მკვლევარებმა ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილი ახალი ორგანო ნაწილობრივ უკვე შეისწავლეს. ორგანო, რომელისაც ჯორჯალი უწოდეს, მთელი ამ დროის განმავლობაში საჭმლის მომნელებელ სისტემაში "იმალებოდა". მისი სრული გამოკვლევა ექიმებს პათოლოგიური და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობაში დაეხმარება.
პირველად იგი ლეონარდო და ვინჩიმ აღწერა თავის ნაშრომებში, თუმცა დიდი ხნის მანძილზე მას დამოუკიდებელ ორგანოდ არ თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ ჯორჯალი შედგებოდა ფრაგმენტებისა და ცალკეული დეტალებისგან. იგი უმნიშვნელო დანამტად ითვლებოდა. თუმცა, როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, სინამდვილეში ჯორჯალი ერთი სრული ორგანოა.
ეს აღმოჩენა ირლანდიის ლაიმერიქის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევარ ჯერი კელვინ კოფს ეკუთვნის, რომელმაც კვლევები 2012 წელს დაიწყო. ბოლო 4 წლის განმავლობაში თავის ჯგუფთან ერთად აგროვებდა მტკიცებულებებს, რათა ჯორჯალისთვის ცალკეული ორგანოს სტატუსი მიენიჭებინათ. მისი თქმით, ანატომიაზე აქამდე არსებული შეხედულებები არასწორია:
"ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხეულში გვაქვს ორგანო, რომლის შესახებაც ამ დრომდე ბევრი არაფერი ვიცოდით. ბოლო 100 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ანატომიური აღწერილობა არასწორი აღმოჩნდა. ეს ორგანო შორსაა ფრაგნემტულობის ან კომპლექსურობისგან. იგი ერთი მთლიანი, ცალკეული ორგანოა", - ამბობს კოფი.
ჯორჯალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სამედიცინო სახელმძღვანელოებში ორგანოს სტატუსით ახლახან შევიდა.
ჯორჯალი პერიტონეუმის (მუცლის ღრუს თხელი გარსი) ორმაგი ნაკეცია, მუცლის ღრუს სარჩული, რომელიც ჩვენს ნაწლავებს მუცლის ღრუს კედლებზე ამაგრებს და მათ ლოკალიზაციას ახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცით ახალი ორგანოს სტრუქტურა, მისი ფუნქცია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. ვარაუდობენ, რომ საფუძვლიანი გამოკვლევა სამედიცინო მეცნიერებას ახალ მიმართულებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პათოლოგიური და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობა.
"ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჯორჯალის ანატომია და სტრუქტურა. შემდეგი ეტაპი მისი ფუნქციების გამოკვლევაა. თუ ჩვენ ეს გვეცოდინება, შეგვეძლება ამოვიცნოთ პათოლოგიური ფუნქციაც, რაც დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება", - აღნიშნავს კოფი.
მკვლევარებმა ჯორჯალის ფუნქციების შესწავლა უკვე დაიწყეს. მიიჩნევენ, რომ იგი დიდ როლს ასრულებს პათოლოგიურ დაავადებებში. ჯორჯალის ფუნქციების შესწავლა კი მეცნიერებს პაციენტების უკეთ მკურნალობის იმედს აძლევს.