიზიის თანამშრომლების შემოქმედებითი დონის ამაღლება.
"თავდაპირველად თანამშრომელთა რიცხვი 100 კაცს არ აღემატებოდა. ვეძებდით და ვიწვევდით ნიჭიერ, ერუდირებულ ახალგაზრდებს პრესიდან, კინოდან და კულტურის სხვადასხვა სფეროებიდან. ტელევიზია ფართო ტექნიკურ ბაზას მოითხოვდა, ჩვენ კი ორი თუ სამი კინოკამერა გვქონდა მხოლოდ.
"1960 წელს მწყობრში შევიდა ტელევიზიის პირველი კორპუსი, რამდენიმე წელიწადში კიდევ სამი კორპუსი აშენდა და ოსტანკინოს შემდეგ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველოს ტელევიზია მეორე გახდა საბჭოთა კავშირში.
"1966-1967 წლებში ერთ-ერთმა ცნობილმა ინგლისურმა ფირმამ მოსკოვში უახლესი სატელევიზიო აპარატურის გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ნიმუშებს შორის იყო სატელევიზიო სადგური, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოს მასშტაბით და 700 000 დოლარზე მეტი ღირდა.
"ამ აპარატურით დაინტერესებული იყო მოსკოვის, ლენინგრადის ტელევიზიები და თავდაცვის სამინისტრო. ფული რომც გვეშოვა, მისი შეძენა ბევრ სიძნელესთან იყო დაკავშირებული.
"სასწრაფოდ დავრეკე თბილისში მაშინდელ ცეკას მდივანთან, ვასილ მჟავანაძესთან. მითხრეს, მოსკოვშიაო. მოვძებნე მოსკოვში და ვუთხარი - ასეთი და ასეთი მდგომარეობაა, ამ აპარატურით ბევრია დაინტერესებული-მეთქი. თუ ამ საკითხს პარტიის ცენტრალურ კომიტეტზე დააყენებთ, ეს საქმე გამოვა-მეთქი.
"ორი დღის შემდეგ მჟავანაძემ მაცნობა - საკითხი გადაწყვეტილიაო. მოძრავი სატელევიზიო სადგური თბილისში ჩამოვიტანეთ.
"ამის შემდეგ, ძალიან მალე მოსკოვში ფერადი სატელევიზიო გადაცემები დაიწყო. ფერად გადაცემებს დიდი თანხა სჭირდებოდა. საქართველოს მთავრობამ ფერადი სატელევიზიო გადაცემებისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოყო. მაშინ საბჭოთა კავშირს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით საფრანგეთთან ჰქონდა ურთიერთობა.
"მსოფლიოში ორი სისტემა არსებობდა - "სეკამისა" და "პალსეკამის". საბჭოთა კავშირი "სეკამის" სისტემაზე მუშაობდა, რომლის აპარატურას საფრანგეთი უშვებდა. დავდეთ საფრანგეთთან ხელშეკრულება დიდ თანხაზე (ფერადი ტელევიზიისთვის აუცილებელი აპარატურა მილიონები ღირდა) და თბილისში ჩამოვიტანეთ. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის ტელევიზიის წარმომადგენლებიც იმავე საკითხზე.
"მოსკოვის შემდეგ პირველებს ჩვენ შეგვეძლო გავსულიყავით ფერადი მაუწყებლობით ეთერში, ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებების გამო ჯერ უკრაინა გავიდა, მერე მაშინვე გავედით ჩვენც.
"ფერადი ტელევიზია მაშინ დიდი მოვლენა იყო და ამ ფაქტთან დაკავშირებით ამიერკავკასიის ყველა რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის მდივნები თბილისში ჩამოვიდნენ.
"სატელევიზიო გადაცემებისთვის დიდი რაოდენობით ტელე და კინოფილმები იყო საჭირო. ორ წელიწადში ავაშენეთ სატელევიზიო ფილმების წარმოების სტუდია. ასეთი სტუდია მაშინ მთელ საბჭოთა კავშირში არავის ჰქონდა, არცერთ რესპულიკაში, მოსკოვშიც კი.
"მალე ჩამოვაყალიბეთ სატელევიზიო თეატრიც, რომელსაც სათავეში მიხეილ თუმანიშვილი ჩაუდგა. რომ არა ეს სტუდია, ბევრი ბრწყინვალე სპექტაკლი ცნობილი მსახიობების მონაწილეობით მომავალ თაობას არ შემორჩებოდა. ყველა ეს სპექტაკლი ჩვენი, ქართული კულტურის ოქროს ფონდში და ტელევიზიის არქივშია დაცული.
"პირველი სპექტაკლი იყო "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და შემდეგ მრავალი სხვა. სატელევიზიო ფილმებიდან კი შეიქმნა ირაკლი კვირიკაძის "ქვევრი" და გურამ პატარაიას "რეკორდი", აგრეთვე "თუში მეცხვარეები" და სხვა."