2012 წელს არქეოლოგებმა ლესტერში ავტოსადგომზე აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც მაღალი სოციალური წარმომავლობის ადამიანს ეკუთვნოდა. მას თერთმეტი ჭრილობის კვალი აჩნდა.
საფლავმა ყურადღება მომრგვალებული ფორმითაც მიიქცია - მას ვანის ფორმა გააჩნდა და არა პარალელეპიპეტის, როგორც ეს ჩვეულებრივ საფლავებს ახასიათებთ. მეორეც - ორივე ხელი ჩონხს მარჯვენა მხარზე ედო, თავი კი დახრილი ჰქონდა.
სწორედ ამ გარემოებებმა უკარნახა არქეოლოგებს, რომ ეს ინგლისის ცნობილი მეფე რიჩარდ ||| უნდა ყოფილიყო. რიჩარდ ||| ხომ 1485 წელს, ლესტერის ახლოს, ბოსვორთის ველზე ტიუდორთაგან მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. რაც შეეხება საფლავისა და თავად ჩონჩხის უჩვეულო ფორმას, ესეც ადვილი ასახსნელი იყო - იმისათვის რომ მოკლული რიჩარდი მოხერხებულად გადაეტანათ, მას ხელები შეუკრეს, თავის დახრილი ფორმაც ამის შემდეგ გაჩნდა, ორი დღის განმავლობაში ლესტერის ფრანცისკანული ტაძრის სიახლოვეს დასვენებული მეფის ცხედარი ბუნებრივად ასე უნდა გაშეშებულიყო.
საფლავის მომრგვალებული ფორმაც მიანიშნებდა იმას, რომ მეფე გარკვეული გარემოებების გამო ნაჩქარევად დაკრძალეს და საფლავის გათხრისას კუთხეები არ ჩაასწორეს.
თუმცა, ეს არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ჩონჩხი რიჩარდ |||-ეს ეკუთვნოდა - მთავარი ვერდიქტი დნმ-ის ანალიზს უნდა გამოეტანა. ანალიზებმა, რომელიც მდედრობითი ხაზით რიჩარდის ორ ნათესავს აუღეს, დაადასტურეს არქეოლოგთა ვარაუდი.
განსხვავდება თუ არა რეალური რიჩარდი შექსპირისეული რიჩარდისგან
ამ აღმოჩენას მრავალი კითხვა მოჰყვა - პირველ რიგში ეს მეფის გარეგნობას ეხებოდა - ჩონჩხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის სრულიადაც არ ჰგავდა იმ მახინჯ რიჩარდს, გენიალურ შექსპირს რომ ჰყავს აღწერილი თავის პიესაში.
ისტორიას ინგლისის მეფე რიჩარდ ||| ბოროტი არსებისა და მკვლელის სახელით შემორჩა. სწორედ ასეთი სახით აღწერა შექსპირმა თავის პიესაში რიჩარდი, რომელიც გარდა სულიერი სიმახინჯისა, ფიზიკური სიმახინჯის ეტალონადაც იქცა. კუზიანი, კოჭლი და ჯუჯა რიჩარდი საუკუნეთა განმავლობაში საზოგადოების ზიზღის ობიექტი იყო.
შექსპირი თავის პიესაში წარმოგვიდგენს, თუ როგორ მოკლა რიჩარდმა ორი მცირეწლოვანი ძმიშვილი, თავისი ცოლი, ასევე უამრავი უდანაშაულო ადამიანი. ამ მხრივ ყქ| საუკუნის ლიტერატურა უფრო მასშტაბურად აღწერს რიჩარდ III-ის ქმედებებს - მას მიაწერენ ჰენრი ქ|-ის, ედუარდ ქ-ისა და მისი ძმის მკვლელობას, ჰენრი ქ|-ის ცოლის დედოფალ ანას მოწამვლას, ასევე თავისი ძმის, ჰერცოგ კლარენსის მკვლელობას.
კითხვები, რომელიც რიჩარდ მესამის მეფობამ დაგვიტოვა
რიჩარდ III ინგლისის სამეფოს ტახტზე სახელმწიფო გადატრიალების შედეგად აღმოჩნდა. ამგვარი მოვლენები პლანტაგენეტების მმართველობისას მრავლად იყო იმდროინდელ ბრიტანეთში. სამეფო დინასტიის დაპირისპირებები უმეტესად სამხედრო კონფლიქტში გადაიზრდებოდა ხოლმე. მოგვიანებით ამ დაპირისპირებას პლანტაგენეტების ორ შტოს ლანკასტერებსა და იორკებს შორის ვარდების ომად მონათლავენ.
ეს ყქ ს-ის 80-იანი წლებია. ინგლისი სისხლის სუნითაა გაჟღენთილი. 1483 წელს გარდაიცვალა ედუარდ |ქ, ინგლისის მეფე, პლანტაგენეტთა იორკების შტოს წარმომადგენელი. სამეფო გვირგვინი მემკვიდრეობით გადაეცა მის 12 წლის შვილ ედუარდ ქ-ს, რომლის რეგენტად გარდაცვლილი მეფის უმცროსი ძმა გლოსტერის ჰერცოგი რიჩარდი დაინიშნა.
ამის მერე ხდება საკმაოდ უჩვეულო რამ - ედუარდ |ქ-ის ქორწინება არაკანონიერად მიიჩნიეს, შესაბამისად, მის მემკვიდრე ედუარდ ქ-ს მეფედ კურთხერვის უფლება ჩამოერთვა. მეფედ აკურთხეს გლოსტერის ჰერცოგი რიჩარდ III-ის სახელით. ამის მერე მისი ძმიშვილები, მათ შორის ყოფილი მეფე - 12 წლის ედუარდ ქ, უკვალოდ ქრებიან ისე რომ ასავალ-დასავალს ვერავინ მიაგნო.
ბუნებრივია, აქ ბევრი კითხვა ჩნდება - რა ბედი ეწია ედუარდ |ქ-ის შთამომავლობას, რატომ ცნეს არაკანონიერად მისი ქორწინება და რატომ ჩამოართვეს მეფობის უფლება ედუარდ ქ-ეს? უკანონოც რომ ყოფილიყო 12 წლის ყმაწვილის მეფობა, ფაქტია, ეს არავის აძლევდა მისი გაუჩინარების მით უფრო მისი სიკვდილის უფლებას.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღესაც ვარაუდის დონეზე შეიძლება მხოლოდ. ისიც ბუნებრივია, ლოგიკური მსჯელობისას ყველა გზა რიჩარდთან რომ მიდის, რომელიც პირველ რიგში უნდა დაინტერესებულიყო საკუთარი ძმიშვილების ბედით, თუმცა, ერთია ლოგიკა და მეორე ამ ლოგიკის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
რითი მოხიბლა ინგლისი ჰენრი VII ტიუდორის გეგმებმა
ეს ის დროა, როცა ლანკასტერებიდან ტახტის პრეტენდენტი აღარავინაა ცოცხალი, ამიტომაც იქმნება ილუზია, რომ რიჩარდმა უპრობლემოდ დიდხანს უნდა მართოს ქვეყანა, თუმცა, ვარდების ომი გრძელდება - რიჩარდის მოწინააღმდეგეები თავს იყრიან ლანკასტერების შორეული ნათესავის ჰენრი ტიუდორის გარშემო, რომელიც იმხანად საფრანგეთშია.
ჰენრი ტიუდორის ინგლისის ტახტზე პრეტენზიები არასერიოზულია, ის ლანკასტერების შორეული ნათესავია მდედრობითი ხაზით. კიდევ ერთი საკმაოდ საგულისხმო დეტალია აღსანიშნავი - ჰენრის როგორც დედის ასევე მამის წინაპრები უკანონოდ შობილნი არიან, ეს კი ისეთ კონსერვატორულ საზოგადოებაში, როგორიც ბრიტანეთშია, არცთუ უმნიშვნელო ფუნქციას იძენს. ამიტომაც ტიუდორს სერიოზულად ტახტის პრეტენდენტად არავინ აღიქვამს. ეს კარგად იცის თავად ჰენრიმ, სწორედ ამიტომ სთავაზობს ისეთ გეგმას რიჩარდთან დაპირისპირებულ თანამებრძოლებს, რომელზეც უარის თქმა საკმაოდ ძნელია.
მისი გეგმა არგუმენტირებული და დამაჯერებელი, რაც მთავარია ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო ჩანს - ჰენრი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში დაქორწინდება ედუარდ |ქ-ის ასულზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ქორწინებით ფაქტობრივად გაერთიანდება იორკებისა და ლანკასტერების პლანტაგენეტთა ორი შტო.
ამ გეგმით დასრულდება ის მრავალწლიანი სისხლიანი დაპირისპირება, რამაც ქვეყანა ფაქტობრივად გამოფიტა და უმძიმეს სიტუაციაში ჩააგდო. ამიტომაც ტიუდორის მხარდაჭერით ბევრმა არჩევანი მშვიდობაზე გააკეთა, სადაც ლეგიტიმურობის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა.
ამბავი ბოსვორთის ბრძოლისა
როგორც მატიანეები იუწყებიან, რიჩარდის აღსაყდრების ორი წლის თავზე 1485 წელს ჰენრი ტიუდორი არმიით უელსში მეორედ გადმოდის, პირველი ცდა ერთი წლის წინ წარუმატებელი გამოდგა, ახლა კიდევ ერთხელ ამოწმებს ტიუდორი რიჩარდის სიმტკიცეს. ის ლონდონისაკენ მოემართება.
რიჩარდი ამ დროს ნოტინგენშია, სწორედ აქედან იწყებს მოწინააღმდეგესთან შესახვედრად სვლას. დაპირისპირებულთა გზები ქალაქ ლესტერთან ახლოს ბოსვორთის ველზე იკვეთება. ეს 22 აგვისტოა. ჰენრი ტიუდორის თავხედობით აღშფოთებულლი რიჩარდი მზადაა მოწინააღმდეგეს თავად გაუსწორდეს.
რიჩარდი ამ ბრძოლაში ბოლომდე იბრძვის, მეორე ცდა წარმატებული გამოდგა ტიუდორისთვის. ყველაფერი რიჩარდის სიკვდილმა გადაწყვიტა. თერთმეტი ჭრილობა მიაყენეს მეფეს, მეტს ვეღარ გაუძლო...
გარდაცვლილი ცხენის დროგზე დადეს და ლესტერში ასე მიიტანეს. ცხედარი ქალაქის მონასტრის სიახლოვეს დაასვენეს, იმისათვის რომ ყველა დარწმუნებულიყო რიჩარდის სიკვდილში. სამი დღე იყო ასე საყოველთაოდ გამოფენილი სამუზეუმო ექსპონატის მსგავსად მისი ცხედარი, სამი დღის შემდეგ კი 25 აგვისტოს ის ლესტერის ფრანცისკანული მონასტრის საკურთხეველში დაკრძალეს.
და იწყება რიჩარდ III-ის სულ სხვა ცხოვრება, ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ.
როგორ შეეწირა რიჩარდის საფლავი ჰენრი მერვის რეფორმას
რიჩარდ III-ადმი საზოგადოების მუდმივ ინტერესს აძლიერებდა ის საიდუმლოებები, რაც მის პერსონასთან იყო დაკავშირებული. მათ შორის საუკუნეების განმავლობაში საიდუმლოდ ქცეულიყო მისი დაკრძალვის ადგილი. საქმე ის გახლდათ, რომ 1530 წელს ინგლისის მეფე ჰენრი ქ|||-მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც მიწები ჩამოერთვათ ინგლისის, უელსისა და ირლანდიის კათოლიკურ ეკლესიებს. მათ შორის იყო ლესტერში მდებარე ფრანცისკანული მონასტერი. ეს მიწები კერძო პირებს დაურიგეს, რაც შეეხება იქ მდგარ მონასტრებს, მათ შორის ის მონასტერი, სადაც რიჩარდ III იყო დაკრძალული, დაანგრიეს.
1611 წელს გამოცემულ წიგნში "ბრიტანეთის ისტორია" კარტოგრაფი და ისტორიკოსი ჯონ სპიდი მიანიშნებს, რომ კონფისკაციისას რიჩარდის საფლავი დაანგრიეს, ცხედარი კი მდინარეში გადააგდეს.
თუმცა, შემორჩენილია ასევე კრისტოფ რენის 1612 წლის ჩანაწერი, სადაც ის წერს, რომ ნახა ქვის თაღი წარწერით "აქ განისვენებს რიჩარდ III, ოდესღაც ინგლისის მეფე". მომდევნო ხანებში ეს თაღიც გაქრა და საფლავიც დაიკარგა.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რამდენად მიუძღვით ტიუდორებს ბრალი რიჩარდ მესამის საფლავის გაუჩინარებაში? რამდენად უკავშირდება რიჩარდის შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპი საფლავის გაუჩინარების ფაქტს?
როგორ გამოუტანა მეოცე საუკუნის ბრიტანულმა საზოგადოებამ რიჩარდ მესამეს უდანაშაულობის ვერდიქტი
ჯერ კიდევ 1924 წელს დააარსეს რიჩარდ მესამის საზოგადოება, რომლის მიზანიც იყო რიჩარდ მესამის რეპუტაციის აღდგენა. ამ საზოგადოების საქმიანობამ მასშტაბური შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა, 1984 წელს ბრიტანული ტელეარხის შემ-ის მიერ მოწყობილმა სასამართლო პროცესმა ცალსახად დაადასტურა, რომ არც ისე იყო საქმე, შექსპირი და მისი თანამოაზრეები რომ წარმოგვიდგენდნენ.
იმის გასარკვევად შეიძლებოდა თუ არა რიჩარდ ||| ყოფილიყო თავისი ძმიშვილების მკვლელი შედგა საზოგადოებრივი სასამართლო. აქ ყველაფერი წარიმართა სასამართლოს ფორმატში. ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ისტორიკოსების, ექსპერტების, ბრალმდებელისა და დამცველის გამოსვლები და გამოიტანეს ვერდიქტი - "რიჩარდი არაა დამნაშავე".
იყო თუ არა რიჩარდ მესამის დისკრედიტაცია ტიუდორების დაკვეთა
რიჩარდის სტერეოტიპის შექმნაში მარტო შექსპირს არ მიუძღვის ბრალი. არცთუ დიდი ხნის წინ ისტორიკოსებმა კრიტიკულად შეხედეს ამ სტერეოტიპს და ცალსახად აღიარეს, რომ წყაროებით მეფის ავაზაკობა არ დასტურდება. მიუხედავად ამისა, ტიუდორები ვერ ელეოდნენ ზეპირსიტყვიერების იმ განწყობებს, შექსპირის დრამაში რომ მოიყარა თავი.
მას შემდეგ რაც 1485 წელს ბოსვორთის ველზე რიჩარდ III მოკლეს, ინგლისის მეფის ტახტზე ადის ჰენრი ტიუდორი ჰენრი VIII-ის სახელით. ის ახალი სამეფო დინასტიის ფუძემდებელია. ტიუდორები ინგლისის სამეფოს საუკუნეზე დიდხანს 118 წლის განმავლობაში მართავენ. მიუხედავად ამისა ჰენრი ქ||-ისა და შესაბამისად მისი მემკვიდრეების ლეგიტიმაციის საკითხი ყოველთვის ეჭვს იწვევდა.
და ამ ფონზე სწორედ რიჩარდ III-ის, როგორც ავაზაკისა და მკვლელის ტახტიდან ჩამოგდება ფსიქოლოგიურად ერთგვარად ამსუბუქებდა მათ არალეგიტიმურ მმართველობას იმდროინდელი საზოგადოების თვალში.
როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორმა - ტიუდორების არალეგიტიმურობამ აქცია რიჩარდი საკმაოდ ცნობად სახედ ინგლისური კულტურისათვის. და ჩამოყალიბდა ერთგვარი სტერეოტიპი თაღლითი და მკვლელი მონარქისა, რომლის სიკვდილი ძველი ურთულესი ეპოქის დასასრულის და ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა.
ამიტომაც რჩება დღემდე რიჩარდ III მსოფლიო ისტორიის დიდ გამოცანად.